იტალიელი იუველირი და ბიზნესმენი პაოლო ბულგარი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიელი იუველირი და ბიზნესმენი პაოლო ბულგარი რომში, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იტალიური მედიის ცნობით, ამის შესახებ ოჯახმა განაცხადა.
დაკრძალვის ცერემონია ორშაბათს, 23 ნოემბერს, რომში, სანტა კროჩე ინ ჯერუზალემეს ბაზილიკაში გაიმართება.
პაოლო ბულგარი 1984 წლიდან კომპანია Bvlgari Group-ის თავმჯდომარე იყო.
კომპანიამ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც პაოლო ბულგარს „ნამდვილი შემოქმედებითი სული“ უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ნამუშევრები „მომავალ თაობებსაც შთააგონებს“.
კომპანია Bulgari XIX საუკუნის ბოლოს, რომში, მისმა ბაბუამ - ბერძენმა ვერცხლის ოსტატმა სოტირიოს ვულგარისმა დააარსა, რომელმაც მოგვიანებით თავისი გვარი იტალიურად „ბულგარიდ“ გადააკეთა.
პაოლო ბულგარი კომპანიას სკოლის დამთავრებიდან მალევე შეუერთდა. იგი ძვირფასი ქვების ექსპერტი გახდა, მოგვიანებით კი სათავეში ჩაუდგა კომპანიას და მისი საერთაშორისო მასშტაბით გაფართოება უზრუნველყო.
ბიზნესი ფუფუნების საქონლის ბაზრებზე შევიდა და საქმიანობა გააფართოვა. საიუველირო ნაწარმის გარდა, ის მოიცავს საათებს, პარფიუმერიას, ტყავის ნაწარმსა და სასტუმროებს.

























