ნიკა გვარამიას გაძევების შემდეგ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები სხდომაზე აღარ გამოცხადდნენ, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ კითხვა-პასუხის ეტაპზე მონაწილეობის გაგრძელების უფლება დაკარგეს

ტექნიკური შესვენების შემდეგ „პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზში არ გამოცხადდნენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, გამოუცხადებლობის გამო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები კითხვა-პასუხის ეტაპზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.
„ჰყავდათ კიდევ სამი წარმომადგენელი. იმედია მხოლოდ გვარამიაზე არ არიან ისინი დამოკიდებულები. მათ შეეძლოთ მობრძანებულიყვნენ, გაეგრძელებინათ შეკითხვების დასმა და ვინაიდან, არ იყენებენ თავიანთ საპროცესო უფლებებს, სასამართლო გადავა პარტია „ლელოსთან“ და მისცემს შეკითხვებს... გამოვლენილი უპატივცემულობის გამო, სასამართლო მიიჩნევს, რომ მათ დაკარგეს ინტერესი, გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობა, დაუსვან კითხვები მოსარჩელე მხარეს“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
ტექნიკურ შესვენებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მოსამართლემ ნიკა გვარამიას დარბაზი დაატოვებინა.

























