შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელი გვეუბნება, რომ ფრანგ თუ ბელგიელ ე.წ. ექსპერტს უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა მოსამართლის დანიშვნაში - სხვა რამეს კი არ აკეთებდა საბჭოთა მოსკოვი, რესპუბლიკებს უთითებდა, ვინ უნდა ყოფილიყო ცეკას მდივანი, ვინ სად უნდა დანიშნულიყო

ბრიუსელის ღირებულება ზურაბ ადეიშვილის, ნონა წოწორიას და მიხეილ სააკაშვილის ღირებულებაა. ბრიუსელის გაგებით კეთილსინდისიერება, ეს არის სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილი აცხადებს, ბრიუსელს ევროკავშირთან დაკავშირებით არასწორი ხედვა აქვს და მას „ევროკავშირი საბჭოთა კავშირისკენ მიჰყავს“.
„ეს „ვეტინგი“ მე მგონი, ყველამ გაიგო - გადამოწმება რაღაც ცალკე ჯგუფის მიერ. აქამდე თუ მოსამართლეებზე და პროკურორებზე საუბრობდნენ, ახლა უკვე მონტენეგროში, საკონსტიტუციო ცვლილებებით აწერინებენ... ვიღაც ჯგუფმა, სავარაუდოდ, ესენი იქნებიან სწორედ უცხოეთიდან დაფინანსებული “ენჯეოები“, უნდა თქვან, მათი გაგებით არის თუ არ არის ვინმე კეთილსინდისიერი - ფაქტობრივად, დემოკრატიულ არჩევანზე უნდა მოახდინონ გარე ძალებმა გავლენა, ეს ყველაფერი ამას ეხება. ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელის ფანტაზიას სხვა კანდიდატ ქვეყნებში გავლენების მოპოვებასთან დაკავშირებით საზღვარი არ აქვს. ხანდახან გვეუბნებიან, როდის მოითხოვეს ერთსქესიანთა ქორწინებაო? რა თქმა უნდა, მოითხოვენ ყველაფერს, რაც მოთხოვნილი აქვთ სხვაგან, მოითხოვენ ჩვენგანაც. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ რამდენად არასწორი ხედვა აქვს ბრიუსელს ევროკავშირთან დაკავშირებით, სწორედ ეს არის ევროკავშირის წაყვანა საბჭოთა კავშირისკენ. სხვა რამეს კი არ აკეთებდა საბჭოთა მოსკოვი, მის წევრ რესპუბლიკებს უთითებდა, ვინ უნდა ყოფილიყო ცეკას პირველი, მეორე მდივანი და ვინ, სად უნდა ყოფილიყო რაიკომის მდივანი. ეს სულისკვეთებაა ბრიუსელის ბიუროკრატიაში და მონტენეგროში, ეს ცვლილებები, რომელიც ბრიუსელიდანაა მითითებული, ბოლო ანგარიშშიც უწერიათ, ჩქარა მიიღეთ კონსტიტუციური ცვლილებაო, სწორედ აქეთკენაა მიმართული, რომ სრულად გავლენის ქვეშ იყოს მთავრობა, მართლმსაჯულების სისტემა და ყველა ის სისტემა, რომელიც ქვეყნის მმართველობაზეა პასუხისმგებელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც ის აღნიშნავს, ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, „ანტიკონსტიტუციური და ქვეყნის თავისუფლებისკენ მიმართული მოთხოვნა რეალობად არ იქცევა“.
„ევროკომისიამ მის ბოლო ანგარიშში მისი ელჩის სახელით გვითხრა, რომ საქართველოს ყველა მოსამართლის, პროკურორის დანიშვნაში უცხოელს უნდა ჰქონდეს, ვციტირებ, „გადამწყვეტი ხმა“. სიტყვასიტყვით წერია ეს ბრიუსელის მოთხოვნაში საქართველოსთან მიმართ. ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი დამოუკიდებლობის დათმობა. საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის პროცესში რისთვისაც ვიბრძოდით - ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ამის აყრაა ისევ, ჩვენი თავისუფლების შეზღუდვა, ჩვენი დამოუკიდებლობის შეზღუდვა, ეს არის ამის არსი. უცხოელი ქვეყანას რომ დაგინიშნავს მოსამართლეს და მართლმსაჯულების სფეროს წარმომადგენლებს, რაღა დამოუკიდებლობაზე უნდა ვისაუბროთ, რა 3000-წლოვან ისტორიაზე, რა დავით აღმაშენებელზე, თამარ მეფეზე და ილია ჭავჭავაძეზე? ბრიუსელი პირდაპირ გვეუბნება, რომ რომელიღაცა ფრანგ, თუ ბელგიელ ე.წ. ექსპერტს უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა მოსამართლის დანიშვნაში. ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არის, ეს ანტიკონსტიტუციური და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისკენ მიმართული მოთხოვნა რა თქმა უნდა, რეალობად არ იქცევა, მაგრამ მეორეს მხრივ, ვხედავთ ოპოზიციას, რომლებიც ავლენენ, რომ ისინი არიან მარიონეტები, მზად არიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა დათმონ იმისთვის, რომ ვიღაცამ წითელი ხალიჩა დაუგოს და ბრიუსელში, რომელიღაც კაბინეტში შეხვდეს და ხელი ჩამოართვას.
მოლდოვაში „ვეტინგის“ კომისიის წევრი ნონა წოწორია გახლავთ, რომელიც ადეიშვილის პერიოდში გენპროკურორის მოადგილე იყო, ის იყო ადამიანი, როცა პირველ წლებში ქონების ჩამორთმევა, ტელევიზიების შეზღუდვა, ძალადობის ნორმალიზება მიდიოდა. ეს ადამიანი, ნონა წოწორია წყვეტს დღეს, ვინ გახდეს მოლდოვაში მოსამართლე, პრეზიდენტი, ასეთი რეპუტაციის და წარსულის, კეთილსინდისიერების მქონე ადამიანი. კეთილსინდისიერებას ამოწმებს ადამიანი, რომელიც აქ წამების სისტემის, ქონების ჩამორთმევის სისტემის შექმნის თანამონაწილე იყო, როგორც გენპროკურორის მოადგილე. უკრაინას რაც შეეხება, იქ ადეიშვილი ჰყავთ გენპროკურორის მოადგილედ, თუ რაღაც ასეთ თანამდებობებზე, პირდაპირ ადეიშვილი იყო ჩართული სასამართლო სისტემაში ხალხის გაშვება-დანიშვნით. როცა ბრიუსელის ღირებულებებზე ვსაუბრობთ, ბრიუსელის ღირებულება, ზურაბ ადეიშვილის, ნონა წოწორიას და მიხეილ სააკაშვილის ღირებულებაა. ბრიუსელის გაგებით, კეთილსინდისიერება ეს არის სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

























