თინა ხიდაშელი - მინსკში შეხვედრაზე დათანხმება უკვე პირველი დიდი მარცხია, ფაქტობრივად მოსკოვში ჩაიყვანეს ზურაბაშვილი - თურმე მთავარია ილაპარაკო და რა მნიშვნელობა აქვს სად, რაც დამარცხებულისა და ჩაბარებულის პოზიციაა

მინსკში შეხვედრაზე დათანხმება, უკვე არის ძალიან სერიოზული პრობლემა - ეს უკვე პირველი დიდი მარცხია ამ გზაზე, - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრას.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ მინსკში შეხვედრიდან „ყველაზე კარგად ჩანს დამარცხებულის პოზიცია და ჩაბარებულის პოზიცია“.
„თვითონ ის ფაქტი, რომ მინსკში შეხვედრაზე დათანხმდა თბილისი, უკვე არის ძალიან სერიოზული პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ბუნებრივია, მინსკის იდეა არ გაჩნდებოდა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, მინსკის იდეა ვერ მომზადდებოდა და ვერ გაჩნდებოდა ასევე თბილისში. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ რუსული მხარის შემოთავაზება. პირველ ეტაპზე მოსკოვით დაწყება, როგორც ჩანს, მათვე ჩათვალეს, რომ შეუძლებელი იქნებოდა.
ფაქტობრივად მოსკოვში ჩაიყვანეს ბატონი ზურაბიშვილი, ოღონდ ცოტათი მოშორებით. პოლიტიკურად არაფრით არ განსხვავდებოდა მინსკში ამ შეხვედრის ორგანიზება იმისგან, რომ პირდაპირ მოსკოვში ყოფილიყო. ეს უკვე პირველი დიდი მარცხია ამ გზაზე. მესმის, რომ „ქართული ოცნება“ ამას არ განიხილავს მარცხად, შესაძლოა, მათ თქვან, რომ ვერავითარ დიპლომატიურ პრობლემას ამაში ვერ ხედავენ.
როდესაც თბილისი ამბობს, რომ თურმე მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ილაპარაკო და რა მნიშვნელობა აქვს, სად ილაპარაკებ, აქ ყველაზე კარგად ჩანს დამარცხებულის პოზიცია და ჩაბარებულის პოზიცია. პირდაპირ ჩაბარებული არიან მოსკოვს და აქ ეს კარგად გამოჩნდა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ცნობისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ერთმანეთს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში შეხვდნენ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. ასევე განიხილეს ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები და მიაღწიეს რიგ შეთანხმებებს.
მათივე განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, აღნიშნული ფორმატის ფარგლებში შეხვედრები გააგრძელონ. განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და აღნიშნა, რომ „მიხაილ გალუზინსა და გიორგი ზურაბაშვილს შორის შეხვედრა მინსკში, განახლებული პირდაპირი რუსულ-ქართული დიალოგის ფარგლებში შედგა“.
უწყების ცნობით, ორმხრივი ურთიერთქმედების აქტუალურ საკითხებზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე აქცენტით, მოსაზრებების საფუძვლიანი გაცვლა შედგა და „მიღწეული იქნა რიგი პრაქტიკული შეთანხმებები“.

























