ქართული პრესის მიმოხილვა 05.11.2026

ქართული პრესის მიმოხილვა 05.11.2026

რესპუბლიკელების მარცხი და ტრამპის ახალი გამოწვევა - რას შეცვლის ძალთა ახალი გადანაწილება აშშ-სა და მსოფლიოში

“გაბრაზებული ადამიანის დაწერილს ჰგავს” - როგორ აფასებენ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს თბილისში

პუტინისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრის ადგილი მაიამია - “დიდი ოცეულის” სამიტზე მიწვევის პერსპექტივები

* * *

რესპუბლიკელების მარცხი და ტრამპის ახალი გამოწვევა - რას შეცვლის ძალთა ახალი გადანაწილება აშშ-სა და მსოფლიოში

“დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადაში რესპუბლიკელებმა 3 ნოემბრის მერე კონგრესზე კონტროლი დაკარგეს - შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა ორივე პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს. ამომრჩეველთა უკმაყოფილება ტრამპის პოლიტიკით, ეკონომიკური პრობლემები და ირანთან ომის შედეგები რესპუბლიკელებისთვის სერიოზულ საარჩევნო დარტყმად იქცა. ძალთა ახალი ბალანსი თეთრ სახლსა და კონგრესს შორის მომდევნო ორი წლის განმავლობაში პოლიტიკური დაპირისპირების ახალ ეტაპს მოასწავებს. 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის, არამედ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისა და რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური პოზიციებისთვისაც, ამერიკული მედიის ცნობით, დემოკრატებმა ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს - წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს უმრავლესობა ჩამოართვეს. სენატში კი დემოკრატებმა სულ მცირე შვიდი რესპუბლიკელების მანდატი გადაიბარეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რესპუბლიკელების მარცხი და ტრამპის ახალი გამოწვევა - რას შეცვლის ძალთა ახალი გადანაწილება აშშ-სა და მსოფლიოში.

“რესპუბლიკელებმა მძიმე მარცხი განიცადეს ისეთ შტატებშიც კი, რომლებიც ტრადიციულად მათი საიმედო საარჩევნო დასაყრდენია. მათ შორისაა კანზასი, სადაც თითქმის ერთი საუკუნეა დემოკრატი სენატორი არ აურჩევიათ, ასევე აიოვა, ტეხასი, ოჰაიო, მეინი, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინა. დემოკრატებმა შეინარჩუნეს პოზიციები ისეთ კონკურენტულ შტატებშიც, როგორიცაა ჯორჯია და მიჩიგანი. უცხოური გამოცემებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, რესპუბლიკური პარტიის მარცხის მთავარი მიზეზი ამერიკელ ამომრჩეველში დონალდ ტრამპის პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილების ზრდა გახდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა ეკონომიკური მდგომარეობა - სურსათისა და საწვავის გაძვირება და ცხოვრების ხარჯების ზრდა. ამასთან, უარყოფითი გავლენა იქონია ირანთან ხანგრძლივმა ომმა, რომელმაც ენერგორესურსებზე ფასების ზრდა გამოიწვია, ასევე, ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ და სავაჭრო დაპირისპირებებმა. ამომრჩეველთა უკმაყოფილებას ამძაფრებდა კორუფციისა და პრეზიდენტის პირადი ინტერესების სასარგებლოდ ძალაუფლების გამოყენების შესახებ შეშფოთებაც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დამატებით ფაქტორად სახელდება ტრამპის მიერ მხარდაჭერილი ზოგიერთი კანდიდატის არასაკმარისი პოლიტიკური გამოცდილება და ამომრჩეველთან მათი სუსტი კომუნიკაცია. ანალიტიკოსების შეფასებით, არჩევნები დიდწილად ტრამპის პრეზიდენტობის მიმართ ნდობის ერთგვარ რეფერენდუმად იქცა. ამ დროისთვის დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში 228 ადგილი მოიპოვეს, რითაც უმრავლესობისთვის საჭირო მინიმალურ ბარიერს (218 ადგილს) გადააჭარბეს და კონგრესის ქვედა პალატაზე კონტროლი დაიბრუნეს. აქ რესპუბლიკელებს 139 ადგილი ერგოთ, უნდა ითქვას, რომ ხმების დათვლა ზოგიერთ ოლქში კვლავ გრძელდება. სენატში დემოკრატებმა 54 ადგილი მოიპოვეს, რესპუბლიკელებმა კი 44 მანდატი მიიღეს. დემოკრატების მაჩვენებელში შედის ორი დამოუკიდებელი სენატორიც, რომლებიც მათთან ერთად მოქმედებენ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატებს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ მათთან ერთად იმუშავებს, თუმცა დასძენს, რომ დემოკრატების ~სულელურ ინიციატივებს~ ვეტოს დაადებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ კონგრესში დემოკრატების მიერ უმრავლესობის მოპოვებამ შესაძლოა დონალდ ტრამპზე პოლიტიკური ზეწოლის დამატებითი ბერკეტები შექმნას, რაც გავლენას მოახდენს როგორც რუსეთისა და უკრაინის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაზე, ისე საქართველოს საკითხზეც. ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგებს ტრამპის ადმინისტრაციისთვის სერიოზულ პოლიტიკურ გამოწვევად მიიჩნევს, თუმცა, ფიქრობს, რომ კონგრესში ძალთა ბალანსის შეცვლა პრეზიდენტის უფლებამოსილებებს მნიშვნელოვნად ვერ შეზღუდავს. თეთრ სახლსა და კონგრესს შორის პოლიტიკური დაპირისპირება გამწვავდება, მაგრამ აბაშიძეს ტრამპის გადაყენება ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია. მისი აზრით, აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში იმდენად ბევრი მნიშვნელოვანი და მასშტაბური საკითხია, რომ საქართველოს თემა ვაშინგტონის პრიორიტეტებში ვერ იქნებ”, - დასძენს გამოცემა.

“შესაძლოა რუსეთზე ზეწოლის დამატებითი ბერკეტი შეიქმნას. კონგრესმა შესაძლოა გარკვეულ კანონპროექტებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს, რომელიც რუსეთისადმი სანქციების გაძლიერებას ითვალისწინებს. არაა გამორიცხული კონგრესმა ტრამპზე ზეწოლა განახორციელოს ირანის ომთან დაკავშირებით, რომ შეაჩეროს. თუმცა მთავრობა ისევ ტრამპისაა. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, შესაძლოა ტრამპზე ზეწოლის შედეგად უკრაინის მხარდაჭერა გაიზარდოს. საქართველოსთან მიმართებაში, თუ ტრამპზე ზეწოლა იქნება, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ხისტი პოლიტიკა დაიკავოს. ასევე, ალბათ ორპარტიული დოკუმენტები მათ შორის “მეგობარი აქტი” უფრო მყარი იქნება. გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელია, თუმცა რაღაც მნიშვნელოვან გარღვევებს მაინც არ უნდა ველოდოთ, რადგან ამერიკა საპრეზიდენტო რესპუბლიკაა და პრეზიდენტს მაინც დიდი ძალაუფლება გააჩნია”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ერთ პარტიას წარმოადგენს, ხოლო მთლიანად კონგრესი სხვა პარტიას, ამერიკის ისტორიაში არაერთხელ ყოფილა, თუმცაღა, აშშ-ში პრეზიდენტის ინსტიტუტი საკმაოდ ძლიერია. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს ექნება არაერთი დაბრკოლება საკუთარი კანონპროექტების დამტკიცებაში, ან არასასურველი კანონებისთვის ვეტოს დადებაში. მთავარი, რაც აინტერესებს არა მხოლოდ ამერიკულ საზოგადოებას, ესაა - იქნება თუ არა ტრამპის იმპიჩმენტი. რაც ნაკლებად სავარაუდოა, თუკი არაერთ ავტორიტეტულ ამერიკელ პოლიტიკურ აქტორსა და ანალიტიკოსს ვენდობით. არც რესპუბლიკელებს და არც დემოკრატებს არ აწყობთ, რომ ამერიკის ისტორიაში მსგავსი უპრეცედენტო შემთხვევა მოხდეს, როდესაც პრეზიდენტს ამ საუკუნეში კანონმდებელი გადააყენებს. სავარაუდოდ, არაერთი საგამოძიებო კომისია იქნება, სადაც დაიბარებენ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დაიბარებენ, მაგრამ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ როგორც თავის დროზე ბაიდენმა მაღალჩინოსნები წინსწრებად შეიწყალა, რათა მათ ფედერალური დანაშაულის გამო სავარაუდო პასუხისმგებლობა არ დაკისრებოდათ, ასევე გააკეთებს ის თავისი ადმინისტრაციის რიგი მაღალჩინოსნების მიმართ და მათ შორის მან ასევე ახსენა არაჩინოსანი, მაგრამ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი - ილონ მასკი”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“აქაც ისევ ამერიკული კანონმდებლობისა და კანონების ლაბირინთი იკვეთება, რამეთუ, თუკი პრეზიდენტი შეიწყალებს ფედერალური დანაშაულის სავარაუდო ჩამდენს, შტატის დონეზე შეწყალება არ ხდება. რაც შეეხება საქართველოს საკითხს, ვფიქრობ, საგარეო პორიტეტებში ეს მთავარი საკითხი არ უნდა იყოს. შესაძლოა წამოიწიოს ისევ ე.წ. მეგობარი აქტმა, მაგრამ თუკი საქართველოსადმი მტრული რეზოლუცია გააცოცხლეს, მისი აღსრულება ევალება სახელმწიფო დეპარტამენტს და ამერიკის ხაზინას, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან და ეს გამორიცხული იქნება.აშშ-ს საერთაშორისო თემები იმდენად მოცულობითია, რომ ამაში მთელი პოლიტიკური ისტაბლიშმენტი ჩაეფლობა - ირანის კრიზისის დასრულება, ჩინეთთან და ევროკავშირთან სავაჭრო დავები და სატარიფო პოლიტიკა, მათ შორის კანადასთან თუ სხვა ქვეყნებთან და ა.შ. თუმცა ახლა მთავარია თუ ვინ იქნება 2028 წელს საპრეზიდენტო კანდიდატი?” - განაგრძობს ანალიტიკოსი.

“ეს შეკითხვა ძალიან მკაფიოდ გაჩნდა რესპუბლიკელებში: ტრამპის პოლიტიკის მხარდამჭერი თუ რეალურად კონსერვატორი რესპუბლიკელი? სავარაუდო კანდიდატებს - ჯეი დი ვენსს და მარკო რუბიოს ალბათ საკუთარ ამომრჩევლებთან ერთად ძალიან დიდი სამუშაო მოუწევთ, თუ როგორ ჩამოყალიბდნენ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. რთული და საინტერესო მოვლენები იქნება ამერიკაში. ეს პირდაპირ თუ არა, გარკვეულწილად მაინც ეხება საქართველოს პოლიტიკას. ირანიც ვახსენე და აუცილებლად უნდა ვახსენოთ უკრაინის თემაც - როდის დამთავრდება ომი? ომებმა და ტრამპის დაპირებებმა, რომ მალე დაასრულებდა ომებს გამოიწვია ის, რომ გაბრაზებულმა ამერიკელებმა შური იძიეს საარჩევნო ბიულეტენებით მოქმედ ადმინისტრაციაზე. დასალაგებელი თემებიც უამრავია, მაგრამ ამერიკელს, ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოებას, აინტერესებს საკუთარი ჯიბე, საკუთარი ოჯახის ბიუჯეტი და არა შორეულ ქვეყნებში არსებული კონფლიქტები და დაუსრულებელი ომები”, - დასძენს გია აბაშიძე.

“გაბრაზებული ადამიანის დაწერილს ჰგავს” - როგორ აფასებენ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს თბილისში

“საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშს “ოცნების” წევრები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ამას სერიოზულად არ აღიქვამენ - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის მიხედვით გასული წლის განმავლობაში საქართველოში აღინიშნა “განგრძობადი უკუსვლა ფუძემდებლურ საკითხებზე, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს კვლავაც მხოლოდ ჰქვია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ის კვლავაც უარს ამბობს იმ სარგებელზე, რომელიც კანდიდატის სტატუსსა და გაწევრიანებამდელ პროცესს მოაქვს”. პროექტის თანახმადვე, “საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიის პრინციპებზე, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმით, ასევე სახელმწიფოს შემდგომი მიტაცების ხელშეწყობით”. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განაცხადებით, დოკუმენტი ძველი ბრალდებების კრებულია და საქართველოსთან კომუნიკაციის გარეშე მომზადდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “გაბრაზებული ადამიანის დაწერილს ჰგავს” - როგორ აფასებენ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს თბილისში.

“მახაშვილმა ანგარიშში არსებულ “ორმაგ სტანდარტებზეც” ისაუბრა, და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბრიუსელთან დიალოგის აღსადგენად მზადაა. “ეს ნამდვილად ძალიან ჰგავს გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ ანგარიშს. გაბრაზებული ადამიანის, რომელმაც ბევრი იჩხიკინა, ბევრი იწვალა, ბევრი გაიძულა მაგრამ მაინც ვერ გააკეთებინა ის, რაც მას უნდა. ამ დოკუმენტში არაფერი ახალი არ წერია, ეს არის თავმოყრა, ასე ვთქვათ, გაერთიანება იმ ძველი ბრალდებების, რაც ჩვენ გვესმოდა გასული თვეების განმავლობაში. ამიტომ ჩვენთვის მას რაღაც დამატებითი ახალი ღირებულება არ აქვს. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია ცალმხრივად, ერთი მხარის მიერ, არანაირი კომუნიკაცია საქართველოსთან, არანაირი კომუნიკაცია სამინისტროებთან, არანაირი კომუნიკაცია ექსპერტებთან, ანუ ის, რაც ნორმალურ პირობებში, იგივე სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შემთხვევაში ხდებოდა. ეს ვერ იქნება დაბალანსებული და ობიექტური. ეს არის ცალმხრივად, ბრიუსელის ფანჯრებიდან თუ ოთახებიდან ხუთი-ექვი ადამიანის მიერ დაწერილი ანგარიში”, - ამბობს მახაშვილი, რომლის თქმით, “ანგარიშში აბსოლუტურად არანაირი ხედვა საქართველოსი არ არის წარმოდგენილი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აქ არის ძალიან ბევრი აბსურდული განცხადება და თუნდაც ერთ ძალიან კარგ მაგალითად რად ღირს ეგრეთ წოდებული “თვითნებურად დაკავებული ადამიანების” მოხსენიება. ასეთი დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს მკვლელობის მცდელობებით ასამართლებენ ევროპაში, საქართველოში მას უწოდებენ თვითნებურად დაკავებულ პირებს და საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ მათ გათავისუფლებას. ამიტომ ეს ორმაგი სტანდარტი ძალიან მკაფიოა და ეს არის გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილი ანგარიში... მზად ვართ დიალოგის რეჟიმში დავუბრუნდეთ თუნდაც ფორმატებს ექსპერტების დონეზე და რაც მთავარია, პოლიტიკურ დონეზე აღვადგინოთ დიალოგი, რომ თუკი რაიმე კითხვა აქვს ბრიუსელს ყველაფერზე გავცეთ ამომწურავი პასუხი სიღრმისეულად და არა ასე, ზედაპირულად”... - განაცხადა მახაშვილმა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩვენ რა თქმა უნდა, ამ ანგარიშს ვერ მივიღებთ, როგორც რეალისტურ ან მიუკერძოებელ ანგარიშს... ევროკომისიას უბრალოდ არ აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო და რა რეფორმები გაატარეს კონკრეტულმა სამინისტროებმა და უწყებებმა იმისთვის, რომ დაახლოებოდნენ ევროკავშირს.... ასევე აღმაშფოთებელია ის, რომ თურმე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არღვევს კონსტიტუციას... ყველამ კარგად იცის, რომ ევროკავშირმა 2024 წლის ივნისში შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო 2024 წლის ნოემბერში. იმ განცხადების შინაარსში ახლა არ შევალ იმიტომ, რომ იქ საერთოდ სხვა რამე იყო ნათქვამი, მაგრამ დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ევროკავშირმა შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან, თარიღდება 2024 წლის ივნისით!” - განაცხადა სამხარაძემ. მისი თქმით, “2024 წლის ივნისში არაფერი ის, რაზეც ახლა წუხილებს გამოთქვამენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები - არც ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დემონსტრაციები, არც ეგრეთ წოდებული “რეპრესიული” კანონმდებლობა, არც “თვითნებურად” დაკავებული ადამიანები 2024 წლის ივნისში არ არსებობდნენ”, - დასძენს გამოცემა.

პუტინისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრის ადგილი მაიამია - “დიდი ოცეულის” სამიტზე მიწვევის პერსპექტივები

“აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მასპინძლობით დაგეგმილი “დიდი ოცეულის” სამიტის წინ, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ თუ ტრამპი პუტინს მიიწვევს, მოლაპარაკებების მაგიდასთან აუცილებლად უნდა იჯდეს ზელენსკიც. ამისი შესახებ მერცმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა - “თუ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის მიწვევას გადაწყვეტს, მაშინ უკრაინაზე უნდა ვისაუბროთ. ხოლო თუ უკრაინაზე უნდა ვისაუბროთ, მაშინ უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს”, - თქვა მერცმა. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის განმარტებით, სამიტის მასპინძელი ქვეყანა წყვეტს, თუ რომელი ლიდერები მოიწვიოს ღონისძიებაზე, უკრაინის საკითხის განხილვა უკრაინული მხარის მონაწილეობის გარეშე დაუშვებელია დA ხაზი გაუსვა ევროპული მხარის ჩართულობისასაც - “თუ უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება, მაშინ ევროპაც იქ იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით პუტინისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრის ადგილი მაიამია - “დიდი ოცეულის” სამიტზე მიწვევის პერსპექტივები.

“კანცლერ მერცის პოზიციის პარალელურად, ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის ტრანსფორმაციაზე, აშშ-ის არჩევნების შემდგომ შესაძლო ცვლილებებსა და ევროპის, განსაკუთრებით კი გერმანიის, წამყვან როლზე. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უსაფრთხოება ჰაერივით აუცილებელი რესურსია, რომლის გაქრობაც კატასტროფულ შედეგებს იწვევს. “უსაფრთხოება - ეს არის ის, რაც ჩამოაყალიბებს მომავალ წლებს და, სავარაუდოდ, მომავალ ათწლეულებს... როდესაც უსაფრთხოება ქრება, მასთან ერთად ქრება ყველაფერი, რაც ნორმალურ ცხოვრებას შესაძლებელს ხდის. რამდენი წუთი შეუძლია გაძლოს ადამიანმა ჰაერის გარეშე? პასუხი ყველამ ვიცით. ეს ნიშნავს გარდაუვალ სიკვდილს. ადამიანების უმეტესობისთვის უსაფრთხოების დაკარგვა იგივეს ნიშნავს” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ამერიკულ არჩევნებსა და გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრისას კი მიანიშნა, რომ ევროპამ საკუთარ თავზე აიღოს მეტი პასუხისმგებლობა, რადგან ვაშინგტონი შესაძლოა შიდა გამოწვევებზე ფოკუსირდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ზელენსკიმ აშშ-ის მოქმედი ელჩის განცხადებაც გაიხსენა - “შეგახსენებთ ერთ განცხადებას - “ამერიკა, როგორც გარანტი სამყაროსთვის, ბოლო 80 წლის განმავლობაში აღარ არსებობს” - ეს აშშ-ის მოქმედი ელჩის სიტყვებია. როდესაც მარტო დგახარ, მსხვერპლი ხდები. ევროპაში არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია მარტომ დაიცვას თავისი ცა ბალისტიკური რაკეტების იმ რაოდენობისგან, რაც რუსეთს ან დასავლეთის ნებისმიერ სხვა მტერს შეუძლია გაუშვას. არავის”. “დიდი ოცეულის” ლიდერების მორიგი სამიტი 14-15 დეკემბერს, აშშ-ში, მაიამიში იგეგმება, სადაც მასპინძლის სტატუსით დონალდ ტრამპი წარდგება. ბერლინში გაჟღერებული გზავნილები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ოფიციალური ევროპის პოზიციას: ნებისმიერი დიპლომატიური დისკუსია კიევისა და ევროკავშირის პირდაპირი მონაწილეობით უნდა ჩატარდეს. მაიამის სამიტის მოახლოებასთან ერთად იზრდება ინტერესი, გადადგამს თუ არა დონალდ ტრამპი ნაბიჯს და გახდება თუ არა ფლორიდა ორი ქვეყნის ლიდერის პირველი პირისპირ შეხვედრის ადგილი”, - დასძენს გამოცემა.