უკრაინული მედია - რუსების მიერ კრივი-რიჰზე თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი ბავშვი

რუსების მიერ კრივი-რიჰზე თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ქალაქ კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმას 7 წლის ბავშვი და სასწრაფო დახმარების თანამშრომელი ემსხვერპლა.
თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ განჟას ცნობით, ბავშვი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ასევე, მისი თქმით, რუსულმა ძალებმა განმეორებითი დარტყმები განახორციელეს მას შემდეგ, რაც ადგილზე სამაშველო სამსახური მივიდა. განმეორებითი დარტყმის შედეგად სასწრაფო დახმარების თანამშრომელი დაიღუპა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰის ცენტრს 20 ნოემბერს, საღამოს დაარტყეს. თავდასხმის შედეგად ქალაქში რესტორანი, ავტოფარეხები, ავტომობილები, სასწავლო დაწესებულებები და სასწრაფო დახმარების მანქანები დაზიანდა.

























