საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებული გამოსცა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებული გამოსცა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით, სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას ინიციატივითა და წინასიტყვაობით, სამეცნიერო კრებული გამოიცა.

ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

„წიგნისთვის მასალები და ილუსტრაციები მოიძია, ვრცელი სამეცნიერო კვლევა დაურთო და კრებული გამოსაცემად მოამზადა საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორმა, პროფესორმა ბექა ქანთარიამ.

კრებულში წარმოდგენილია საკონსტიტუციო კონტროლის შესახებ 1990-იანი წლების საარქივო მასალები, პუბლიცისტური წერილები, ქართველი იურისტების სამეცნიერო სტატიები, ინტერვიუები და ილუსტრაციები. გამოცემა ასევე მოიცავს საქართველოს პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კონსტიტუციის პროექტებს, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონების თავდაპირველ რედაქციებსა და მასალებს, რომლებიც ასახავენ სასამართლოს პირველი შემადგენლობის განწესებას და მოსამართლეთა მიერ 1996 წლის 24 ივლისს ფიცის დადებას.

გამოცემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ბექა ქანთარიას სამეცნიერო კვლევა. შესაბამის წყაროებზე დაყრდნობით, მასში თანმიმდევრულად არის შესწავლილი და წარმოჩენილი საქართველოში საკონსტიტუციო კონტროლის განვითარების ეტაპები. განხილულია საკონსტიტუციო კონტროლის შესახებ XIX საუკუნის ქართულ პრესაში გამოქვეყნებული ცნობები, ასევე საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული კონცეპტუალური შეხედულებები, მათ შორის, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრისა და 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ავტორის, გიორგი გვაზავას მოსაზრებები.

წიგნში დასაბუთებულია, რომ გიორგი გვაზავა იყო პირველი ქართველი იურისტი, რომელიც საკონსტიტუციო კონტროლის შემოღების იდეას უჭერდა მხარს. კვლევაში ასევე აღწერილია 1990-1996 წლებში საქართველოში საკონსტიტუციო კონტროლის შესახებ არსებული დისკურსი. განხილულია საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოთა კონსტიტუციური სტატუსი და მათი საქმიანობის თავისებურებანი საკონსტიტუციო კონტროლისა და ზედამხედველობის მხრივ, მათ შორის საბჭოთა პერიოდში. ცალკე ყურადღება ეთმობა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 1996 წლის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კრებულის მეორე ნაწილში წარმოდგენილია ცნობილი იურისტების სამეცნიერო ნაშრომები სამართლის აქტუალურ პრობლემებზე. მათ შორის არიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი მათიას გიომარი, ამავე სასამართლოს მოსამართლე და IV სექციის პრეზიდენტი, პროფესორი ლადო ჭანტურია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, პროფესორი ევა გოცირიძე, აგრეთვე პროფესორები მერაბ ტურავა, ლევან იზორია, გიორგი ხუბუა და ზურაბ ძლიერიშვილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებულის მიზანია საქართველოში საკონსტიტუციო კონტროლის ისტორიის მეცნიერული გააზრება, ეროვნული სამართლებრივი მემკვიდრეობის წარმოჩენა და ქართული იურიდიული მეცნიერების განვითარებაში წვლილის შეტანა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სამეცნიერო კრებულის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის „ივერიელში“: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/613270