ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელის“ განცხადებით, უკრაინელი სამხედროები „სასტიკად ბომბავენ რესპუბლიკის ქალაქებს“

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელის“, დენის პუშილინის განცხადებით, რეგიონში დღეს განხორციელებული უკრაინული თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.
მისი თქმით, დილიდან მოყოლებული უკრაინელი სამხედროები „სასტიკად ბომბავენ რესპუბლიკის ქალაქებს“.
„სამწუხაროდ, უკვე არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში - დონეცკის პეტროვსკის რაიონში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა“, - აღნიშნა პუშილინმა.
როგორც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელმა“ განაცხადა, უკრაინულმა მხარემ სარაკეტო არტილერია გამოიყენა ქალაქ იასინუვატაში. მისივე თქმით, ამ დროისთვის ინფორმაციას ფლობს ხუთ გარდაცვლილ მშვიდობიან პირზე.
„დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, მათ ყველა საჭირო დახმარება უტარდებათ“, - განაცხადა პუშილინმა.
ამასთან, როგორც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელმა“ აღნიშნა, დაბომბვის შედეგად ხუთი საცხოვრებელი კორპუსი და რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა.

























