მეუფე იობი - მხარს ვუჭერდი „ქართულ ოცნებას“ და გვერდში ვედექი, მაგრამ რომ დავინახე, გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, მხილება იყო საჭირო - თუ გამოსწორდებიან, თუ შეცვლიან ამ პროცესებს, შეიძლება, ისევ მხარი დავუჭირო

მხარს ვუჭერდი „ქართულ ოცნებას“ და გვერდში ვედექი, მაგრამ დავინახე, რომ გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, უკვე მხილება იყო საჭირო. თუ გამოსწორდებიან, ამ შენიშვნებს მიიღებენ და რაღაც ცვლილებები იქნება საქართველოში, თუკი შეცვლიან ამ პროცესებს, შეიძლება ისევ მხარი დავუჭირო, - ამის შესახებ მროველ -ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
მეუფე ასევე გამოეხმაურა მის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ მის კრიტიკას სოციალურ ქსელში. როგორც ის აღნიშნავს, „უშეცდომო არავინ არ არის, ის მათ მაინც სიყვარულით უპასუხებს და მათდამი არანაირი ცუდი განწყობა არ აქვს“.
„სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარ არს, თუ საქმე სარწმუნოებას არ შეესატყვისება ასეთი რწმენა მკვდარია, ესე იგი ურწმუნო გამოდის.
უშეცდომო არავინ არ არის, არც ხაინდრავა და არც სხვები, მე მაინც სიყვარულით ვუპასუხებ და მათდამი არანაირი ცუდი განწყობა არ მაქვს. მე არ ვიცი, რა მოეწონათ ან არ მოეწონათ, მაგრამ მე ვალდებული ვარ სიმართლე ვთქვა და ვთქვი კიდეც. ეს ყველაფერი, ეს სიმართლე ვის ეტკინა და ვის გაუხარდა ეს არ ვიცი, ამას არ ვითვლი, მთავარი ჩემი მოვალეობაა, რომ სიმართლე ვთქვა.
არ არის აუცილებელი ცვლილებები? განათლებული ახალგაზრდობა გვყავს, ეს ასპარეზი უკვე ახალგაზრდებს უნდა მივცეთ. ძალიან განათლებული ახალგაზრდობა გვყავს, მარტო საქართველოში კი არა, უცხოეთში განათლება მიღებული ახალგაზრდები გვყავს, არ უნდა დავუთმოთ ასპარეზი?
მე მხარს ვუჭერდი „ქართულ ოცნებას“ და გვერდში ვედექი, მაგრამ დავინახე, რომ გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, უკვე მხილება იყო საჭირო. თუ გამოსწორდებიან, ამ შენიშვნებს მიიღებენ და რაღაც ცვლილებები იქნება საქართველოში, თუკი შეცვლიან ამ პროცესებს, შეიძლება ისევ მხარი დავუჭირო“, - განუცხადა მეუფემ.
მეუფე იობი პატრიარქ კირილეს დაბადების დღეზე დელეგაციის გაგზავნასაც გამოეხმაურა. მისივე თქმით, ეს სავარაუდოდ, დიპლომატიის ერთ-ერთი მხარეა, რადგან პირდაპირ დაპირისპირება ვერ მოხდება.
„პატრიარქი კირილე ომისა და სისხლის ღვრის მაკურთხებელია, ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს. კი, დიდი ქვეყნის, რუსეთის პატრიარქია, მაგრამ მან აკურთხა ეს ომი და მხარი დაუჭირა. დელეგაცია რომ წავიდა ეს ალბათ დიპლომატიის ერთ-ერთი მხარეა, დაპირისპირება მთლად ისე ვერ მოხდება“, - განაცხადა მეუფემ.

























