ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის შემოღებას - პროცესი მონტენეგროთი დაიწყება

ევროკავშირის ელჩებმა, მონტენეგროსთან გასაფორმებელი შეთანხმების საფუძვლად, მხარი დაუჭირეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას და ამ პერიოდში, „ორბანის სტილის“ დარღვევების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მათთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერება, - ინფორმაციას “ევრონიუსი” ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა გადადგეს პირველი ნაბიჯი ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დასაწესებლად. ამ პერიოდში, კანონის უზენაესობის სერიოზული დარღვევის ან ევროკავშირის გადაწყვეტილებების ხელის შეშლის შემთხვევაში, ახალ წევრებს, მონტენეგროდან დაწყებული, შესაძლოა, ხმის მიცემის უფლება შეუჩერდეთ.
შესაბამისი წინადადება ევროკომისიამ გასულ თვეში წარადგინა. კომისია, თავდაპირველად, 15-წლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესების შეთავაზებით გამოვიდა, თუმცა, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, იტალიამ და „დასავლეთ ბალკანეთის მეგობართა“ ჯგუფის სხვა წევრებმა, რომლებიც რეგიონის ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერენ მხარს, განაცხადეს, რომ ასეთი ხანგრძლივი ვადა ძნელად თუ ჩაითვლება დროებითად.
ირლანდიამ ბლოკს შესთავაზა დამცავი მექანიზმის ამოქმედების წესის ისე შეცვლა, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს კვალიფიციური უმრავლესობით - რაც გულისხმობს ქვეყნების ისეთ უმრავლესობას, რომლებიც ევროკავშირის მოსახლეობის სულ მცირე 65%-ს წარმოადგენენ. ამ საკითხთან დაკავშირებითაც წევრ სახელმწიფოებს რაიმე განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ გამოუთქვამთ.
ახლა დისკუსიები მომავალი წევრებისთვის განკუთვნილი ზოგადი წესებიდან იმ საკითხზე გადაინაცვლებს, თუ როგორ გავრცელდება ეს წესები მონტენეგროზე. ირლანდიის წინადადება საფუძვლად დაედება იმ დამცავ მექანიზმებს, რომლებიც მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულებაში აისახება; ევროკომისია გეგმავს, რომ აღნიშნულ დოკუმენტს ხელი 2027 წლის ივნისამდე მოეწეროს.
მოსალოდნელია, რომ მომავალი კვირის დასაწყისში მხარეები ხელშეკრულების შესაბამისი ნაწილის პროექტთან დაკავშირებით პირველ ტექნიკურ განხილვას გამართავენ.

























