მშობელი - ჩატარდება ილია ვეკუას სახელობის სკოლის განმეორებითი ექსპერტიზა და, სავარაუდოდ, ამ შენობაში მოხდება სასწავლო წლის დასრულება

თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №42 საჯარო სკოლაში მშობელთა საბჭოსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის შეხვედრა დასრულდა.
ერთ-ერთი მშობლის თქმით, სკოლაში სასწავლო წელი შენობის უსაფრთხო ნაწილში, განსხვავებული სასწავლო გეგმითა და განრიგით გაგრძელდება.
მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში სკოლა ძველი განრიგით იმუშავებს, ხოლო მოსწავლეები ხვალ სკოლაში მისვლას შეძლებენ.
„მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომ ერთი კვირის განმავლობაში სკოლა მუშაობას გააგრძელებს იგივე რეჟიმით, ძველი სასწავლო ცხრილით. ხვალ ბავშვები სკოლაში მოდიან ძველი სასწავლო ცხრილით და ერთი კვირის განმავლობაში გააგრძელებენ სწავლას ისე, როგორც იყო.
ერთი კვირის შემდეგ სკოლა შემოგვთავაზებს განსხვავებულ განრიგს. წარმოგვიდგინეს ახალი საათობრივი ბადე, რომლის მიხედვითაც მოხდება საათების შემცირება სხვადასხვა წრეების ხარჯზე და დაემატება სხვა აქტივობები. ამ საათობრივ ბადეში არ არის შემცირებული ფიზიკა და მათემატიკა, შემცირებულია ქართული, ერთ-ერთი უცხო ენა და რამდენიმე საგანი. დანაკლისი არის 7 საათი და ამ 7 საათს ბავშვები აინაზღაურებენ სხვა აქტივობებით. იქნება ოთხი სასწავლო დღე, ხოლო ერთი დღე გამოყოფილი იქნება დანარჩენი აქტივობებისთვის. ბავშვები ისევ პირველ ცვლაში იქნებიან. სკოლა დაალაგებს ამ ყველაფერს და მოარგებს ცხრილს.
პარალელურად ჩატარდება შენობის ხელმეორე ექსპერტიზა და, სავარაუდოდ, ამ შენობაში მოხდება სასწავლო წლის დასრულება. დაგვპირდნენ, რომ მოხდება სკოლის გატიხვრა და ამ უსაფრთხო ნაწილში ლავირებით, განსხვავებული სასწავლო გეგმით გაგრძელდება სწავლა.
გვითხრეს, რომ შეიქმნება მშობლების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს. ეს იქნება გარანტია ჩვენთვის, რომ მომავალი წლის სექტემბრიდან გვექნება იმ კორპუსში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა”, - განაცხადა მშობელმა სოფიო ხელაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ჩერდება. მიზეზი კი ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა.

























