ადვოკატის ინფორმაციით, მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძის საქმეში გამოვლინდა ახალი მტკიცებულება, რომელიც „პირდაპირ ეწინააღმდეგება მისი დაპატიმრების ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად გამოყენებულ ინფორმაციას“

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულ ახალ მტკიცებულებაზე საუბრობს.
როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, 2025 წლის 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძის მიმართ გამოყენებული გირაო პატიმრობით შეიცვალა, რადგან საქმეში გაჩნდა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლის პატაკი, რომლის მიხედვითაც, „თითქოს 2025 წლის 6 მარტს, გვიან ღამით - 7 მარტის გამთენიისას, გიორგი ჩიკვაიძე სოფელ სადახლოსთან იმყოფებოდა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა“.
როგორც თორნიკე მიგინეიშვილი აღნიშნავს, 2025 წლის 6 და 7 მარტს გიორგი ჩიკვაიძის მიერ გამოყენებული ნომერი თბილისში მდებარე ანძებზე ფიქსირდება და არა სადახლოს ან სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
„გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულია ახალი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება მისი დაპატიმრების ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად გამოყენებულ ინფორმაციას.
2025 წლის 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძის მიმართ გამოყენებული გირაო პატიმრობით შეიცვალა.
ამის ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად სასამართლოს წარედგინა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლის პატაკი, რომლის მიხედვითაც, თითქოს 2025 წლის 6 მარტს, გვიან ღამით - 7 მარტის გამთენიისას, გიორგი ჩიკვაიძე სოფელ სადახლოსთან იმყოფებოდა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.
აღნიშნულ ფაქტზე გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ ცალკე სისხლის სამართლის გამოძიებაც დაიწყო.
ამავე საქმის ფარგლებში საგამოძიებო ორგანომ მათგან ამოიღო 21 800 აშშ დოლარი, საათები, ელექტრონული მოწყობილობები, ავტომობილი და მობილური ტელეფონი.
დაცვის პოზიციით, ამ ტელეფონში ინახებოდა საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის მასალა, რომელსაც შეეძლო გიორგი ჩიკვაიძის პოზიციის დადასტურება.
ჩვენი საქმეში ჩართვის შემდეგ, კერძო გამოძიების ფარგლებში მოვიპოვეთ გიორგი ჩიკვაიძის მიერ გამოყენებული ტელეფონის საბაზო სადგურებთან/ანძებთან დაკავშირების ოფიციალური მონაცემები, ასევე სხვა ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ.
მოპოვებული მონაცემებით, 2025 წლის 6 და 7 მარტს გიორგი ჩიკვაიძის მიერ გამოყენებული ნომერი თბილისში მდებარე ანძებზე ფიქსირდება და არა სადახლოს ან სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დამატებით მოპოვებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ამ პერიოდში გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი თბილისში გადაადგილდებოდნენ ისეთ ადგილებში, სადაც მათი გადაადგილების გადამოწმება არაერთი ვიდეოკამერითაც არის შესაძლებელი.
აღნიშნული მტკიცებულებები უკვე წარვუდგინეთ საგამოძიებო ორგანოს და მოვითხოვეთ მათი სისხლის სამართლის საქმეზე დართვა, სრულყოფილი შეფასება და გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის მიმართ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტა.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაწვდით ინფორმაციას, რომ ეს ახალი გარემოებები შესაბამისი წესით მიეწოდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, სადაც უკვე წარმოებაშია გიორგი ჩიკვაიძის საჩივარი მის მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
საქმეზე განვითარებულ და შემდგომში დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად გავაცნობთ”,- წერს თორნიკე მიგინეიშვილი.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პოპიაშვილი დამნაშავედ იქნენ ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება) და სასჯელის სახედ და ზომად გიორგი ჩიკვაიძეს - 9 წლით, ხოლო ირაკლი პაპიაშვილს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

























