უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა

რუსული ძალების თავდასხმის შედეგად კიევში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, დაშავებულია კიდევ 17 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინაზე წუხელ განხორციელებული დარტყმების შედეგად, საერთო ჯამში, რვა ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა.
რუსებმა ღამის განმავლობაში კიევი და ცხრა ოლქი დაბომბეს.
რაკეტებმა დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა, სამიზნეებს შორის იყო ხიდებიც. დაზიანდა წყლის გამწმენდი ნაგებობა, საოფისე და კომერციული შენობები.
ამასთან, რუსებმა ხარკოვში სასწრაფო დახმარების საავადმყოფო დაბომბეს. ოთხი ადამიანი დაშავდა. დარტყმის შედეგად დაზიანდა საავადმყოფოს კორპუსი, სადაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ტარდება.
ლვოვში, რკინიგზის სადგურის სალაროებზე დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ათი კი - დაშავდა.
რუსული ძალების დარტყმების შედეგად ხარკოვის, ლვოვისა და კიევის გარდა დაზარალდნენ ნიკოლაევის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას და სუმის ოლქები.

























