სტუ-ის სტუდენტების პროექტმა Exsul-მა UNI4VERSE – FINEDU 2026-ზე პარტნიორების ინტერესი და ბიზნესმენტორინგის შეთავაზება დაიმსახურა

სტუ-ის სტუდენტების პროექტმა Exsul-მა UNI4VERSE – FINEDU 2026-ზე პარტნიორების ინტერესი და ბიზნესმენტორინგის შეთავაზება დაიმსახურა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა, დავით გრევემ და მირიან ფუტკარაძემ, პროფესორ ნონა ოთხოზორიას მენტორობით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და საქართველოს ეროვნული ბანკის FinEdu პლატფორმასთან პარტნიორობით გამართულ კონკურსში - UNI4VERSE – FINEDU 2026 - მიიღეს მონაწილეობა. სტუდენტებმა კონკურსის ფინალურ ეტაპზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილი ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის თანამედროვე ტექნოლოგიური პლატფორმა Exsul წარადგინეს. პროექტმა კონკურსის ჟიურისა და პარტნიორი ორგანიზაციების მაღალი შეფასება დაიმსახურა. Exsul-ის განვითარების პერსპექტივით დაინტერესდა Founder University-ის წარმომადგენლობა, რომელმაც გუნდს ბიზნესმენტორინგი შესთავაზა. ამასთანავე, სტუდენტური გუნდი TBC Bank-ის რჩეული გახდა და ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობა მიიღო.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თქმით, კონკურსში მონაწილეობას წინ უძღოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული შიდასაუნივერსიტეტო შესარჩევი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს საკუთარი ინოვაციური იდეებისა და ტექნოლოგიური პროექტების წარდგენის შესაძლებლობა მიეცათ. როგორც პროფესორი ნონა ოთხოზორია აცხადებს, შერჩევის პროცესი მნიშვნელოვანი იყო კონკურსისთვის პერსპექტიული სტუდენტური ინიციატივების გამოვლენისა და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

„კონკურსის ფარგლებში, 26–30 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის FabLab-ის სივრცეში, მონაწილეებისთვის ინტენსიური ტრენინგები და მენტორული პროგრამა ჩატარდა. სასწავლო-მოსამზადებელი პროცესი რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ მიმართულებას მოიცავდა: ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებას (AI/ML), პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას, მეწარმეობასა და პროტოტიპირებას. ტრენინგების მიზანი იყო სტუდენტებისთვის იმ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში ხელშეწყობა, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნის, მისი ფუნქციური შესაძლებლობების განსაზღვრისა და ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებისთვის არის აუცილებელი.

სტუდენტების მიერ წარმოდგენილი Exsul სწორედ ამგვარი ინტეგრირებული მიდგომის მაგალითია. პლატფორმა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (SME) შექმნილი ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის თანამედროვე სისტემაა, რომელიც ერთიან ციფრულ სივრცეში აერთიანებს მარაგების, შეკვეთების, ლოგისტიკის, ფინანსებისა და ბიზნესანალიტიკის მართვას. მისი კონცეფცია ეფუძნება ბიზნესპროცესების ცენტრალიზებული მართვის პრინციპს და მიზნად ისახავს სხვადასხვა საოპერაციო მიმართულების ერთ სისტემაში მოქცევას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და ბიზნესსაქმიანობის ეფექტიანობის ზრდას“, - აცხადებს ნონა ოთხოზორია.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტის მირიან ფუტკარაძის თქმით: „პლატფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება მისი ტექნოლოგიური არქიტექტურაა. Exsul აგებულია Rust პროგრამირების ენაზე, რაც სისტემის მაღალი წარმადობისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობას უკავშირდება. პლატფორმა ითვალისწინებს კვანტური შიფრაციის დონის კიბერუსაფრთხოების მექანიზმებს, რაც მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებისადმი განსაკუთრებულ მიდგომას ასახავს. Exsul-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფუნქციური შესაძლებლობა Offline-რეჟიმია. სისტემა ინტერნეტთან კავშირის გარეშეც მუშაობს და 40-მდე მოწყობილობის სინქრონიზაციას გარე სერვერების გარეშე უზრუნველყოფს. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბიზნესსუბიექტებისთვის, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა ინტერნეტთან უწყვეტ წვდომაზე არ არის დამოკიდებული ან რომლებსაც მონაცემების ადგილობრივ გარემოში მართვა სჭირდებათ. პლატფორმა თავსებადია Windows-ისა და Android-ის ოპერაციულ სისტემებთან, რაც მის გამოყენებას სხვადასხვა მოწყობილობასა და სამუშაო გარემოში შესაძლებელს ხდის. ამასთანავე, პროექტი ითვალისწინებს სრულ ინტეგრაციას RS.ge-სა და TBC Bank-ის სისტემებთან, რაც ბიზნესის ფინანსური და ადმინისტრაციული პროცესების ერთიან ციფრულ გარემოში მართვის შესაძლებლობას ქმნის“.

როგორც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტი დავით გრევე აცხადებს: „სტუდენტური პროექტის მომზადებისა და კონკურსზე წარდგენის პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროფესორმა ნონა ოთხოზორიამ, რომლის მენტორობითაც ვიმუშავეთ პროექტის კონცეფციის დახვეწაზე, ფუნქციური შესაძლებლობების წარმოჩენასა და ბიზნესპოტენციალის განსაზღვრაზე. მენტორული მხარდაჭერა მოიცავდა არა მხოლოდ იდეის ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარებას, არამედ მისი ეკონომიკური და პრაქტიკული ღირებულების გააზრებას, რაც ინოვაციური პროდუქტის წარმატებული პრეზენტაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, სტუდენტების წარმატება მნიშვნელოვანია როგორც მათი პირადი და პროფესიული განვითარების, ისე ფაკულტეტზე ინოვაციური და პრაქტიკაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს განმტკიცებისთვის.

„ვულოცავ დავით გრევესა და მირიან ფუტკარაძეს კონკურსში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგს და მადლობას ვუხდი პროფესორ ნონა ოთხოზორიას სტუდენტების მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი სტუდენტების მიერ შექმნილმა ტექნოლოგიურმა პროდუქტმა კონკურსის ფინალურ ეტაპზე ჟიურისა და პარტნიორი ორგანიზაციების ყურადღება მიიპყრო, ხოლო პროექტის ავტორებმა ბიზნესმენტორინგისა და TBC Bank-თან თანამშრომლობის შესაძლებლობა მიიღეს. ეს შედეგი ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის ისეთი აკადემიური გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელებასა და თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებას“, – აცხადებს პროფესორი თალიკო ჟვანია.