ქართული პრესის მიმოხილვა 19.11.2026

პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩისგან 4 ოქტომბრის მოვლენების დაგმობას ითხოვს - სადამდე მივა “ოცნებისა” და ბრიუსელის დაპირისპირება
რეექსპორტზე დამატებითი გადასახადის გამო, შესაძლოა მეზობელ ქვეყნებში გასაგზავნი მანქანები საქართველოში ჩარჩეს
უკრაინა დამატებით 40 ერთეულ F16-ს ითხოვს - “უნივერსალურობა, დასავლურ შეიარაღებასთან სრული თავსებადობა ერთადერთ პლატფორმად აქცევს”
* * *
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩისგან 4 ოქტომბრის მოვლენების დაგმობას ითხოვს - სადამდე მივა “ოცნებისა” და ბრიუსელის დაპირისპირება
“ქართულ ოცნებასა” და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში დაძაბულობა თანდათან მწვავდება, მხარეები ურთიერთკრიტიკას არ წყვეტენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ბრიუსელისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს კვლავ აკეთებენ. ამჯერად სამიზნე ევროკავშირის ელჩია, რომლის პოზიციასაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაშვილი საჯაროდ აკრიტიკებს. პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩისგან 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის დაგმობას მოითხოვს და აცხადებს, რომ სანამ ელჩი ამას პირადად არ გააკეთებს, მას თავდასხმის მხარდამჭერად და მონაწილეთა დამცველად მიიჩნევს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ელჩის დუმილი მომავალში ძალადობის წახალისებას ნიშნავს და ამ საკითხზე მის პირად პასუხისმგებლობასაც აყენებს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ “ ოცნება” ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობის გადატანას ბრიუსელზე ცდილობს და ამით საკუთარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაურბის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩისგან 4 ოქტომბრის მოვლენების დაგმობას ითხოვს - სადამდე მივა “ოცნებისა” და ბრიუსელის დაპირისპირება.
“ესაა აქეთ დაბრალება, რომ თითქოს თვითონ ევროკავშირმა გააუარესა და გაართულა ურთიერთობა საქართველოსთან, თორემ “ოცნების” ხელისუფლება არაფერ შუაშია. ბუნებრივია, “ოცნება” არასდროს არ აღიარებს, რომ თვითონ არ გმობს ძალადობას, როდესაც 300-ზე მეტი ადამიანი დასისხლიანებული იყო, როდესაც, მაგალითად, სადარბაზოებთან ხვდებოდნენ ადამიანებს, პოლიტიკურ ოპონენტებს, ან ურეკავდნენ და ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ მათი შვილი ან ოჯახის სხვა წევრი დემონსტრაციაზე არ გასულიყო. როდესაც, მაგალითად იგივე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებზე, როცა მათ უწოდებენ უსამშობლოებს და ფულზე გაყიდულებს. ევროკავშირის ელჩისგან არავითარ საპასუხო ნაბიჯს არ ელოდებიან, უბრალოდ ეს არის საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მაგას არ ელოდებიან, რომ დაგმობს, უბრალოდ და აქეთ თვითონ რომ დააყენონ პრეტენზია, რომ ვთქვათ მოძალადე ჩვენ კი არ ვართ, არამედ ევროკავშირი არის მოძალადე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“როგორც ჩანს. ასეთი მწვავე ურთიერთობა დიდი ხანი იქნება - ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს, მაგალითად, დემოკრატიული არჩევნები რომ ჩაატაროს, ბუნებრივია გამარჯვება გაუჭირდება. ხელისუფლების მიზანი არა საქართველოს ინტერესი, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაა. არაფერი არაა გამორიცხული, შეიძლება ურთიერთობა იმ დონემდე გამწვავდეს, რომ ევროკავშირმა ელჩი საერთოდაც გაიწვიოს ამის შესაძლებლობა არსებობს და შეიძლება აქამდეც მივიდეს საქმე”, - ამბობს ჩიტაძე. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აცხადებს, რომ ევროკავშირის ელჩმა 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა უნდა დაგმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თანასწორი პარტნიორობის პრინციპის დარღვევა და ორმაგი სტანდარტი იქნება. მისი თქმით, საქართველო საკუთარ სუვერენიტეტს არავის დაუთმობს და ბრიუსელის მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას არ შეეგუება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ეს არ არის კონკრეტულ დანაშაულზე რეაგირება ევროკავშირის მხრიდან. ეს ფუნდამენტური საკითხია, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე, მის ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუტზე, სიმბოლოზე თავდასხმას. ასეთი რამ რომ მომხდარიყო პარიზში, პრაღაში თუ მადრიდში, ვიცით, როგორი მყისიერი რეაქცია ექნებოდათ. ზოგადი ფრაზებით საუბარი, რომ ძალადობას გმობენ, ისეთივე შეურაცხმყოფელია, როგორც ზოგადად მოსაწვევის გამოგზავნა ბრიუსელის ამასწინანდელ მინისტერიალზე ელჩის მონაწილეობით. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლები ხაზგასმით ამბობენ, რომ როდესაც საუბარია თანასწორ პარტნიორობაზე, პარტნიორ ქვეყანაში მომხდარი ამგვარი უმძიმესი დანაშაული უნდა დაიგმოს და გამორიცხულია ყოველგვარი ორმაგი სტანდარტი და ზოგადი განცხადებები”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“შესაბამისად, ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მოხდება ფაქტის აღიარება. ამას უნდა შეეჩვიონ თავად ევროკავშირში და იმასაც უნდა შეეჩვიონ, რომ შუა დერეფანში საქართველოს უკავია საკვანძო როლი და მისი რაღაც ელექტრონული რუკებიდან ამოღება, თითქოს შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყანა არ არის და მსგავსი ბავშვური თამაშები მიუღებელია. თანაც რა კონტექსტში ხდება ეს: მაშინ, როდესაც ევროკავშირის საგარეო სამსახური და მისი ხელმძღვანელი, კაია კალასი, საკმაოდ დამცირებულნი არიან საერთაშორისო ასპარეზზე - მანამდე უკრაინის მოლაპარაკებიდან მისი გამორიცხვით და ახლა უკვე ახლო აღმოსავლეთში კრიზისის მოგვარების პროცესიდან. რა ბავშვური თამაშია ეს, რომ დიდთან არ გაუვა და პატარასთან გაუვა? მაგრამ, ეს პატარა, სუვერენული, ამაყი, თვითმყოფადი საქართველო არავის დაუთმობს, რომ აქ ძველი ნეოკომუნისტური დირექტივებით გველაპარაკონ”, - დაასკვნის აბაშიძე.
რეექსპორტზე დამატებითი გადასახადის გამო შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებში გასაგზავნი მანქანები საქართველოში ჩარჩეს
“საქართველოს ავტოიმპორტიორებისთვის ბიზნესგარემო კიდევ უფრო რთულდება. 16 ნოემბრიდან რეექსპორტის ღირებულება გაიზარდა. დაწესებულმა ახალმა გადასახადმა კომპანიებს მთლიანი ხარჯი თითქმის ორჯერ გაუზარდა. შედეგად, იმპორტიორები უკმაყოფილებას არ მალავენ და ამბობენ, რომ ბაზარზე უკვე პრობლემა გაჩნდა. გადატვირთული ტერმინალები და რეალიზაციის მკვეთრი ვარდნა აჩენს რისკს, რომ თუკი მიმდინარე ტენდენცია შენარჩუნდება, შესაძლოა, ბაზრის გადაჯერდეს და ფასის მორიგი ვარდნაც დაიწყოს. 16 ნოემბრიდან ავტოიმპორტიორებს ყოველ რეექსპორტირებულ ავტომობილზე დამატებით 450 ლარის გადახდა მოუწევთ. აქამდე რეექსპორტის პროცედურისთვის თანხა, დაახლოებით 600 ლარი, მხოლოდ მომსახურების სააგენტოში ირიცხებოდა, ახალი დადგენილებით კი ამ ხარჯს შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურიც ემატება. კომპანია “ქარლოუდის” დამფუძნებელი ლევან ლუხავა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და არსებული ვითარება უარყოფითად შეაფასა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ავტომობილების ბაზარი გადაჯერებისა და ფასის ვარდნის საფრთხის წინაშეა / რეექსპორტზე დაწესებული დამატებითი გადასახადის გამო, შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებში გასაგზავნი მანქანები საქართველოში ჩარჩეს.
“არავინ იცოდა, რომ აპირებდნენ გადასახადის კიდევ ერთხელ გაზრდას. რვა თუ ცხრა თვის წინ ფინანსთა სამინისტრომ გაძვირებასთან დაკავშირებით უკვე მიიღო გადაწყვეტილება. ისედაც გაიზარდა რეექსპორტის გადასახადი და 16 ნოემბრიდან უკვე გაგვიორმაგეს”, - განაცხადა ლუხავამ. მისი ინფორმაციით, აპრილის რეგულაციების შემდეგ (როდესაც განბაჟების ტარიფი გაიზარდა) ავტომობილებზე მოთხოვნა და რეალიზაცია, საშუალოდ, 50-60%-ით შემცირდა, ზოგიერთ თვეში კი ვარდნა 80%-საც აღწევს. შედეგად, ავტობაზრობები და ტერმინალები გაჩერებული მანქანებითაა სავსე, დილერებს კი დგომის საფასურის გადახდა უჭირთ. “რეალიზაცია ნულია, მანქანები ტერმინალზე დგას, დილერები კი დგომის საფასურს ვეღარ იხდიან... საქართველოში ამ ბიზნესის წარმოება უკვე მომგებიანი აღარ არის”, - განაცხადა ლუხავამ. არსებული გამოწვევებისა და არასწორი ნაბიჯების ფონზე, ნათლად გამოიკვეთა, რომ დარგში რეალური განუკითხაობაა, რაც, პირველ რიგში, მოქალაქეების ინტერესებზე აზარალებს. როგორც კომპანია “რობანი მოტორსის” დამფუძნებელმა ელგუჯა ჯამაგიძემ აღნიშნა, რეექსპორტი მკაცრ საერთაშორისო კონკურენციაზეა დამყარებული - თუ ქართული მხარე უცხოელ მყიდველებს კონკურენტულ ფასს ვერ შესთავაზებს, ისინი სხვა ბაზრებზე გადაერთვებიან და ქართველი დილერები ერთიან ჯაჭვიდან სრულად ამოვარდებიან”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მსუბუქი ავტომობილების ბიზნესში მთავარი მოგება სწორედ შესყიდვის ეტაპზე იწყება, თუ ეს უპირატესობაც დაიკარგა, პრობლემა გარდაუვალია. მიმდინარე მოვლენები საბოლოოდ ბალანსის დარღვევას - მოთხოვნის შემცირებას და მიწოდების ზრდას გამოიწვევს, რაც ფასწარმოქმნაზეც იმოქმედებს. სექტორების მიხედვით ვითარება განსხვავებული იქნება. კერძოდ, ჩინური ავტომობილების მიმართულება შიდა კონკურენციისა და ზოგადი ტენდენციების ფონზე შესაძლოა, შედარებით გაიაფდეს, ხოლო მაღალბიუჯეტური ავტომობილები, პირიქით, შეიძლება მკვეთრად გაძვირდეს. ცხადია, ყველაფერს სწორი გათვლა სჭირდება. როცა ბიზნესი ასეთ მასშტაბურ ზარალს განიცდის, მერე უკვე ძალების აღდგენა ძალიან გაჭირდება”, - მიიჩნევს ელგუჯა ჯამაგიძე. შემოსავლების სამსახურის ახალ გადაწყვეტილებას და გაზრდილ ხარჯებს სექტორის სხვა წარმომადგენლებიც კრიტიკულად აფასებენ. “საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ლაშა დარბაისელი მიიჩნევს, რომ რეექსპორტის გაფორმებაზე დაწესებული 450-ლარიანი მოსაკრებელი ისედაც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი დარგისთვის დამატებითი წნეხია”, - განაგრძობს გამოცემა.
“რეალურად, პროცედურის ღირებულება თითქმის გაორმაგდა, რეექსპორტზე გასაყვანი ავტომობილების დიდი ნაწილი ქვეყანაში დარჩება, შიდა ბაზარი გაჯერდება და შესაძლოა, ამ პროცესს ადგილობრივ ბაზარზე ფასების ვარდნაც მოჰყვეს. მსგავსი გაუმართლებელი და დაუგეგმავი რეგულაციები საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობას სრულად უკარგავს. თუ სახელმწიფომ დროულად არ გადახედა ამ ტარიფებს, პროცესები ისეთი მიმართულებით წავა, რომ საბოლოოდ ავტობიზნესს საერთოდ დავკარგავთ”, - თვლის ლაშა დარბაისელი. საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი იკლებს. 2026 წლის 9 თვეში უცხოეთში სულ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების 63,141 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 475 მილიონი დოლარით, ანუ 24%-ით არის შემცირებული. ავტომობილების განბაჟების გაძვირებიდან, ანუ 2026 წლის 1-ლი აპრილიდან მოყოლებული ავტოინდუსტრიის ჯამურმა დანაკარგმა, იმპორტისა და ექსპორტის კლების გათვალისწინებით, თითქმის 1 მილიარდ დოლარს მიაღწია”, - დასძენს გამოცემა.
უკრაინა დამატებით 40 ერთეულ F16-ს ითხოვს - “უნივერსალურობა, დასავლურ შეიარაღებასთან სრული თავსებადობა ერთადერთ პლატფორმად აქცევს”
“უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვისა და საბრძოლო ავიაციის მოდერნიზაციის პროცესში ამერიკული წარმოების მეოთხე თაობის მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებელი F-16 კვლავ მთავარ სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება. 2026 წლის 17 ნოემბერს, ბრიუსელში გამართულ თავდაცვის საკითხებში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის (“რამშტაინის”) შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს დამატებით 40 ერთეული F-16-ის გადაცემის საჭიროებაზე განუცხადა. ამ გამანადგურებლების საბრძოლო ეფექტურობას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. მწარმოებელი კორპორაციის დოკუმენტის მიხედვით, უკრაინულმა F-16-ებმა ჯამში დაახლოებით 4 700 შემტევი დრონი გაანადგურეს, საიდანაც 1 100 ერთეული მხოლოდ 2026 წლის ოქტომბერში ჩამოაგდეს. აღნიშნულმა მოთხოვნამ კიდევ ერთხელ წამოსწია წინა პლანზე საკითხი, რატომ კეთდება ძირითადი აქცენტი სწორედ ამ პლატფორმაზე და რა ობიექტური სამხედრო-ტექნიკური ფაქტორები განაპირობებს მის შეუცვლელობას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით უკრაინა დამატებით ითხოვს F16-ის გადაცემას - “ბევრი ტექნიკური მომსახურება სჭირდება, ხმელეთზე უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე ჰაერში”.
“ტექნიკური მომსახურების ფაქტორი და ფლოტის როტაცია სამხედრო ანალიტიკოსებისა და დასავლური გამოცემების შეფასებით, პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ უკრაინისთვის ევროპელი მოკავშირეების მიერ გადაცემული F-16 მოდიფიკაციები უკვე მრავალი წლის განმავლობაში იყო ექსპლუატაციაში. როგორც Defence24 იტყობინება, ეს თვითმფრინავები ინტენსიურად გამოიყენება და შემოწმება უნდა ჩატარდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ბელგიაში. ეს ნიშნავს თვითმფრინავების დროებით ამოღებას საბრძოლო ოპერაციებიდან. ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, რამდენი თვითმფრინავი გადის ამჟამად რემონტს და როგორია უკრაინის F-16-ების ფლოტის ოპერატიული მზადყოფნის მაჩვენებელი, თუმცა, მისი განცხადება სწორედ ამაზე მეტყველებს - იმისათვის, რომ ჰაერში მუდმივად იყოს საკმარისი რაოდენობის ბორტი, აუცილებელია რეზერვის გაზრდა. უნივერსალურობა და დასავლურ შეიარაღებასთან სრული თავსებადობა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და საჰაერო ძალების ოფიციალური შეფასებებით, F-16 არის უნივერსალური პლატფორმა, რომელიც ერთდროულად აერთიანებს უკრაინის შეიარაღებაში არსებული ყველა ძირითადი საბჭოთა თვითმფრინავის ფუნქციებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჯერ კიდევ 2023 წელს, უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მაშინდელმა სპიკერმა იური იგნატმა F-16-ის უპირატესობებზე ისაუბრა. “უკრაინის არსებულ არსენალში ოთხი ძირითადი ტიპის საფრენი აპარატია: Su-24, Su- 25, Mig-29 და Su-27. ამ ყველა ტიპის საფრენი აპარატის ჩანაცვლება შესაძლებელია ერთი მრავალფუნქციური თვითმფრინავით - F-16-ით”, - განაცხადა იგნატმა. ამასთან, F-16-ს სრულფასოვნად შეუძლია გამოიყენოს ნატოს სტანდარტის მაღალი სიზუსტის მართვადი ბომბები, ანტისარადარო რაკეტები და ხომალდსაწინააღმდეგო სისტემები. გლობალური ხელმისაწვდომობა და ლოგისტიკური ჯაჭვი საბჭოთა წარმოების თვითმფრინავებისა და მათი სათადარიგო ნაწილების მარაგი მსოფლიოში პრაქტიკულად ამოწურულია, რუსეთისგან მათი შეძენა კი შეუძლებელია. ამ ფონზე, F-16 მსოფლიოში ყველაზე მასობრივი მეოთხე თაობის გამანადგურებელია”, - განაგრძობს გამოცემა.
“ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპანიის ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად ექსპლუატაციაში მყოფი თვითმფრინავების რაოდენობა დაახლოებით 2 800 ერთეულია და ოპერირებს 29 ქვეყანაში. გარდა ამისა, ნატოსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის (პენტაგონის) ოფიციალური მონაცემებით, ევროპული ქვეყნები: ნიდერლანდები, დანია, ბელგია და ნორვეგია - საკუთარ საჰაერო ფლოტს მეხუთე თაობის F-35 გამანადგურებლებით ანაცვლებენ, რაც ათავისუფლებს F-16-ების დიდ რესურსს, სათადარიგო ნაწილებსა და საბრძოლო მასალას. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მუშაობს სხვა ევროპული გამანადგურებლების, შვედური Gripen-ისა და ფრანგული Rafale-ს მიღებაზეც, მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია დიდ დროს მოითხოვს. როგორც ზელენსკიმ ბრიუსელში აღნიშნა, Rafale-ს ათვისებას ხანგრძლივი წვრთნა და ინფრასტრუქტურული მომზადება სჭირდება”, - დასძენს გამოცემა.
“ამ ეტაპზე სწრაფ ოპერატიულ ალტერნატივად განიხილება მხოლოდ ფრანგული Mirage, რომლის “გამოყენება ახლავეა შესაძლებელი” და უკვე ათვისებული F-16, რომლის პილოტებისა და ტექნიკური პერსონალის მომზადების სისტემა 2023-2024 წლებიდან უკვე გამართულად მუშაობს. როგორც იკვეთება, F-16-ზე გაკეთებული მთავარი აქცენტი არ არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს პრაგმატული სამხედრო გათვლაა. უნივერსალურობა, დასავლურ შეიარაღებასთან სრული თავსებადობა, გლობალური ლოგისტიკური ქსელი და უკვე არსებული საბრძოლო გამოცდილება F-16-ს ერთადერთ პლატფორმად აქცევს, რომელსაც უმოკლეს ვადაში შეუძლია უკრაინის მოძველებული საბჭოთა ავიაციის სრულფასოვანი ჩანაცვლება და ქვეყნის ცის საიმედოდ დაცვა”, - წერს სტატიის ავტორი.
























