ლევან ბეჟაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანი არის, „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ხელისუფლება მიტაცებული აქვს, ის მაინც გაარკვიოს, რა არის მისი სტრატეგიული განვითარების ღერძი, მათ შორის, საერთაშორისო ურთიერთობებში

რა მნიშვნელობის დელეგაციაც არ უნდა ჩამოვიდეს ქვეყანაში, მნიშვნელოვანია „ქართულმა ოცნებამ“ ის მაინც გაარკვიოს, რა არის მისი სტრატეგიული განვითარების ღერძი საერთაშორისო ურთიერთობებში - ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურ აბდაუბდას მიმართავს ხელისუფლება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან არაერთხელ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ქვეყანაში რეალური ჩინური ინვესტიციები არ შემოსულა. ბეჟაშვილის შეფასებით, ხელისუფლებას არ აქვს ხალხის ლეგიტიმაცია და ნდობა.
„რა მნიშვნელობის დელეგაციაც არ უნდა ჩამოვიდეს ქვეყანაში, პირველ რიგში, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, მათ შორის, ჩინეთის, ძალიან მნიშვნელოვანი არის, „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ხელისუფლება მიტაცებული აქვს, ის მაინც გაარკვიოს, რა არის მისი სტრატეგიული განვითარების ღერძი, მათ შორის, საერთაშორისო ურთიერთობებში. ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურ აბდაუბდას მიმართავს „ქართული ოცნება“ ამ მხრივ - ხან ირანში ჩადიან, ხან ევროპაში ჩადიან და იქ რა გადაწყვეტილებებიც მიიღეს და რა რეალური შეფასებები ჰქონდათ ბოლო ვიზიტზე, ყველამ ვნახეთ. ცალკე რუსეთის ნარატივებით ცდილობენ ამ ქვეყნის ისტორიის გადაწერას და რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას, ცალკე ჩინეთთან ფიქრობენ ურთიერთობის გარკვევას და არცერთი არ გამოსდით. იმიტომ არ გამოსდით, რომ მათ არ აქვთ, პირველი - ხალხის ლეგიტიმაცია და ნდობა, ამიტომ არიან ასე დისონანსში საერთაშორისო ასპარეზზე.
ჩვენ მრავალჯერ მოვისმინეთ, მათ შორის, ანაკლიის პორტის გადაცემაზე იყო საუბარი, ჩინური ინვესტიციების მოზიდვაზე იყო საუბარი, არაერთხელ მოვისმინეთ „ქართული ოცნებისგან“, რომ აი, გარდატეხა იწყება ჩინეთთან ურთიერთობაში და ჩვენ ვერცერთი ინვესტიცია ვერ ვნახეთ.
ეს ვიზიტი არის ვიზიტი. ჩვენ გვაქვს სკეპტიციზმი იმისა, რომ როგორც წინა შემთხვევებში დეკლარირებულად ხან არაბული ინვესტიციები მოდიოდა, ხან ჩინური ინვესტიციები, რეალურად ჩვენ ვერაფერს ვხედავთ. მხოლოდ ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული კრიმინალური ეკონომიკით ხდება ბიუჯეტის შევსება“, - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

























