ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2026

ვახტანგ ძაბირაძე - “სასამართლო გავა გადაწყვეტილების მისაღებად, ოღონდ როდის გამოცხადდება ის, ამას დაარეგულირებენ...”
რა მოყვება მდინარაძისთვის დაცვის მოხსნას
ვახტანგ კაპანაძე - “ყირიმის ხიდის აფეთქება პირდაპირ სახეში გალაწუნება იყო პუტინისთვის”
* * *
ვახტანგ ძაბირაძე - “სასამართლო გავა გადაწყვეტილების მისაღებად, ოღონდ როდის გამოცხადდება ის, ამას დაარეგულირებენ...”
“უპირველესად, ნება მომეცით, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს... უნდა გაირკვეს, რატომ ვერ მუშაობს სტრუქტურა ისე, როგორც უნდა მუშაობდეს... უნდა ჩატარდეს რეალური გამოძიება და დადგინდეს, რა მოხდა და ვინ არის დამნაშავე... ფაქტი ერთია, “თბილისი ენერჯი”, ჩანს, სათანადოდ ვერ მუშაობს ასეთი უბედური შემთხვევების მინიმუმამდე დასაყვანად. შეიძლება შემთხვევების სრული აღკვეთა ვერ მოხერხდეს, მაგრამ მინიმუმზე ხომ უნდა დავიყვანოთ? აგერ უკვე ქუთაისში აფეთქდა ბინა. რაც შეეხება შემოწმებებს, მნიშვნელოვანი მგონია მოქალაქეების პასუხისმგებლობაც. ჩემი აზრით, ასეთ დროს, განსაკუთრებით სეზონის დადგომის წინ, უნდა დაიწყოს ძალიან ინტენსიური საინფორმაციო კამპანია - პიარი და პროპაგანდა იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ, როგორ ჩაერთოს უსაფრთხოებაში”, - აცხადებს ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “მაქვს წინადადება: მერიამ შეიძინოს დეტექტორები, დაუმონტაჟოს მოსახლეობას და...“
“რამდენადაც ვიცი, არსებობს ცხელი ხაზი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და დაუყოვნებლივ გამოიძახოთ სპეციალისტები უფასოდ. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ, როგორც ჩანს, საკმარისი მაინც არ არის. ამიტომ უნდა მოხდეს ყველა ცალკეული შემთხვევის აღრიცხვა, რათა საერთო სურათი სრულიად ნათელი გახდეს. ლაპარაკია სპეციალურ დეტექტორებზეც, რომლებიც გაზის გაჟონვას აღრიცხავენ და აკონტროლებენ. მაქვს წინადადება - როგორც გამრიცხველიანების დროს იყო, როდესაც აყენებდნენ გაზის მრიცხველებს და მერე მოქალაქეები ნელ-ნელა ფარავდნენ მის ღირებულებას, იქნებ ახლაც შეისყიდოს დეტექტორები მერიამ, დამონტაჟდეს ყველგან, ხოლო მისი ღირებულება გადანაწილდეს მოსახლეობის შემდგომ გადასახადებზე 1-2 წლის განმავლობაში. მოკლედ, სხვადასხვა პრობლემაა და ისინი ერთხელ და სამუდამოდ კომპლექსურად უნდა დამუშავდეს და უზრუნველყოს უსაფრთხოება. სხვაგვარად ასეთ ტრაგედიებს თავიდან ვერ ავიცილებთ. სპეციალისტები, ალბათ, უფრო მეტს იტყვიან, მერიამ უნდა დაინახოს თავისი როლი - თუ ფინანსების გამოყოფაა საჭირო, უნდა გამოყოს, თანაც ეს უნდა მოხდეს არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში, რათა რეალური შედეგი მივიღოთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტაბგ ძაბირაძე.
“რაც შეეხება მინსკში გამართულ შეხვედრას, მინსკის შეხვედრები მოლაპარაკებების შუალედური ვარიანტია. გარკვეული დროის შემდეგ, თუ “ქართულმა ოცნებამ” თავისი საგარეო პოლიტიკა არ შეცვალა, მინსკიდან პირდაპირ მოსკოვში გადავინაცვლებთ. ახლა, უბრალოდ, შუალედური ლოკაცია აირჩიეს, რომ ამას ძალიან მწარე და მძაფრი რეაქცია არ მოჰყოლოდა ქართველ საზოგადოებაში. “ოცნების” საგარეო ვექტორი დასავლეთიდან ნელ-ნელა იხრება ჩრდილოეთისკენ და ეს შეხვედრაც ამის შედეგია. რუსეთისთვის ეს ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია - უპირველეს ყოვლისა, პროპაგანდისტული თვალსაზრისით. მათ სჭირდებათ იმის დემონსტრირება, რომ საქართველოსთან ურთიერთობა უმჯობესდება. მინსკში შეხვედრა სწორედ ამას ემსახურება”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“გახსოვთ, ალბათ, ზელენსკისთან მოლაპარაკებებზე ან პრეზიდენტების შეხვედრაზე როცა დგება საკითხი, კრემლი მუდმივად ამბობს, კი ბატონო, ჩამოვიდეს მოსკოვშიო - ანუ შენ უნდა ჩახვიდე ურდოში! ამას აქვს არა უბრალოდ გეოგრაფიული, არამედ მკაფიო პოლიტიკური დატვირთვა - ვასალი უნდა ჩავიდეს უზენაეს მბრძანებელთან. აი, ეს არის მთავარი და რუსული პროპაგანდა სწორედ ამას უსვამს ხაზს. საქართველოში ცდილობენ ეს ასე არ წარმოაჩინონ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ჩვენ ნელ-ნელა და თანდათანობით ვხდებით რუსეთის ხელისუფლების დამყოლები. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ასეთი შეხვედრები ძალზე სახიფათოა. მეორე მომენტია ის, რომ ამის პარალელურად ჟენევის ფორმატი ნელ-ნელა დაკარგავს ძალას. ჟენევის ფორმატი რუსეთს ნამდვილად არ აწყობდა და ახლა მით უფრო არ აწყობს, თუნდაც იმიტომ, რომ იქ საქართველოს გარდა მონაწილეობენ ჩვენი მეგობარი ევროპული ქვეყნები, რომელთაც რუსეთის მიმართ გაცილებით კრიტიკული პოზიცია აქვთ, ვიდრე იმ პერიოდში, როდესაც ეს ფორმატი შეიქმნა”, - მიიჩნევს ეექსპერტი.
“ბუნებრივია, თუ დღეს ლაპარაკია ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ თემებზე, ეს თანდათან გადავა პოლიტიკურ საკითხებზე. ჯერ ერთი, ეს “ეკონომიკური თემები” რას ნიშნავს? ხომ არ მიდის ლაპარაკი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე ან როკის გვირაბის ფუნქციონირებაზე? მოკლედ, ბევრი ისეთი საკითხია, რომელთაც საბოლოოდ მივყავართ ჩვენი ორი რეგიონის აღიარებამდე, შეიძლება ფორმალურად არა, მაგრამ არაფორმალურად ეს აღიარება იქნება... ამიტომ არის სახიფათო, რომ ასეთმა საგარეო პოლიტიკამ საბოლოოდ იურიდიულადაც და ფაქტობრივადაც მოსკოვის გავლენაში არ მოგვაქციოს. გულწრფელად გითხრათ, მე ჩვენი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის არ მჯერა და არც შეიძლება მჯეროდეს. ამიტომ მხოლოდ იმას ვფიქრობ, ჩვენთვის რამდენად ცუდი შეთანხმებები შეიძლება მიეღოთ. მოკლედ, კარგს არაფერს ველოდები”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“რუსეთთან მოლაპარაკება ჩვენთვის სასურველ შედეგს არც არასდროს იძლეოდა და არც ახლა მოგვცემს. როდესაც ეკონომიკურ საკითხებზეა ლაპარაკი, სახიფათო სწორედ ის ორი მიმართულებაა, რაც რუსეთს ძალიან აინტერესებს: აფხაზეთის გავლით რკინიგზის მიმოსვლის აღდგენა, რაზეც “ოცნებაც” დიდი ხანია ლაპარაკობს, და თუ ეს მოხდა, მოხდება რუსული სცენარით და არა ჩვენით - ანუ საბაჟო საგუშაგოები დაიდგმება ენგურზეც და ფსოუზეც, რაც, ფაქტობრივად, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს. აი, ეს იქნება ყველაზე მძიმე და რთული მომენტი. სწორედ ამიტომ არ ლაპარაკობენ მიღწეულ კონკრეტულ შეთანხმებებზე - იციან, რომ ამას ქართველი საზოგადოების ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვება. ამიტომ აქვთ არჩეული ასეთი ტაქტიკა: ინფორმაცია ნელ-ნელა გამოჟონავს, ნაწილ-ნაწილ, რათა საზოგადოებაში ერთბაშად არ გამოიწვიონ აფეთქება”, - ამბობს რესპონდენტი.
“თუ კონფედერაციის შექმნაზე წავალთ, შემოთავაზება მხოლოდ კონფედერაციით არ დასრულდება. ამ მოდელში ჩადებული იქნება კონფედერაციიდან თავისუფალი გასვლის უფლებაც! ასე რომ, ნებისმიერ მომენტში ამ რეგიონებს შეეძლებათ კონფედერაციის დატოვება და რუსეთთან მიერთება. რუსეთის საბოლოო მიზანიც სწორედ ეგ არის - ეს ორი რეგიონი შევიდეს უშუალოდ რუსეთის შემადგენლობაში. სულ ტყუილია ლაპარაკი იმაზე, რომ მათ რაიმე პრივილეგიები ექნებათ. როგორც ახლა დონეცკი და უკრაინის სხვა ოკუპირებული ტერიტორიები გამოაცხადეს რუსეთის ოლქებად, ზუსტად ისევე გამოცხადდება აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის ტერიტორიებად. რუსეთი ამ ტერიტორიებს საბოლოოდ მიიერთებს და ტრადიციულ რუსულ მიწებად გამოაცხადებს”, - ამბობს ექსპერტი.
“როდესაც ხუთ პოლიტიკურ ორგანიზაციას ერთად ასამართლებენ ერთი და იმავე სარჩელით, რა სამართლებრივ პროცესზე შეიძლება ლაპარაკი? რაც შეეხება იმას, როგორ შეიძლება გაგრძელდეს და დასრულდეს ეს პროცესი, ვფიქრობ, “ქართული ოცნება” ამ პროცესს მიიყვანს იქამდე, რომ სასამართლო გავა გადაწყვეტილების მისაღებად, ოღონდ როდის გამოცხადდება ის, ამას დაარეგულირებენ - ეს დამოკიდებული იქნება არა მარტო ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, არამედ უპირველეს ყოვლისა, რუსეთ-უკრაინის ომსა და იმაზე, თუ როგორ განვითარდება იქ მოვლენები. მომავალი წელი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუ რუსეთი მომავალ წელს ვერ მოახერხებს დონეცკის ტერიტორიის სრულად აღებას, 2028 წლისთვის ტრამპის ისედაც შემცირებული გავლენა კიდევ უფრო შემცირდება და რუსეთი დაკარგავს მოკავშირეს აშშ-ის ადმინისტრაციის სახით. ამიტომ რუსეთისთვისაც და “ოცნებისთვისაც” მომავალი წელი გადამწყვეტია. “ოცნება” სწორედ ამას ელოდება. ამ ეტაპზე არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ერთი პარტია (და მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, “ნაციონალური მოძრაობა”) აკრძალონ, ხოლო დანარჩენებზე ჯერ არაფერი თქვან”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.
რა მოყვება მდინარაძისთვის დაცვის მოხსნას
“პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 20 ნოემბრის განკარგულებით, ყოფილ ვიცე-პრემიერსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის განკარგულება, რომლითაც მდინარაძეს დაცვა დაენიშნა. შესაბამისად, სპეცსამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა სახელმწიფო დაცვის სერვისით სულ რაღაც 73 დღის განმავლობაში, 8 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე ისარგებლა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი მომხდარს მმართველ გუნდში მიმდინარე შიდა პროცესებსა და შესაძლო სამართლებრივ დევნას უკავშირებს. “ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას შეფასებით, გასული 73 დღის განმავლობაში მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა რეალურად უთვალთვალებდა და იგი “შიდა პატიმრობაში” იმყოფებოდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ზეწოლის გაგრძელება ადამიანზე, რომელმაც ბევრი რამ იცის, შეიძლება სახიფათო იყოს”, - რა მოყვება მდინარაძისთვის დაცვის მოხსნას.
“ფარულავას მტკიცებით, აღნიშნულ პროცესებში ბიძინა ივანიშვილი ჩაერია და მდინარაძის გარემოცვის საკადრო წმენდაც უკვე დასრულებულია. ოპოზიციონერი ლიდერი არ გამორიცხავს, რომ მოვლენების ამგვარი განვითარების ფონზე, მამუკა მდინარაძე რუსთავის ციხეში ლილუაშვილისა და ღარიბაშვილის გვერდით აღმოჩნდეს. “პოლიტიკური პარადოქსია - კაცი, რომელიც საკუთარ გუნდში კორუფციას ებრძოდა, შესაძლოა თავად გახდეს იმ სისტემის პატიმარი, რომელშიც კორუფცია არა გამონაკლისი, არამედ მართვის წესია. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ ივანიშვილის სისტემაში ერთგულება დროებითია, ძალაუფლება კი პირობითი, ხოლო პოლიტიკური კარიერა მთავრდება მაშინ, როცა პატრონი ასე გადაწყვეტს”, - აცხადებს ლაშა ფარულავა. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ოპოზიციის ვარაუდს მამუკა მდინარაძის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევს. მისი შეფასებით, სახელმწიფო დაცვის მოხსნა არ წარმოადგენს ისეთ იშვიათ მოვლენას, რომ მხოლოდ ამ ფაქტზე დაყრდნობით ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრება ვივარაუდოთ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მეორე საკითხია, გაგრძელდება თუ არა მდინარაძის მიმართ ზეწოლა. ვგულისხმობ იმას, რომ თანამდებობა დაკარგა და ასე შემდეგ. შემთხვევით არ მომხდარა, ალბათ, ეს ცვლილებები მის კარიერაში. მაგრამ თუ გაგრძელდება, შეიძლება პირიქით, უფრო სახიფათო იყოს ზეწოლის გაგრძელება ადამიანზე, რომელმაც ბევრი რამ იცის. დავუშვათ დააპატიმრეს. რას იძლევა დაპატიმრება იმის ფასისას, რაც შეუძლია მდინარაძემ თქვას, თუ გაბრაზდა?” საყვარელიძის შეფასებით, დაპატიმრება არ წარმოადგენს ისეთ ბერკეტს, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების გაჩუმებას უზრუნველყოფს. ანალიტიკოსი ირაკლი ღარიბაშვილის მაგალითზე მიუთითებს, რომ უფრო მაღალი თანამდებობისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ მეტი ვალდებულების მქონე პირებიც კი იწყებენ ისეთ საკითხებზე საუბარს, რაც სირთულეებს უქმნის მმართველ გუნდს. მისივე შეფასებით, ქართულ რეალობაში პოლიტიკა ხშირად თავდაცვის მექანიზმად გამოიყენება”, - განაგრძობს გამოცემა.
“ვნახეთ, “ლელოს” ხელმძღვანელობა პოლიტიკაში გადავიდა, როგორც კი დაცვის საჭიროება იგრძნო. ანუ პოლიტიკა დაცვის საშუალებაც არის. ასე რომ, თუ ძალიან შეუტევენ ადამიანს, დიდი შანსია, რომ ის პოლიტიკისკენ წავიდეს თავისი იმ ინფორმაციით, რომელიც შეიძლება პოლიტიკური ტრიბუნიდან უფრო მწვავე, უფრო ტოქსიკური აღმოჩნდეს ბევრი ადამიანისთვის”, - დაასკვნის საყვარელიძე. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის თქმით, მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნა სამართლებრივ პროცედურებს უკავშირდება და მასში პოლიტიკური ქვეტექსტის ძიება უსაფუძვლოა. მისივე თქმით, პროცესების შემდგომი განვითარება სრულად იმაზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა გამოძიება იმ საქმეზე, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს და ხელს მამუკა მდინარაძისკენ იშვერს”, - დასძენს გამოცემა.
“ჩანს, რადგან ის კერძო სექტორში გადავიდა და ფაქტობრივად სახელმწიფო სტრუქტურებთან არანაირი კავშირი არ აქვს, გადაწყვიტეს მისთვის დაცვის მოხსნა. იქ ბრძანებაში ხომ არის მითითებული ის კონკრეტული მუხლი, რის საფუძველზეც მოეხსნა მას ეს დაცვა. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი მოხდა კანონის დაცვით. ვფიქრობ, დაცვის მოხსნა არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც მისი დაკავების წინაპირობა. მდინარაძის დაკავება-არდაკავება დამოკიდებულია იმაზე, იკვეთება ან იკვეთებოდა თუ არა მის ქმედებებში დანაშაულის შემადგენელი ნაწილი. ამის საფუძველზე უნდა მოხდეს ნებისმიერი პირის დაკავება, მდინარაძე იქნება თუ ვიღაც სხვა. დინამიკაში რომ დავაკვირდეთ სიტუაციას, ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, რა მონაცემები დაგროვდება ამ გამოძიების პროცესში, რის გამოძიებასაც ითხოვს ღარიბაშვილი და ხელს მდინარაძეს ადებს. თუკი დაიწყება გამოძიება, ამის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად ექნება საფუძველი საგამოძიებო უწყებას, რომ ამ პიროვნების წინააღმდეგ რაღაც სამართლებრივი მოქმედებები დაიწყოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
ვახტანგ კაპანაძე - “ყირიმის ხიდის აფეთქება პირდაპირ სახეში გალაწუნება იყო პუტინისთვის”
“პუტინს თვითმფრინავში დააწიეს ქერჩის ხიდის ამბავი. რა თქმა უნდა, ქერჩის ხიდი სიმბოლური მნიშვნელობის იყო რუსეთისთვის და პირადად პუტინისთვის. მან თავის დროზე მედალიც კი გამოუშვა ამ ხიდის მშენებლობისთვის. მისი აფეთქება პირდაპირ სახეში გალაწუნება იყო პუტინისთვის. არადა, მოსალოდნელი იყო ამ ხიდზე დარტყმები. უკრაინელებმა ისეთი დრო შეარჩიეს, როცა ეს დიდი პოლიტიკური დარტყმა იქნებოდა - პუტინი ჩინეთში შეხვედრაზე ასეთი შერცხვენილი და ამხელა ზარალმიყენებული ჩავიდა. ამას დაემატა ტრამპის ჩასვლა წარუმატებელი საარჩევნო კამპანიის შემდეგ. ამ სამეულიდან გამარჯვებული მხოლოდ სი ძინპინი იყო და გამოჩნდა კიდეც პუტინის მიმართ დამოკიდებულებაც - მას აეროპორტში თანამდებობრივი იერარქიით მეხუთე კაცი დახვდა, თან დიდად მაღალი პუტინზე. ან სად შეარჩიეს ამხელა კაცი ჩინელებმა? ტრამპს კი თვითონ სი ძინპინი დახვდა ტრაპთან. ამის გარდა, ფოტოს გადაღებისას ლიდერებმა პუტინი გვერდზე გასწიეს, სის ცოლის შემდეგ, სი ძინპინის გვერდით ტრამპი იდგა. ასე არ ხდება, დიპლომატიაში ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს”, - აცხადებს გენერალ-ლეიტენანტი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ყირიმის ხიდის აფეთქება პირდაპირ სახეში გალაწუნება იყო პუტინისთვის”.
“როგორც ცნობილი გახდა, საავტომობილო ხიდს დაარტყა “პალიანიცამ” (რაკეტა-დრონი), “რუტა”-მ (ფრთოსანი რაკეტა), ასევე, დიდი რაოდენობით დრონებმა, ხოლო რკინიგზის ხაზს - “ნეპტუნმა” და FP-5-მა, ასევე გამოიყენეს “ფლამინგოები”. საინტერესოა, რომ რაკეტა “რუტა” უკრაინელებმა შეიმუშავეს ევროპულ კომპანიებთან ერთად, რომელიც 2015 წელს დააარსა რუსეთიდან გაქცეულმა მიხაილ კოკორიჩმა (რუსი ბიზნესმენი, რომელსაც ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ გაიქცა რუსეთიდან). ქერჩის ხიდის ჩამონგრევას რა მნიშვნელობა აქვს, რომ კარგად გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ ყირიმის გეოგრაფია: ყირიმის ნახევარკუნძულს კონტინენტთან 2 დამაკავშირებელი აქვს: ქალაქები არმიანსკი და კრასნოპერეკოპსკი (ყირიმის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში), რომლითაც ყირიმი კონტინენტურ უკრაინას უკავშირდება და აქცევს მას ნახევარკუნძულად. ამ ყელის სიგანე 1,5-დან 6 კმ-მდეა, მეტი არა, ვიწრო ყელია. ამის გვერდზეა ე.წ. სივაში (თურქულად -"დამყაყებული ზღვა"), მარილიანი ჭაობი, რომელზეც ჩონგარის ნახევარკუნძულიდან (სამხრეთით, ხერსონის ოლქი) გადებულია 2 ხიდი - სარკინიგზო და საავტომობილო და ამით უერთდება ყირიმი კონტინენტს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.
“მთელი ტვირთები, რომლებიც ხმელეთიდან შედის ყირიმში, გადის მარიუპოლს, მელიტოპოლს, ჩონგარს და შემდეგ უკვე უშუალოდ ყირიმში - ჯანკოიში, ჰაბში, და ტვირთები იქიდან ნაწილდება. ეს მიმართულება დუბლირებულია და ძირითადი მაინც ქერჩის ხიდი იყო. მასზე გადიოდა მთავარი ტვირთები ყირიმისკენ. ბოლო დროს სამხედრო ტვირთები, რა თქმა უნდა, შემცირებული იყო, ან თუ გადაჰქონდათ, ფარულად - სამოქალაქო კონტეინერებით და ა.შ. ახლა აფეთქებულია ამ ხიდის დაახლოებით 220-მეტრიანი მონაკვეთი, რომელიც წყალში თაღიანად ჩავარდა (მისი წონაა 5000 ტონა, მას კონსტრუქტორები 1 წელი აწყობდნენ, შემდეგ ადგილზე საზღვაო ამწეებით და გემებით მიიტანეს და დაამონტაჟეს). ერთი უბედურებაა, რომ ეს მონაკვეთი აფეთქდა და განადგურდა, მეორე უბედურება კი ის, რომ მთელი კონსტრუქცია წყალში ჩავარდა და ჩაკეტა შავიდან აზოვის ზღვაში შემავალი ფარვატერი. მოგეხსენებათ, აზოვის ზღვა თვითონ მეჩხერია, სულ რაღაც 3-5 მეტრი აქვს სიღრმე და იქ რომ დიდი გემები შესულიყვნენ, მე-19 საუკუნეში წყალში 120 მ სიგანის ჩაღრმავება გააკეთეს, სადაც დიდი ტონაჟის გემებს შავიდან აზოვის ზღვაში შეეძლოთ შესვლა-გამოსვლა. ახლა ეს ყველაფერი ჩაკეტილია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“უნდათ თუ არა, რუსებმა ახლა ყირიმის მომარაგება სახმელეთო ნაწილზე უნდა გადაიტანონ. შესაბამისად, დიდი დატვირთვა ექნება გზატკეცილს როსტოვი-ტაგანროგი-მარიუპოლი-მელიტოპოლი, შემდეგ ჩონგარი და უკვე ჯანკოი (ყირიმი). ამ ვითარებაში ჩონგარის ხიდს უკრაინელები ისედაც ინტენსიურად არტყამენ. ეს მიმართულება მათთვის უფრო იოლად მისაწვდომია. ამასთან, ამ მიმართულებაზე ტვირთების რაოდენობის გაზრდა გზებს ჩახერგავს, უკრაინელებს მეტი სამიზნე გაუჩნდებათ და რუსებს მეტი ზარალი მიადგებათ. ყირიმის დაჯგუფება ამჟამად მომარაგების გარეშეა. უმძიმეს მდგომარეობაშია მოსახლეობაც. იქ საცხოვრებლად ჩასული რუსები გამორბიან, უფრო სწორად, გამოქცევა უნდათ, გზები და საწვავი კი არაა. არც შუქი აქვთ, არც წყალი, არც გათბობა (უწყლობა ისედაც ყოველთვის იყო ყირიმის პრობლემა, სანამ უკრაინელები არხს და იქიდან წყალს არ გაიყვანდნენ. ახლა ჭაბურღილების წყალს იყენებენ, რაც საკმარისი არაა”, - განმარტავს გენერალ-ლეიტენანტი.
“შეიძლება ითქვას, რომ ქერჩის ხიდი მოსკოვივით იყო დაცული, მაგრამ უკრაინელებმა იპოვეს ღრიჭოები, რომელთა საშუალებითაც შეძლეს დარტყმების მიყენება. მათ არ დასჭირვებიათ დასავლური დახმარება (არაფერს ვიტყვი დანერგილ ტექნოლოგიებსა და სადაზვერვო მონაცემებზე, მაგრამ არც დაზვერვა უჭირდათ). უკრაინელებს ამ რაიონებში საკმაოდ განვითარებული პარტიზანული და იატაკქვეშა მოძრაობა აქვთ, ჰყავთ აგენტურა და ა.შ. ამ ხიდის შესახებ ჰქონდათ როგორც კონსტრუქციული, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განლაგება-შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია და ა.შ. პირველ დღეს იყო მოსასინჯი დარტყმები, საიდანაც საჰაერო თავდაცვის დრონებმა შეძლეს გარღვევა, შემდეგ ამას მიჰყვა ფრთოსანი რაკეტები და დარტმა მიაყენეს მტკივნეულ წერტილებს - ხიდის ეს მონაკვეთი ყველაზე გრძელი იყო, მას ქვემოდან არ ჰქონდა ბურჯები, თაღზე იყო დაკიდებული. უკრაინელებმა ეს კონსტრუქციული თავისებურება გამოიყენეს, ხიდს მოწყვლად წერტილებში დაარტყეს და, ფაქტობრივად, გაანადგურეს. მის აღდგენას მშვიდობიან პერიოდში 2 წელიწადი მაინც დასჭირდება. რამდენად აცლიან უკრაინელები რუსებს მუშაობას, საკითხავია. ფორვატერიც (სანაოსნო გზა) ჯერ კიდევ გასაწმენდია”, - დასძენს ვახტანგ კაპანაძე.

























