მაია კოპალეიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლომ ყველა მტკიცებულება უნდა გამოიკვლიოს და ეს უნდა აწარმოოს პროცესზე მხარეთა ჩართულობით და არა თავის სამუშაო ოთახში - მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გამოხატონ პოზიცია, ამდენად, სასამართლოს მიდგომა მცდარია

საკონსტიტუციო სასამართლომ არ მომცა შესაძლებლობა ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა მტკიცებულებათა გამოკვლევის საკითხზე. საკონსტიტუციო სასამართლო ინკვიზიციურია იმის გამო, რომ მან ყველა მტკიცებულება გამოიკვლიოს, მათ შორის ისეთიც, რომელიც, შესაძლოა, მხარეს არ წარმოუდგენია, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად არსებითია. მხოლოდ, ეს გამოკვლევა უნდა აწარმოოს პროცესზე მხარეთა ჩართულობით და არა თავის სამუშაო ოთახში - სასამართლოს ასეთი მიდგომა არსებითად მცდარია - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მტკიცებულებათა გამოკვლევის სტანდარტს არღვევს ის ფაქტი, რომ სასამართლო სათათბირო ოთახში გადის და „მტკიცებულებებს ისე "მოიკვლევს", რომ მხარეებს არ მისცემს ამ მტკიცებულებაზე მოსაზრებათა წარმოდგენის შესაძლებლობას“.
„რადგან პარტიების აკრძალვის 10.11.2026 წ. პროცესზე, საკონსტიტუციო სასამართლომ არ მომცა შესაძლებლობა, ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა მტკიცებულებათა გამოკვლევის საკითხზე, აქ დავწერ მოკლედ და მოვნიშნავ სასამართლოს.
მოსამართლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების სრულ ციტირებას ვერ მოვახდენ, რადგან არ მაქვს აუდიოჩანაწერი, მაგრამ პერიფრაზს გავაკეთებ. ასევე, არ ვაპირებ მთელი აკადემიური ნაშრომის დაწერას ამ საკითხზე. მოკლედ ვიტყვი.
საკითხი 1. სასამართლოს წევრმა ვასილ როინიშვილმა თავის კითხვაში ასეთი რამ აღნიშნა პროცესის ინკვიზიციურობის კონტექსტში - სასამართლო სათათბირო ოთახში როცა გავა, მერეც გამოითხოვს მტკიცებულებებსო.
განვუმარტავ სასამართლოს, რომ ინკვიზიციურობა ვერ ჩაანაცვლებს შეჯიბრებითობას. საკონსტიტუციო სასამართლო ინკვიზიციურია იმის გამო, რომ მან ყველა მტკიცებულება გამოიკვლიოს, მათ შორის ისეთიც, რომელიც, შესაძლოა, მხარეს არ წარმოუდგენია, მაგრამ არსებითია დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად. მხოლოდ, ეს გამოკვლევა უნდა აწარმოოს პროცესზე მხარეთა ჩართულობით და არა თავის სამუშაო ოთახში. მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გამოხატონ თავისი პოზიცია, თუნდაც სასამართლოს მიერ მოპოვებული მტკიცებულების მიმართ, უარყოს ან დაეთანხმოს. ამდენად, სასამართლოს ასეთი მიდგომა არსებითად მცდარია. სასამართლო სათათბირო ოთახში რომ გავა და მერე "მოიკვლევს" მტკიცებულებას, ისე რომ მხარეებს არ მისცემს ამ მტკიცებულებაზე მოსაზრებათა წარმოდგენის შესაძლებლობას, - ეს არღვევს მტკიცებულებათა გამოკვლევის სტანდარტს.
საკითხი 2. სასამართლოს წევრმა ევა გოცირიძემ ასევე აღნიშნა, რომ ჩვენ კითხვებში გამოვიკვლევთ მტკიცებულებებსო. დაინტერესებულ საზოგადოებას შევახსენებ პარტიების აკრძალვის საქმეში მტკიცებულებების თვალსაზრისით რა ხდება - კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულება, კონკრეტულად რომელ მოპასუხეს მიემართება, წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერებიდან, რომელი მონაკვეთია ის, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს და გამოვიკვლიოთ და ა.შ. ამდენად, როცა სასამართლო ამბობს, რომ კითხვებში გამოვიკვლევთო, ეს ვერ იქნება მტკიცებულებათა გამოკვლევის სტანდარტის დაცვა. მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წინასწარ იცოდეს რომელი მტკიცებულება მიემართება მას, რომ მოსამართლის მხრიდან კითხვების დასმის შემთხვევაში კონკრეტულ მტკიცებულებასთან მიმართებით შესაბამისი არგუმენტებით მომზადებული იყოს. ამდენად, სასამართლოს მხრიდან ასეთი მიდგომა ასევე არის მცდარი, რადგან მტკიცებულებათა გამოკვლევისა და სასამართლოს მხრიდან კითხვების დასმის ეტაპის არასწორი აღქმაა.
ამასთან, სასამართლო მეტი მომზადებული უნდა შეხვედროდა პარტიების აკრძალვის პროცესს და შეეძლო ცალკე თავი გაეწერა სასამართლოს რეგლამენტში, მათ შორის, მტკიცებულებათა გამოკვლევის თვალსაზრისით.
მეტის დაწერაც შეიძლება ამ მნიშვნელოვან საკითხზე, მაგრამ „ფეისბუქ“ პოსტის ფორმატის გამო, მოკლე განმარტებით შემოვიფარგლე“, - წერს მაია კოპალეიშვილი.

























