რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ებრაელ სტუდენტთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ებრაელ სტუდენტთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ებრაელ სტუდენტთა კავშირის (UJS) წარმომადგენლებს შეხვდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ იუდეველთა თემი ყველაზე ძველია საქართველოში, ისინი 26 საუკუნეა ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში.

„საქართველოში არასდროს ყოფილა ანტისემიტური განწყობები. ორი ერის ურთიერთობები იმდენად სამაგალითოა, რომ ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელები დღემდე ინარჩუნებენ ქართული ენის ცოდნას, ქართული კულტურისადმი პატივისცემას, ხშირად სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას, სადაც შენარჩუნებულია და მოვლილია მათი სინაგოგები, წინაპართა საფლავები. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ებრაულ თემთან. მათ დაუბრუნდათ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული სინაგოგები. საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივი კომპენსაციისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები საქართველოში არსებულ რელიგიურ თემებს შორის ნაწილდება და მათ შორისაა ებრაული თემი. ქართულ-ებრაული ურთიერთობის ტრადიციას კი საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტთა 45 კაციანი ჯგუფი დაინტერესებულია საქართველოში ებრაელი თემის ცხოვრებით - ქვეყნის ებრაული თემის გამოცდილებისა და ისტორიულ ეპოქებში ცხოვრების განვითარების გაცნობით, თანამედროვე ებრაული ყოფით და იმ შესაძლებლობებისა თუ გამოწვევების შესწავლით, რომელთა წინაშეც დღეს ქართველი ებრაელები დგანან; კერძოდ, როგორ ახდენს ორგანიზებას და ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას ებრაული თემი საქართველოში, რამდენად არიან ჩართულნი თემის წევრები ქვეყნის უფრო ფართო სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ კონტექსტში. შეხვედრას ესწრებოდა ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე, მერაბ ჩანჩალაშვილი

პროგრამის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები დიპლომატებთან, საჯარო მოხელეებთან და ინსტიტუციურ ლიდერებთან.

ებრაელ სტუდენტთა კავშირი (UJS) წარმოადგენს გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში მცხოვრები ებრაელი სტუდენტების დემოკრატიულ, საერთო-თემურ და თანატოლთა მიერ მართულ წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც აერთიანებს 10.000-ზე მეტ ებრაელ სტუდენტს 80-ზე მეტ საუნივერსიტეტო ებრაულ საზოგადოებაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.