პაატა ზაქარეიშვილი - რადგან რუსულ-ქართული შეხვედრის მინსკში გამართვა რუსული მოთხოვნა იყო, უნდა ვიცოდეთ, რატომ მიიღო საქართველომ რუსული წინადადება და ეს არ უნდა დარჩეს გაუმჭვირვალე პოლიტიკის ნაწილად

პაატა ზაქარეიშვილი - რადგან რუსულ-ქართული შეხვედრის მინსკში გამართვა რუსული მოთხოვნა იყო, უნდა ვიცოდეთ, რატომ მიიღო საქართველომ რუსული წინადადება და ეს არ უნდა დარჩეს გაუმჭვირვალე პოლიტიკის ნაწილად

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონფლიქტოლოგს, პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.

- ბატონო პაატა, ვიდრე მინსკში გალუზინ - ზურაბაშვილის შეხვედრაზე საუბარს დავიწყებთ, იმთავითვე უნდა ითქვას, მიუხედავად იმისა თუ რა რთული ურთიერთობებია საქართველოსა და რუსეთს შორის, საქართველოს რუსეთის ხელისუფლებასთან საკომუნიკაციო ხაზი უნდა ჰქონდეს. ასეთი საკომუნიკაციო ხაზის როლს ასრულებდა კარასინ-აბაშიძის ფორმატი.

როგორც ამ ფორმატთან დაკავშირებით ითქვა, ამ ფორმატმა თავისი თავი ამოწურა და იგი მართლაც კარგა ხანია არ არსებობდა და საჭირო იყო ახალი ფორმატის შექმნა, მაგრამ, რაც მინსკში ვნახეთ, რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი საკომუნიკაციო ფორმატის შექმნას არ ჰგავდა და უფრო მეტსაც კი ნიშნავდა. აი რას, ამის გარკვევა გვინდა თქვენთან.

თქვენ როგორ შეაფასებდით და აღიქვით მისკში რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრა, რომელიც იმავდროულად არის პრემიერ ირაკლი კობახიძის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთოებების საკითხებში?

- მინსკში გამართულ შეხვედრას მე ვაფასებ უაყოფითად და საქართველოს ინტერესებისა და სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ გამართულ შეხვედრად.

ვითარებაში როცა საქართველოს ხელისუფლებას ევროპასთან აშკარად კონფრონტაციული დამოკიდებულება აქვს, მთავრობა უკმაყოფილებას გამოთქვამს ევროკავშირთან ურთიერთობით, ამ დროს ჩვენი ხელისუფლება მკაფიოდ და ცალსახად ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით, რაც აქამდე არ ყოფილა, ბევრი თვალსაზრისით გაუგებარია.

საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, შეგნებულად, მკაფიოდ, რიტორიკისა და განცხადებების დონეზე ამბობს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მანამდე არ მოხდება ვიდრე არ მოხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დეოკუპაცია, ამ დროს, რუსეთის მიმართულებით რეალური ნაბიჯები იდგმება.

საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, შეგნებულად, მკაფიოდ, რიტორიკისა და განცხადებების დონეზე ამბობს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მანამდე არ მოხდება ვიდრე არ მოხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დეოკუპაცია, ამ დროს, რუსეთის მიმართულებით რეალური ნაბიჯები იდგმება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, მინსკში, მაგრამ რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ ერთ მოადგილეს. ამგვარი შეხვედრის რა აუცილებლობა იყო, ჩვენ არ ვიცით. ხელისუფლება არანაირად არ ამბობს თუ რაში დასჭირდა მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების შეხვედრა, თან, მაინცადამაინც მინსკში.

ორივე წინადადება ყოველთვის რუსული იყო. რუსები წლების განმავლობაში ითხოვდნენ ჟენევის ნაცვლად რუსულ-ქართული მოლაპარაკებების მინსკში გამართვას. როცა ჩვენ ამგვარ შესაძლებლობას მუდმივად ვუარყოფდით, ეს გასაგები იყო. ახლა რა მოხდა გაუგებარია.

რადგან რუსულ-ქართული შეხვედრის მინსკში გამართვა რუსული მოთხოვნა იყო, უნდა ვიცოდეთ რატომ მიიღო საქართველომ რუსული წინადადება და ეს არ უნდა დარჩეს გაუმჭვირვალე პოლიტიკის ნაწილად.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხომ თავის ქმედებებს მუდმივად გამჭვირვალეობით ასაბუთებს. ჯერ კიდევ არ არავის აუხსნია რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს და თან მინსკში.

- გალუზინ - ზურაბაშვილის მინსკში გამართულ შეხვედრას აქვს სამართლებრივ-პოლიტიკური განზომილება.

მესმის რომ იურისტი და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი არ ბრძანდებით, მაგრამ, მომხდარი რომ პოლიტიკური მნიშვნელობისაა ცხადია.

თქვენთვის მინსკში გამართულ შეხვედრაში სამართლებრივად და პოლიტიკურად რაა გაუგებარი?

- გაუგებარია ის, ოფიციალურ თბილისს რატომ დასჭირდა რუსულ-ქართული მოლაპარაკებების ადგილის შერჩევისთვის მოსკოვის პირობების მიღება. კარასინ-აბაშიძის ფორმატის ფარგლებში შესაძლებელი იყო დაგროვილი და აუცილებელი ორ ქვეყანას შორის არსებული, შესაძლოა, არა მთავარი, მაგრამ მაინც პრობლემური საკითხების გადაჭრა.

კარიბის კრიზისის დროს აშშ-სა და სსრკ-ს დროს არ იყო კომუნიკაცია და ამის გამო შეიქმნა კრიზისი, რის გამოც ლამის ბირთვული ომი კინაღამ დაიწყო. კომუნიკაცია საჭიროა, მაგრამ როგორი, საკითხავი ეგაა. 2013 წელს იმდროინდელმა ხელისუფლებამ, ივანიშვილი იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი და რუსეთთან ურთიერთობისთვის საკმაოდ კარგი ფორმა მოიძებნა.

გაუგებარია ის, ოფიციალურ თბილისს რატომ დასჭირდა რუსულ-ქართული მოლაპარაკებების ადგილის შერჩევისთვის მოსკოვის პირობების მიღება. კარასინ-აბაშიძის ფორმატის ფარგლებში შესაძლებელი იყო დაგროვილი და აუცილებელი ორ ქვეყანას შორის არსებული, შესაძლოა, არა მთავარი, მაგრამ მაინც პრობლემური საკითხების გადაჭრა

2013 წელს შეიქმნა მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის არაფორმალური ხაზი. ახლა გაუგებარია ამ პროცესში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართვა. აქამდე ხომ რუსეთთან ურთიერთობების კონსტრუქციაში საგარეო უწყების ჩართვის აუცილებლობა არ იყო.

ახლა რა მოხდა ისეთი, ან რამ გამოიწვია ჩვენი მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა, არ ჩანს, პოლიტიკურად და სამართლებრივად აბსოლუტურად გაუგებარია. და გავს სასახლის უდაბნოში აშენებას, სადაც არავინ არ ცხოვრობს.

ხელისუფლების განცხადებების ფონზე რომ რუსეთთან ურთიერთობები მანამდე ვერ დალაგდება, ვიდრე რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას უკან არ წაიღებს, რუსულ-ქართულ მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა სამინისტროს კონსტრუქციის შემოიტანა, გარდა იმისა რომ არაფრის მომტანია, გაუგებარიცაა და საფრთხის შემცველიც.

ხელისუფლების განცხადებების ფონზე რომ რუსეთთან ურთიერთობები მანამდე ვერ დალაგდება, ვიდრე რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას უკან არ წაიღებს, რუსულ-ქართულ მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა სამინისტროს კონსტრუქციის შემოიტანა, გარდა იმისა რომ არაფრის მომტანია, გაუგებარიცაა და საფრთხის შემცველიც

ხელისუფლება წინ უნდა იყურებოდეს და ამ ნაბიჯში წინდახედულება არ ჩანს.

- ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს გზაა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად?

- მე არ ვიცი ეს რაა. არაა გამორიცხული რუსეთს სჭირდებოდა დიპლომატიური ურთიერთობების აღგენა, საქართველო ამაზე არ მიდიოდა, მაგრამ საქართველომ რუსეთს დაუკმაყოფილა საქართველოსთან ურთიერთობების დიპლომატიური აღდგენის შუალედური ფორმით აღდგენა.

ახლა რუსეთს ძალიან უჭირს, ჩინეთში გამართულმა შეხვედრამ აჩვენა რომ პეკინიც კი ცდილობს რუსეთისგან დისტანცირებას, ასეთ ფონზე, როცა რუსეთი დასავლეთს და ევროკავშირს ებრძვის სჭირდება ევროკავშირს და დანარჩენ მსოფლიოს შეატყობინოს რომ საქართველო და კავკასია რუსეთის გავლენის ქვეშაა.

მინსკში გამართული შეხვედრა და საქართველოსთან ურთიერთობების საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე აღდგენა არის რუსეთის მხრიდან სიმბოლური დემონსტრაცია იმისა რომ რუსეთს კავკასიაში ისეთივე გავლენები აქვს, როგორც სსრკ-ს დროს ჰქონდა. ამას მნიშვნელობა აქვს არა საქართველოსთვის, არამედ დასავლეთისთვის.

მინსკში გამართული შეხვედრა და საქართველოსთან ურთიერთობების საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე აღდგენა არის რუსეთის მხრიდან სიმბოლური დემონსტრაცია იმისა რომ რუსეთს კავკასიაში ისეთივე გავლენები აქვს, როგორც სსრკ-ს დროს ჰქონდა

აქ საკითხავი ისაა, ამაში საქართველო რატომ მონაწილეობს. რატომ არის ახლა საქართველო რუსული თამაშის ნაწილი. უკრაინის შემდეგ, საქართველოა ის ქვეყანა, რომელსაც რუსეთმა ყველაზე მეტი ავნო. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც თავის თავზე იწვნია რუსული აგრესიის სისასტიკე და სიმძიმე.

გაუგებარია, რატომ არის საქართველო საერთაშორისო პოლიტიკაში რუსეთის პოლიტიკის ნებაყოფილობითი მსხვერპლი. რუსეთს მსოფლიოს უნდა დაუმტკიცოს რომ მას საქართველოსთან კარგი ურთიერთობების აქვს და იგი მას ფლობს, საქართველო რატომ თამაშობს რუსულ თამაშს?

გაუგებარია, რატომ არის საქართველო საერთაშორისო პოლიტიკაში რუსეთის პოლიტიკის ნებაყოფილობითი მსხვერპლი და რატომ არის ახლა საქართველო რუსული თამაშის ნაწილი

- მინსკში გამართულ შეხვედრაზე რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია რომ მხარეები შეთახმდნენ სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობაზე. ამ სფეროებში მხარეები ისედაც თანამშრომლობენ.

აქ საინტერესო ასევე ისაა, რომ რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არაა ნათქვამი რომ გიორგი ზურაბაშვილი პრემეირის სპეწარმომადგენელია რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ყველგან წერია რომ იგი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა...

- ასეთი ურთიერთობები გვქონდა აბაშიძე-კარასინის ფორმატში, ახლა როგორც ჩანს აღდგა. რაც შეეხება კულტურულ ურთიერთობებს, საქართველოში რუსული კულტურული ცენტრები არ არსებობს და არც სჭირდება.

რუსეთს, რომელსაც უკრაინასთან აქვს ომი, ახორციელებს აგრესიას, საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებით მსოფლიოს ატყობინებს მის მიერ უკრაინასთან წარმოებული ომი არ არის იმპერიალისტური ომი.

რუსეთს, რომელსაც უკრაინასთან აქვს ომი, ახორციელებს აგრესიას, საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებით მსოფლიოს ატყობინებს მის მიერ უკრაინასთან წარმოებული ომი არ არის იმპერიალისტური ომი­

თან ეუბნება- მე საქართველოსთანაც მქონდა ომი, მაგრამ, ახლა მასთან ყველაფერი ნორმალურად მაქვს. ჩვენ რუსეთთან არანაირი ხელშეკრულება არ გვაქვს გაფორმებული. რა უნდა აღმდგარიყო, რაც არანაირი ხელშეკრულებით არ არის გაფორმებული.

რაც მინსკში ითქვა, ჯერჯერობით შეთანხმების დონეზე არ გაფორმებულა. რაც ითქვა, მხოლოდ საუბარია.

- მოდით ახლა იმაზე ვისაუბროთ, მინსკის შეხვედრას როგორ შეხედავენ და შეაფასებენ საეთაშორისო და ევროპელი პარტნიორები - გაერო, ევროკავშირი, ეუთო?

- მინსკში გამართული შეხვედრა, პირდაპირ ურტყამს ჟენევის ფორმატს.

ჟენევის ფორმატი არის რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის მოგვარების ფორმატი. ჟენევის ფორმატის არსებობა მთელ მსოფლიოს ახსენებს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის არსებობას. ჟენევა არის მოუგვარებელი კონფლიქტის მოგვარების ფორმატი და იმის შეხსენება რომ 2008 წელს იყო ომი და იგი დღემდე მოუგვარებელია.

ჟენევის ფორმატის არსებობა მთელ მსოფლიოს ახსენებს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის არსებობას. ჟენევა არის მოუგვარებელი კონფლიქტის მოგვარების ფორმატი და იმის შეხსენება რომ 2008 წელს იყო ომი და იგი დღემდე მოუგვარებელია

დღემდე არც ერთ დოკუმენტზე ხელი მოწერილი არაა. იმდენად ღრმა და მოუგვარებელია კონფლიქტები, რომ ჟენევის ფორმატის ფარგლებში არც ერთ საკითხზე მხარეები არ შეთანხმებულან. ორ წინადადებიანი განცხადებაც კი არ გაუკეთებია ამ ფორმატს მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებაზე. ანუ, ჟენევის ფორმატი ღრმა კრიზისშია.

ამის მიზეზი გახლავთ ის რომ კონფლიქტებზე საქართველოსა და რუსეთის მხარეები ვერ თანხმდებიან. თბილისი ამბობს რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები კონფლიქტის ზონებიდან, ანუ საქართველოს ტერიტორიებიდან, ხოლო რუსეთი ამბობს რომ მას კონფლიქტის ზონაში თავისი ჯარები არ ჰყავს. რაც არის აფხაზური და სამხრეთ ოსური ძალები არიან, რომელთა დამოუკიდებლობა მე ვაღიარეო.

ეს ის თემებია, რაზეც მოსკოვი და თბილისი ვერ თანხმდებიან. ამის ფონზე ტრამპი აშშ-ში ხელისუფლებაში მოდის. ხედავს რომ ჟენევაში არაფერი არ ხდება და ამცირებენ ამერიკის მონაწილეობას ჟენევაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ამერიკელები ჟენევის ფორმატში ძალიან დაბალი დონის წარმომადგენლებით არიან წარმოდგენილი. მანამდე ამ ფორმატში გაეროს წარმოადგენდა გაეროს გენ.მდივნის სპეცწარმომადგენელი. უცებ ეს თანამდებობა გაუქმდა და ამ ფორმატში მონაწილეობა დაევალა იმ ადამიანს, რომელიც გაეროში მთელი აზიის საკითხებზე, მათ შორის კავკასიის თემებზე მუშაობს. უკრაინაში ომის გამო გაეროშიც ძალიან ბევრი რამ რამაა შეცვლილი. შემცირებულია ამ ორგანიზაციაში დასაქმებულთა რაოდენობა.

ამერიკელები ჟენევის ფორმატში ძალიან დაბალი დონის წარმომადგენლებით არიან წარმოდგენილი. მანამდე ამ ფორმატში გაეროს წარმოადგენდა გაეროს გენ.მდივნის სპეცწარმომადგენელი. უცებ ეს თანამდებობა გაუქმდა და ამ ფორმატში მონაწილეობა დაევალა იმ ადამიანს, რომელიც გაეროში მთელი აზიის საკითხებზე, მათ შორის კავკასიის თემებზე მუშაობს

ადამიანები, ვინც ადრე აფხაზეთის კონფლიქტზე მუშაობდა, სამსახურიდან არიან გაშვებული. დღეს გაეროში სპეციალისტი არაა, ვინც ჩვენს კონფლიქტებზე მუშაობს.

რაც შეეხება ეუთოს. ეუთოში ყოველ წელს ირჩევენ ახალ თავმჯდომარეს, ეუთოსთვის ეს ნორმალური პროცესია. მაგრამ, ჟენევის ფორმატში მუდმივად იცვლებოდა ეუთოს წარმომადგენელი. ადამიანები ვერ ასწრებდნენ საქმეში გარკვევას და უკვე იცვლებოდნენ.

ჟენევის ფორმატში, ერთადერთი ძლიერი ძალა იყო ევროკავშირის წარმომადგენლობა, აშშ დასუსტებულია, გაერო და ეუთო დასუსტებული არიან, მაგრამ ევროკავშირი არა. მეტიც, ახლა ევროკავშირი გაძლიერებულიც კია. და ეს მაშინ, როცა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

ჩემი ღრმა რწმენით არც რუსეთს, არც საქართველოს არ სჭირდებათ ძლიერი ევროკავშირი ჟენევის ფორმატში. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მინსკში გადმოტანით სუსტდება ჟენევის ფორმატი. ეს ის შემთხვევაა, როცა უნდა გავიხსენოთ კობახიძის განცხადება, როცა მან თავის სპეცწარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი წარადგინა.

ჩემი ღრმა რწმენით არც რუსეთს, არც საქართველოს არ სჭირდებათ ძლიერი ევროკავშირი ჟენევის ფორმატში. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მინსკში გადმოტანით სუსტდება ჟენევის ფორმატი

პირველი რაც მან ამ დანიშვნის მიზანზე თქვა იყო - რუსეთთან კონფლქიტის მშვიდობიანი მოგვარება. ანუ, ჟენევის კონცეფცია გადმოტანილ იქნა მინსკში.

- მინსკში დაწყებული რუსულ-ქართული მოლაპარაკებები ნიშნავს იმას რომ ჟენევის ფორმატი დასრულებულია?

- ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით რუსეთი ჟენევის ფორმატს გუდავს და კლავს. „ქართულ ოცნებას“ ახლა არ სჭირდება რუსეთთან მებრძოლი ევროკავშირი, მათ არ სჭირდებათ რუსეთ-ქართულ ურთიერთობებში ევროპელების დამკვირვებლობა.

საქართველოს ხელისუფლების მონაწილოებით რუსეთი ჟენევის ფორმატს გუდავს და კლავს. „ქართულ ოცნებას“ ახლა არ სჭირდება რუსეთთან მებრძოლი ევროკავშირი, მათ არ სჭირდებათ რუსეთ-ქართულ ურთიერთობებში ევროპელების დამკვირვებლობა

ამიტომ, მინსკში გამართული რუსულ-ქართული მესამე მეოთხე შეხვედრის შემდეგ იტყვიან, არ გჭირდება ჟენევის ფორმატი, რადგან ამ ფორმატში უფრო ეფექტურად ხდება რუსეთ-საქართველოს შორის არსებული საკითხების გადაჭრა.

როცა ჟენევის ფორმატი გაქვს, კობახიძის განცხადება რომ თბილისი რუსეთთან არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას იწყებდა, იმთავითვე გაუგებარი იყო. თავიდან კი ითქვა, რომ ჟენევის ფორმატი შენარჩუნდებოდა, მაგრამ, როგორც ვთქვი, მინსკში გამართული 3-4 შეხვედრის შემდეგ იტყვიან რომ ჟენევის ფორმატმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები.

მინსკში გამართული რუსულ-ქართული მესამე მეოთხე შეხვედრის შემდეგ იტყვიან, არ გჭირდება ჟენევის ფორმატი, რადგან ამ ფორმატში უფრო ეფექტურად ხდება რუსეთ-საქართველოს შორის არსებული საკითხების გადაჭრა

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს რომ საქართველო აქტიურად ჩაერთო ევროკავშირის მიმართ რუსეთის მიერ დაწყებულ მოძრაობებში.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი