საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - განცხადება, რომ ფრანგული ჯარების უკრაინაში ყოფნა ომში პირდაპირ მონაწილეობას ნიშნავს, აბსურდულია

საფრანგეთის სამხედრო მოსამსახურეები უკრაინაში სასწავლო და ტექნიკური მისიების შესასრულებლად იმყოფებიან და მათ არანაირი საბრძოლო განზრახვა არ გააჩნიათ, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალის რუფომ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის კომენტარს, რომლის თანახმადაც, ფრანგული ჯარები „ომში უშუალოდ მონაწილეობენ“.
“ფრანგ სამხედროებს ბრძოლაში ჩართვა არ აქვთ განზრახული და ომში მათი პირდაპირი მონაწილეობის შესახებ ნებისმიერი საუბარი აბსურდულია“, - აღნიშნა რუფომ. რუფომ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში მართლაც არსებობს საკოორდინაციო სტრუქტურა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს თავდაცვის საკითხებში საფრანგეთის მისიასთან (საფრანგეთის ოფიციალურ სამხედრო წარმომადგენლობასთან). ეს შესაძლებელს ხდის როგორც მიზნობრივი სასწავლო ღონისძიებების ერთჯერადად ჩატარებას, ისე აღჭურვილობის ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებას.
ცნობისთვის, ორი დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგი სამხედრო მოსამსახურეები, სულ მცირე, 2026 წლის ზაფხულიდან უკრაინის ტერიტორიაზე ფარულად იმყოფებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქმე ეხება არა „უკრაინის მხარდაჭერას, არამედ ომში უშუალო მონაწილეობას“. „ჩვენ არსებული არხების მეშვეობით გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება და შესაბამისი ქვეყნები გავაფრთხილეთ“, – დასძინა მან.

























