საკონსტიტუციო სასამართლომ „ლელოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ „ლელოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მხარეებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გააცნო.

„ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა. მოთხოვნა კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უკლებლივ ყველა ინტერნეტ ბმულის სასამართლო პროცესზე დემონსტრირების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს. სასამართლო ასევე არ მოახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების, ასევე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლევას. სასამართლო საქმის განხილვის მიმდინარეობის პროცესში განიხილავს სარჩელში მითითებული ცალკეული მტკიცებულებების რელევანტურობას მისი სადავოობისას როგორც მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, ისე საკუთარი ინიციატივით. განჩინება საბოლოოა და გადასინჯავს ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება. პლენუმი ერთსულოვანია ამ განჩინების მიღებისას“,- განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

ცნობისთვის, "ლელო-ძლიერი საქართველო“, საკონსტიტუციო სასამართლოში, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვის პროცესში მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარებას ითხოვდა.

შესაბამისი შუამდგომლობა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ დააყენა, თუმცა მას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ.