საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა, 25 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა, 25 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება.
პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმით გრძელდება და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ნაცვლად კითხვებს მოსარჩელე მხარეს „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენლები დაუსვამენ.
შეგახსენებთ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, ნიკა გვარამიას დარბაზიდან გაძევების შემდეგ, პარტიის დანარჩენი წევრები სხდომაზე აღარ გამოცხადდნენ, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ კითხვა-პასუხის ეტაპზე მონაწილეობის გაგრძელების უფლება დაკარგეს.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს.
მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

























