მოსარჩელე მხარის მიმართ ანა წითლიძის შეკითხვა: არის თუ არა ანტიკონსტიტუციური ფრაზა, „ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს“, რევაზ ნადარაიამ, „პოლიტიკურად მოტივირებულის“ მიზეზით, კითხვა-პასუხის რეჟიმიდან მოხსნა

მოსარჩელე მხარის მიმართ ანა წითლიძის შეკითხვა: არის თუ არა ანტიკონსტიტუციური ფრაზა, „ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს“, რევაზ ნადარაიამ, „პოლიტიკურად მოტივირებულის“ მიზეზით, კითხვა-პასუხის რეჟიმიდან მოხსნა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის შეკითხვა, რომელიც მოსარჩელე მხარისკენ იყო მიმართული და ეხებოდა იმას არის თუ არა ანტიკონსტიტუციური ფრაზა: „ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს“, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ, პოლიტიკურად მოტივირებულის მიზეზით, კითხვა-პასუხის რეჟიმიდან მოხსნა.

„ყოველგვარი სპეკულაციის გარეშე, ძალიან მოკლე პასუხი მინდა, წმინდა სამართლებრივი პასუხი მაინტერესებს. არის თუ არა შემდეგი ფრაზა კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ მიმართული და ანტიკონსტიტუციური ფრაზა, - „ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს“. მაინტერესებს, ეს ფრაზა როგორ წარმოუდგენიათ, „ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს“, არის თუ არა ანტიკონსტიტუციური და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული, რას თვლიან სახელმწიფოდ?“ - იკითხა ანა წითლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან დასმული ეს შეკითხვა სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ პოლიტიკურად შეაფასა და პროცესიდან მოხნა, მხარეებს კი მოუწოდა, რომ „ასეთი ტიპის დებატებისთვის სხვა ადგილი მოეძებნათ“.

„ისევ ამოვვარდით საქმიანი რეჟიმიდან, თუ თქვენ რაიმე ტიპის შეკითხვები გაქვთ, სხვადასხვა ტიპის პოლიტიკოსები ბრძანდებით და ერთმანეთთან ბევრი შეკითხვები შეიძლება გქონდეთ. სასამართლო სხდომის დარბაზს ასეთი ტიპის შეკითხვების ერთმანეთთან დასასმელად ვერ გამოგაყენებინებთ. ამისთვის გნებავთ ერთმანეთს ტელევიზიებში შეხვდით ან სხვადასხვა პოდკასტებში და ათასი საშუალებაა თანამედროვე ცხოვრებაში. ასეთი ტიპის დებატებისთვის სხვა ადგილი მოძებნეთ. ეს შეკითხვა მოხსნილია, სარჩელში ასეთი ტიპის განცხადებების, კონკრეტული განცხადების საფუძველი არ არის!“, - განაცხადა ნადარაიამ.

მოსამართლის ამ განცხადებას მოპასუხე მხარისაგან პროტესტი მოყვა.

„ადამიანების მიმართ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, ამ სიტყვების გამო და ამიტომაც ლოგიკური იქნებოდა, რომ გვეკითხა“, - განაცხადა წითლიძემ

ანა წითლიძის ამ რეპლიკას რევაზ ნადარაია გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებში წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობისა და უსაფუძვლობის შეფასება არ არის“.

„ქალბატონო ანა, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები ამ ფრაზის გამო თუ სხვა ფრაზების გამო არის, ახლა კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ საქმეებს, რომლებზეც გამოძიება ან სასამართლო განხილვა მიმდინარეობს აქ ამ საქმეებში გამოთქმულ ფრაზებს და ამ საქმეში გამოყენებულ ტერმინებს სასამართლო ვერ შეაფასებს. ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებში წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობისა და უსაფუძვლობის შეფასება არ არის“, - განაცხადა ნადარაიამ.

სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან ანა წითლიძის შეკითხვის მოხსნის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომდგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა მოსარჩელე მხარისაგან მათ მიერ წარმოდგენილი ერთ-ერთი მტკიცებულების შესახებ მსჯელობა და განმარტება მოითხოვა.

„მტკიცებულების სახით რომ გაჟღერდა ამ ტრიბუნიდან ერთ-ერთი კონკრეტული ბრალდება სარჩელიდან გამომდინარე მხარემ წარმოადგინა აქ ბატონი გვარამიას განცხადება, "ლინკი" დადო და წაიკითხა, რომ; „ოლიგარქია უნდა დაემხოს“ და ეს არის მტკიცებულება, რომ პარტიებს ჰქონდათ განზრახვაო. ამ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ განმარტებას, მიეცით სამართლებრივი კვალიფიკაცია, თქვენივე წარმოდგენილი მტკიცებულება დაასაბუთეთ, საკითხზე იმსჯელეთ და დაგვარწმუნეთ ჩვენც და სასამართლოც, რომ ეს პოლიტიკური შეფასება და განცხადება სამართლებრივ კონტექსტს გულისხმობს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილის ამ მოთხოვნას მოსარჩელე მხარის მხრიდან გიორგი კახიანი გამოეხმაურა და როგორც თავად აღნიშნა, კონკრეტული ფრაზა არ უნდა შეფასდეს ისე, როგორც ცალკეული წინადადება და გათვალისწინებული უნდა იყოს მისი წინაპირობები და კონტექსტი.

„მე არ მეგონა, რომ ასეთ ელემენტარულ საკითხებს სჭირდებოდა განმარტება. ნებისმიერი განმარტება თუ მოწოდება, რომელიც კეთდება, რაღაც კონკრეტული კონტექსტიდან ამოღებული წინადადებად არ უნდა განვიხილოთ. ამა თუ იმ განცხადებასა და მოწოდებას შეიძლება მივანიჭოთ, მათ შორის, კონსტიტუციური სამართლებრივი თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი რა დროში კეთდება ესა თუ ის განცხადება, როგორია საზოგადოებაში ამ განცხადების აღქმა, რომ ყველაფერი ეს მთლიანობაში აღებული კონტექსტის გათვალისწინებით უნდა განვიცილოთ, კონკრეტული განცხადება თუ მოწოდება და არა როგორც ცალკეული აღებული წინადადება, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობები და ეს არის ამის შემადგენელი.

ბატონი გვარამიას განცხადებაზე იყო აქ საუბარი და რა თქმა უნდა, ეს განცხადება ცალკე აღებულად განხილული არ არის. როდესაც ჩვენ ესა თუ ის განცხადება გავასაჯაროვეთ იქ საუბარი იყო რა კონტექსტი, წინაპირობები და რა პროცესების შემდგომ კეთდებოდა ესა თუ ის განცხადებები. ასეთ კონტექსტში უნდა იყოს ყველა განცხადება განხილული“, - უპასუხა გიორგი კახიანმა.