რუსეთის მიერ კამიშევახაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა

ზაპოროჟიეს ოლქის კამიშევახას დასახლებაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, მიხაილ სემიკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კამიშევახაზე 2 ნოემბერს რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 53-ს მიაღწია“, - აღნიშნა სემიკინმა.
მისი თქმით, დარტყმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ხუთი დღეა მიმდინარეობს.
2 ნოემბერს რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის კამიშევახას დასახლებაში მდებარე სკოლაზე, სადაც ჰუმანიტარული დახმარება ნაწილდებოდა, თავდასხმა განახორციელეს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარტყმის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების გარდა, პოლიციელები და მაშველებიც არიან.

























