უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსების საზენიტო-სარაკეტო სისტემები, საბრძოლო მასალის საცავი, დრონები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა გაანადგურეს

უკრაინის სამხედრო ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების პოზიციებს 15 დარტყმა მიაყენა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინის ავიაციამ ასევე ექვსი დარტყმა მიაყენა რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს: რუსების შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის სამი ტერიტორია, S-300-სა და Tor-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, საარტილერიო დანადგარი, მტრის საბრძოლო მასალის საცავი და სადაზვერვო დრონი.
ამასთან, გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინაზე 97 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. მათ Shahed-ის ტიპის 59 დრონი გამოიყენეს, საიდანაც 58 უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს. ასევე, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში უკრაინის ჯარების პოზიციებს და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 39-ჯერ გაუხსნეს.

























