ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატის დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატის დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

ადვოკატის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე: „ადვოკატი, უფლებების ეფექტიანი დაცვა და პრო ბონო სერვისები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“.

ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, კონფერენცია 200-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს, მათ შორის არიან საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, ადვოკატები, იურიდიული სფეროსა და ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ადვოკატთა ასოციაციების ხელმძღვანელები.

„ღონისძიება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ოთარ ჩახუნაშვილიმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სტანდარტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დანიელე კანგემიმ, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ვლადიმირ შკოლნიკოვმა, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ალექს ტალონმა, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) პრეზიდენტმა დავით ასათიანმა, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტმა რაიკო მარიჩმა და Expertise France-ის ხელმძღვანელმა აუდრიუს ბიტინასმა.

მისასალმებელი სიტყვებით ასევე წარდგნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, უკრაინისა და თურქეთის ადვოკატთა ასოციაციების ხელმძღვანელები.

კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო ადვოკატის პროფესიის დაცვის შესახებ კონვენციის მნიშვნელობა იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში საადვოკატო საქმიანობის განვითარებას, პრობონო სერვისებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენას ადვოკატის პროფესიაზე.

კონფერენცია ადვოკატის პროფესიული დღის აღნიშვნის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და იურიდიული პროფესიის წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევების განხილვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, რომელსაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ყოველწლიურად ატარებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.