ირაკლი კირცხალია მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე - რისკები შეფასდა შესაბამისი სამსახურების მიერ და იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული

რისკები შეფასდა შესაბამისი სამსახურების მიერ და იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას გამოეხმაურა.
გარდა ამისა, კირცხალიამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის, გიორგი გელაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ ამ ფაქტს მამუკა მდინარაძესთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს მხოლოდ და მხოლოდ პირადი გადაწყვეტილებაა.
„როდესაც დაცვაზე გვაქვს საუბარი, განსაკუთრებით სახელმწიფო დაცვაზე, იქ არის თავისი სტანდარტები და რისკები, რომლებიც ფასდება სახელმწიფოში, თუ რამდენად რისკის შემცველია ამა თუ იმ ყოფილი თუ მოქმედი სახელმწიფო თანამდებობის პირის გადაადგილება დაცვით თუ დაცვის გარეშე. მუდმივ რეჟიმში ხდება განახლება. ამ რისკების საფუძველზე, ხდება შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. ეს რისკები შეფასდა შესაბამისი სამსახურების მიერ და იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული.
რაც შეეხება ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან წასვლას. მან სრულიად მკაფიოდ, დაუმალავად უთხრა ჟურნალისტებს, რას ფიქრობდა და როგორ გადაწყდა მისი თანამდებობიდან წასვლა. მამუკა მდინარაძეს ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს სხვადასხვა უწყებაში, აღმასრულებელი იქნება თუ არააღმასრულებელი, არა აქვს ამას მნიშვნელობა. ნუ მოვაბამთ ამას სპეკულაციას, რომ მამუკა მდინარაძის მეგობარი იყო და გადადგა. უბრალოდ, ბატონმა გოგამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ძალიან მკაფიოდ, ღიად, დაუმალავად ყველას განუცხადა ეს გადაწყვეტილება. გულწრფელად გეტყვით, ჩემთანაც ჰქონდა კომუნიკაცია, რადგან პირადად ვიცნობ მას და მის მეუღლეს. მიხედავს თავის პირად საქმეს, მარტივია“, - აღნიშნა კირცხალიამ.

























