ანტიანექსიური პლატფორმა - მოვითხოვთ ხელისუფლებისგან პასუხებს კითხვებზე: რატომ დათანხმდა ქართული მხარე რუსეთს შეხვედრის მინსკში გამართვას? რას მოიცავს რუსეთის მიერ ნახსენები “პრაქტიკული შეთანხმებები”? როგორ გაიმიჯნება ახალი ფორმატი ჟენევის დისკუსიებისგან?

„ანტიანექსიური პლატფორმა“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინს შორის მინსკში გამართულ შეხვედრას ეხმაურება და ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დათანხმდა ქართული მხარე რუსეთის საგარეო უწყებასთან ოფიციალური შეხვედრის მინსკში გამართვას.
„ანტიანექსიურ პლატფორმაში“ აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები არ შეიძლება მოექცეს რუსეთის მიერ ნაკარნახევ პოლიტიკურ ჩარჩოში.
„19 ნოემბერს ქალაქ მინსკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ მოადგილეებს შორის გუშინ გამართული შეხვედრამ აჩვენა, რომ საქმე გვაქვს არა აბაშიძე კარასინის-იგივე პრაღის არაფორმალური ფორმატის გაგრძელებასთან, არამედ სრულიად ახალი, მაღალი დონის პირდაპირი არხის შექმნასთან.
შეხვედრა ოფიციალურ გარემოში სახელმწიფო დროშების ფონზე გაიმართა და რუსეთმა მას ორი საგარეო უწყების ოფიციალური კონტაქტის სახე მისცა და არა არაფორმალური შეხვედრის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელთან, რაზეც ქართულ მხარეს არ ჰქონია პროტესტი.
ეს განსაკუთრებით საგანგაშოა, მაშინ როცა რუსეთი საქართველოსგან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ითხოვს დეოკუპაციის გარეშე. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: ხომ არ ხდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ნიადაგის მომზადება ისე, რომ დეოკუპაცია წინაპირობად აღარ უნდა განიხილებოდეს?
აქვე, მინსკის ფორმატის ყველაზე სერიოზული საფრთხე უსაფრთხოების და კონფლიქტის საკითხების ამ ახალ ფორმატში გადატანას უკავშირდება.
მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2024 წელს მიხეილ გალუზინი ღიად აცხადებდა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები მინსკში უნდა გადატანილიყო, დღეს უკვე საქართველოს ხელისუფლება მართავს რუსეთთან ახალ პოლიტიკურ შეხვედრას სწორედ მინსკში და უშვებს უსაფრთხოების საკითხების განხილვას ამ ფორმატში. ამიტომ, ეს უკვე უბრალო დამთხვევა აღარ არის. ჩნდება რეალური საფრთხე, რომ მინსკში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პარალელური პოლიტიკური არხი ჩამოყალიბდეს - ზუსტად იმ მიმართულებით, რასაც რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობდა.
ჟენევის ფორმატი ერთადერთი მოქმედი საერთაშორისო მოლაპარაკების მექანიზმია, რომელშიც ევროკავშირი, გაერო და ეუთო მონაწილეობენ და სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, რუსეთის პასუხისმგებლობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილება. ამ საკითხების რუსეთთან ორმხრივ პოლიტიკურ ფორმატში გადატანა ასუსტებს საერთაშორისო ჩართულობას და საქართველოს მოლაპარაკების პოზიციებს საქართველოს სუვენეტიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესების გათვალისწინებით.
ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის გუშინდელი განცხადება, რომ რუსეთთან საუბრის შიში უნდა დავძლიოთ, პრობლემის არსს გვერდს უვლის. საქართველოს საზოგადოებას დიალოგის არ ეშინია. მთავარი კითხვაა, რა პირობებით მიმდინარეობს ეს დიალოგი, რა დღის წესრიგით და ვისი ინტერესების გათვალისწინებით.
შესაბამისად, ანტიანექსიური პლატფორმა მიიჩნევს, რომ მინსკში ახალი პოლიტიკური არხის შექმნა შეიცავს ჟენევის ფორმატის შესუსტების, რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხის უკანა პლანზე გადაწევისა და ოკუპაციის პოლიტიკის ნორმალიზების სერიოზულ საფრთხეს.
ამიტომ, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან მკაფიო პასუხებს შემდეგ კითხვებზე:
- რატომ დათანხმდა ქართული მხარე რუსეთს შეხვედრის მინსკში გამართვას?
- რატომ არ იმუშავა რუსეთთან ახალ ფორმატში შეხვედრის არა მინსკში, არამედ ჟენევაში ჩატარების შესაძლებლობაზე?
- რას მოიცავს რუსეთის მიერ ნახსენები “პრაქტიკული შეთანხმებები”?
- როგორ გაიმიჯნება ეს ახალი ფორმატი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისგან?
- რა გარანტია არსებობს, რომ ეს პროცესი არ ემსახურება ჟენევის ფორმატის შესუსტებასა და დიპლომატიური ურთიერთობების დეოკუპაციის გარეშე ნორმალიზებას?
მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები არ შეიძლება მოექცეს რუსეთის მიერ ნაკარნახევ პოლიტიკურ ჩარჩოში. რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დეოკუპაციის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხების გარეშე დაუშვებელია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

























