ირაკლი კირცხალია - საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ

ირაკლი კირცხალია - საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ

საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ - აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთა.

როგორც კირცხალიამ აღნიშნა, გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები.

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება.

გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე", - განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, 98 პროცენტი უცხოეთის მოქალაქეა, ვინც საქართველოში სუროგაციის სერვისით საქართველოში, ხოლო, საკუთარ მოქალაქეებს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ დედობისა და მშობლობის უფლების დაცვის მხრივ.

„როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და ამის რისკზე, რა თქმა უნდა, ჩვენ კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ, მაგრამ ძალიან გთხოვთ აქ ნუ მათქმევინებთ რა ფაქტები ვიცით, მაგრამ, ერთს გეტყვით და ძალიან მარტივი გასაგები იქნება, დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც, საზოგადოებისთვისაც: ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში და ქვეყნები არ არის შეზღუდული სად გადიან, მარტივად, ჩვენს სახელმწიფოში ხდება ეს ყველაფერი, ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნოლი კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე, სად მიდის. მოდი ამით ამოვწუროთ ეს საკითხი. გიდასტურებთ, რომ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფაქტი ჩვენთვის ცნობილია.

რაც შეეხება რისკებს, პატარა სტატისტიკას მოგიყვანთ აქაც: ზუსტ ციფრებზე აუცილებლად ვისაუბრებთ, როდესაც კომერციალიზაციაზე ვსაუბრობთ ამ თემის - ავიღოთ 100%-იან ჭრილში ის მოვლენები, რომელიც ვითარდება ამ სფეროში: 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით. სადღაც 2% დაახლოებით არის საქართველოს მოქალაქე და სრულიად ლეგიტიმურია თუნდაც იმ 2%-ის კითხვა, რომელმაც შეიძლება ვეღარ ისარგებლოს [სუროგაციით]. მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ - ასე კონკრეტიკაში ნუ შემიყვანთ - რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ყველანაირი გზით.

მაგრამ როდესაც ასეთ რისკებზე გვაქვს საუბარი და როდესაც ეხლა ციფრები მოგიყვანეთ - 98 პროცენტის 2-თან შედარება, დამერწმუნეთ, ჩვენ ის საზოგადოება ვართ, ის ქვეყანა ვართ, იმ მენტალობის ქვეყანა ვართ, იმ რწმენის ქვეყანა ვართ და იმ შეხედულების ქვეყანა ვართ, რომ ის 2%-იც თუ პროცენტნახევარიც ძალიან გაგებით მოეკიდება იმ ძალიან დიდ რისკებს, რომელი რისკებიც ჩვენ აქ ჩამოვთვალეთ," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.