ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2026

დაპირისპირებული ოპოზიციის დაყოფილი პროტესტი - რა ბედი ელის ერთიანობას
სათამაშო ბიზნესმა “სპორტული” შეღავათი მიიღო - რა საფრთხის შემცველია საქართველოში აზარტული ტურნირების გამართვა
სომხეთის პარლამენტმა “ტრამპის გზას” მხარი დაუჭირა - რას მიიღებს სამხრეთ კავკასია ამ პროექტისგან
* * *
დაპირისპირებული ოპოზიციის დაყოფილი პროტესტი - რა ბედი ელის ერთიანობას
“ოპოზიციის ნაწილისთვის საპროტესტო აქციებზე კვლავ პრობლემად რჩება მიხეილ სააკაშვილის ბანერების გამოჩენა - “ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებს აქციებიდან გაძევებით ემუქრება და აცხადებს, რომ მომდევნო შეკრებებზე მათ წინააღმდეგ უფრო ორგანიზებულ მოქმედებებს მიმართავს. ამასთან, 28 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ჩერგოლეიშვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში პროტესტის მთავარ მიღწევად თანმიმდევრულობასა და ბრძოლის გაგრძელების ნებისყოფას ასახელებს. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერებს შორის დაპირისპირება ერთიანი საპროტესტო ფრონტის შენარჩუნებას საფრთხეს უქმნის. მათი შეფასებით, მაშინ, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას ცდილობს, პიროვნული და პარტიული უთანხმოებები საერთო მიზანს აზიანებს. ანალიტიკოსთა მეორე ნაწილი კი ოპოზიციის შიდა დაპირისპირებას მისი პოლიტიკური სისუსტისა და არაეფექტიანობის გამოვლინებად აფასებს. მათი თქმით, ერთმანეთთან კინკლაობისა და ურთიერთბრალდებების ნაცვლად, ოპოზიციურმა ძალებმა საზოგადოებას კონკრეტული პოლიტიკური ალტერნატივა უნდა შესთავაზონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დაპირისპირებული ოპოზიციის დაყოფილი პროტესტი - რა ბედი ელის ერთიანობას.
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ოპოზიციაში სააკაშვილის ბანერების გამო დაწყებული დაპირისპირება სერიოზულ პრობლემას ქმნის, რადგან ამ დროს ოპოზიციას საპროტესტო მოძრაობის გააქტიურება და “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლის წარმოება სჭირდება. მისი აზრით, ჩერგოლეიშვილმა და სხვა ოპოზიციონერებმა პირადი უთანხმოებები გვერდზე უნდა გადადონ, რადგან სააკაშვილის მხარდამჭერებსაც აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამბობს, რომ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება აჩვენებს, რომ მათ უჭირთ ერთიანი პოლიტიკური ბრძოლის წარმოება და ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის პოლიტიკური არგუმენტების შეთავაზების ნაცვლად, ერთმანეთთან დაპირისპირებით არიან დაკავებული. მისი აზრით, ეს ოპოზიციის სისუსტესა და საარჩევნო პერსპექტივის არქონას წარმოაჩენს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ეს დიდი პრობლემაა - სააკაშვილი პოლიტპატიმარია და ვინც სააკაშვილის მომხრეა, იმ ადამიანების უფლებაა პროტესტის გამოხატვა. თუ ამ შემთხვევაში დაპირისპირება იქნება, ეს ძალიან დიდ პრობლემას შექმნის. მით უმეტეს საპროტესტო მოძრაობა ახლა უნდა გააქტიურებულიყო... პირველ რიგში სააკაშვილის მომხრეების და “ფედერალისტების” ბრძოლა საერთოა “ოცნების” წინააღმდეგ და რაღაც პიროვნული პრობლემები გვერდზე უნდა გადაიწიოს... არანაირად არაა რელევანტური არც ჩერგოლეიშვილის და არც სხვების რეპლიკები. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში რაც მიტინგებზე ამ კუთხით ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია. ადამიანებს უფლება აქვთ, რომ სააკაშვილის ბანერები წარმოადგინონ, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვისას იკვეთება, რომ მესამე პრეზიდენტს ძალიან ბევრი რამ გამოუგონეს... ბევრი ამბობს - არც “ნაცები” და არც “ქოცები”, ვინც ამას აკეთებს ვფიქრობ, ქოცების სამსახურში დგას, ასევე, ვინც ამბობს აქციაზე თუ გადაცემებში “ნაცები” არა, ისინი “ოცნების” წისქვილზე ასხამენ წყალს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“რაც უფრო მეტ ასეთ იაფასიან შოუს მოაწყობენ მცირერიცხოვან აქციებზე, მით უკეთესია პოლიტიკის გაჯანსაღებისთვის, რამეთუ თავად რადიკალური ოპოზიციის მომხრეებმაც უნდა დაინახონ, თუ ვისთან აქვთ საქმე. ერთმანეთს დაწყევლიან, შეაგინებენ, ფიზიკურ ქმედებებში გადავლენ, ეს სხვა თემაა, მაგრამ, ფაქტია, რომ პირობითად, კასრში მყოფი ვირთაგვების შერკინებაა, რომლებსაც არანაირი პერსპექტივა არა აქვთ საარჩევნოდ, თან ძალიან ახლოსაა ის პროცესი, როცა სამართლებრივადაც უნდა აიკრძალოს ცალკეული ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების საქმიანობა. ძალიან არასერიოზულ სიბრტყეში არიან უკვე გადასულები, სასოწარკვეთილები, უსაშველოები, უპერსპექტივოები და ისღა დარჩენიათ ერთმანეთს ეკინკლაონ და რამეში კი არ დაარწმუნონ საკუთარი ელექტორატი, არამედ უფრო გაახალისონ ფართო საზოგადოება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“ჯერჯერობით ეს დარჩათ, შემდგომი ნაბიჯი რა იქნება არაპროგნოზირებადია, იქდან გამომდინარე, რომ საკუთარ თვითდაცემაში დიდოსტატები არიან და შეიძლება ისეთი რამ მოიმოქმედონ, რაც არაერთს გააოცებს. 2027-28 წლებში მთავარი ისაა, რომ ოპოზიციურ ველზე სააგრძნობლად მოძლიერდნენ ის პოლიტიკური აქტორები, რომლებსაც შეუძლიათ ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ მწვავე დისკუსიაში შესვლა და ამის ჩანასახოვანი, მაგრამ კარგი მაგალითები ახლახანს გამოჩნდა. თუნდაც ტელეკომპანია “იმედის” გაფართოებულ განსხვავებულ ფორმატში. დროა დისკუსიები გაიმართოს უმწვავეს პრობლემებზე, რომლებიც სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც არის და სამწუხაროდ რადიკალები არ აქცევენ ყურადღებას ამას, რომ კიდევ უფრო მეტი საქმე გაკეთდეს ხელისუფლებასთან კონკურენციაში ყოფნისას. აი ეს არის დემოკრატიის პრინციპი, გააკრიტიკე იქ, სადაც საჭიროა და შეეშვი ამ დესტრუქციულ ქმედებებს და განცხადებებს”,- ამტკიცებს აბაშიძე.
“ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერებს აქციებიდან გაძევებით ემუქრება. “ყველა აქციაზე დაპირისპირებას შევუქმნი და ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს. ეს ასე იქნება, რამდენიც არ უნდა იჭინთოთ. უფრო მეტი, შემდეგ აქციაზე კიდევ უფრო ორგანიზებულად დაგხვდებით და უფრო ორგანიზებულად გავწმენდთ თქვენგან აქციის პერიმეტრს რომ გზავნილი ვერ დაამახინჯოთ და გააყალბოთ”, - წერს ჩერგოლეიშვილი. ის 28 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით თვლის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ოპოზიციისა და პროტესტის მონაწილეთა მთავარი მიღწევა თანმიმდევრულობა და ბრძოლის გაგრძელების ნებისყოფაა. მისი შეფასებით, სწორედ ამან განაპირობა ბიძინა ივანიშვილის შიში, დასავლეთის სანქციები და “ოცნების” გავლენიანი წარმომადგენლების ციხეში ყოფნა - ”გაუმარჯოს ყველას, ვინც თანმიმდევრულად არ ნებდება! ამ ნებისყოფის დამსახურებაა ბიძინას პარანოია, დასავლური სანქციები და ციხეებში ჩაყრილი ბობოლა ქოცები”, - დასძენს გამოცემა.
სათამაშო ბიზნესმა “სპორტული” შეღავათი მიიღო - რა საფრთხის შემცველია საქართველოში აზარტული ტურნირების გამართვა
“პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმად, საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება. ეკონომიკისტები ამ ცვლილებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ და პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს ლუდომანიის წახალისება კი არა, ეკონომიკურად მომგებიანი გადაწყვეტილებაა. 73 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი - ამ შედეგი დასრულდა კენჭისყრა პარლამენტში, რომლითაც საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ”, კანონმდებლებმა საბოლოო მოსმენით მიიღეს. ორდღიანი განხილვის პროცესში, კანონპროექტი დაკორექტირდა კიდეც. კერძოდ, საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისთვის აუცილებელი პირობა იქნება ის, რომ მასში მონაწილეების საერთო რაოდენობის 80% უცხო ქვეყნის მოქალაქეები უნდა იყვნენ, ნაცვლად 70%-სა, რაც პროექტის პირვანდელი ვარიანტით იყო განსაზღვრული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სათამაშო ბიზნესმა ე.წ. სპორტული შეღავათი მიიღო / არის თუ არა საფრთხის შემცველი საქართველოში აზარტული ტურნირების გამართვა?
“გარდა ამისა, კანონის პროექტის პირვანდელი ვერსიიდან ამოიღეს მუხლი, რომლითაც არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება, მის დაჯარიმებას ითვალისწინებდა 150 000 ლარით. პროექტის თანახმად, თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისთვის იყენებს და საერთაშორისო აზარტული ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, ის კლუბის მაგიდისთვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის. იმავდროულად, ორგანიზატორს უფლება ექნება საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარების შედეგად შემოსავალი მიიღოს. საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვები იქნება, როგორც სამორინეს მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ. ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო აზარტულ ტურნირში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 20%-ით დაიბეგრება. ამასთან, არ დაიბეგრება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ იმ საერთაშორისო აზარტულ ტურნირში მონაწილეობის შედეგად მიღებული შემოსავალი, რომლის საპრიზო ფონდი 3 000 000 ლარს აღემატება. ახალი ცვლილებით, საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის სანებართვო პირობების დარღვევისათვის ჯარიმა 50 000 ლარია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ლუდომანია ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ზუსტად ისეთივე დაავადებაა, როგორიც ნარკომანია და ალკოჰოლდამოკიდებულება. საბოლოო ჯამში, სამივე მათგანი ისეთ დამოკიდებულებას იწვევს, რის გამოც ადამიანი, ხშირ შემთხვევაში, სისხლის სამართლის დანაშაულსაც სჩადის. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ლუდომანიაც ისე იზღუდება, როგორც ნარკომანია და თუნდაც ალკოჰოლდამოკიდებულება. ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, ეს ცვლილებები აზარტულ თამაშებს არ ახალისებს, არამედ საერთაშორისო ტურნირების ორგანიზებას უწყობს ხელს, რომლის მონაწილეებიც, ძირითადად, უცხოელები უნდა იყვნენ. ეკონომისტი სოსო ბერეკაშვილი აცხადებს, რომ მართალია, ეს არ არის სპორტული ტურნირი და ცალსახად გემბლინგია, თუმცა მას მაინც არ აქვს მკაცრი პოზიცია. იგივე პოზიციას იზიარებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე. სხვათა შორის, ის, როგორც ექსპერტი, ამ კანონპროექტის განხილვაშიც აქტიურად მონაწილეობდა”, - განაგრძობს გამოცემა.
“ერთი მხრივ, ეს ცვლილებები კარგია ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან კარგი იქნება, თუ უცხოელები ჩამოვლენ აქ და ფულს დახარჯავენ. მეორე მხრივ, ზოგადად, არ ვარ სახელმწიფოს მხრიდან ზრდასრული ადამიანებისთვის იმის მითითების მომხრე, ითამაშონ თუ არა კაზინოში, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს ცვლილება მომგებიანი იქნება. ბევრი ხალხი ჩამოვა, რომელთა დიდი ნაწილი ფულს წააგებს, ხოლო მცირე ნაწილი მოიგებს კიდეც. თუმცა შემოსავლის მიღების მიღმა, მაინც ბევრი კითხვის ნიშანი რჩება, რადგან ერთია თამაში და მეორე - ლუდომანია, რაც ამ ხელისუფლების მხრიდან დეკლარირებული პრობლემაა, რომელსაც თითქოს ებრძვიან, მაგრამ ვხედავთ, რომ პირიქით ხდება - გაზრდილია ლუდომანთა რაოდენობაც და კაზინოების შემოსავალიც. კანონპროექტს რაც შეეხება, მაინც ამ პოზიციაზე ვრჩები - ეკონომიკურად, ალბათ, უფრო სასარგებლოა, ვიდრე საზიანო ჩვენთვის”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ბერეკაშვილი.
“დასაწყისშივე გეტყვით, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც მუდმივად საუბრობდა და დღემდე ვსაუბრობ, რომ აზარტული თამაშები მაქსიმალურად მკაცრად უნდა იყოს გაკონტროლებული. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ არ მინდა, ადამიანებმა იფიქრონ, თითქოს, ვახალისებ ლუდომანიას, მაგრამ ამ შემთხვევაში, ამ კანონპროექტში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ. მიზეზი მარტივია - აქცენტი, ძირითადად, უცხოელებსა და საერთაშორისო ტურნირებზე კეთდება. შესაბამისად, ეს არ იქნება ლუდომანიის წახალისება და დამატებითი ბიძგი ადამიანებისთვის, ჩაერთონ აზარტულ თამაშებში. როდესაც ამ თემასთან მქონდა შეხება, აზრი იყოფოდა ორი მიმართულებით: პირველი - ადგილობრივი მოსახლეობა და ის აზარტული თამაშები, რომელიც პირდაპირ უბიძგებს მოსახლეობას ჩართვისკენ, რაც პრობლემაა და მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ და მეორე - აზარტული თამაშების გამოყენება, როგორც ტურისტული შესაძლებლობა სხვადასხვა ტურისტების მოსაზიდად, მათ შორის, რეგიონის ქვეყნებიდან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კაპანაძე.
“ამ მხრივ, ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და რეალურად შეგვიძლია, ძალიან ბევრი ადამიანი მოვიზიდოთ, ვისაც თამაში სურს, გამომდინარე იქიდან, რომ მეზობელ ქვეყნებში, ფაქტობრივად, აკრძალულია მსგავსი თამაშები. ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა არ უნდა დავკარგოთ, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი ადამიანია კაზინოებში დასაქმებული, საკმაოდ მაღალ შემოსავალს უტოვებს აზარტული თამაშები ბიუჯეტს და ტურისტულადაც მნიშვნელოვანია. საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ჩამოვლენ უცხოელები, კაზინოში წააგებენ თანხას და წავლენ. ხშირ შემთხვევაში, ისინი რამდენიმე დღე რჩებიან ხოლმე, ძალიან მაღალშემოსავლიანი ადამიანები არიან და თანხას ხარჯავენ, როგორც სასტუმრო ინდუსტრიაში, ასევე ჰორეკასა და თანმდევ ბიზნესში. შესაბამისად, ის მოცემულობა, რომელიც გვაქვს, კარგად უნდა გამოვიყენოთ, რათა არ დავაზარალოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა”, - ამტკიცებს გიორგი კაპანაძე.
“საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ირწმუნება, რომ განხორციელდება მკაცრი მონიტორინგი, რომ დაცული იყოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. “აუცილებელი პირობაა, მონაწილეთა 80% იყოს უცხოელი, მხოლოდ 20% იქნება საქართველოს მოქალაქე. 20%-ის შემთხვევაში, ყველა ის შეზღუდვა იმოქმედებს, რაც აზარტული თამაშების თაობაზე კანონით მოქმედებს, მათ შორის, ადამიანი თუ შავ სიაშია, ის თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ასევე, საჯარო მოხელეები ვერ მიიღებენ მონაწილეობას. მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება, რომ დაცული იყოს ის წინაპირობები, რაც კანონით არის გათვალისწინებული. კლასიკური გაგებით, ეს არ არის აზარტული თამაშები და კაზინო. ეს არის სპორტული ტურნირი, რომელიც ტარდება ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ბარსელონაში, პარიზსა და მილანში. პარიზში კაზინო და აზარტული თამაშები საერთოდ აკრძალულია, მაგრამ მსგავსი თამაში ჩატარდა. კარგი იქნება, თუ მსგავსი თამაში ჩატარდება და ტურისტული ნაკადი გაიზრდება”, - მიიჩნევს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე”, - დასძენს გამოცემა.
სომხეთის პარლამენტმა “ტრამპის გზას” მხარი დაუჭირა - რას მიიღებს სამხრეთ კავკასია ამ პროექტისგან
“სომხეთის პარლამენტმა ამერიკულ მხარესთან სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას მხარი დაუჭირა - “ტრამპის გზის” პროექტი რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას ისახავს მიზნად. პროექტმა, რომელიც რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას ისახავს მიზნად, პარლამენტში მწვავე დებატები გამოიწვია, თუმცა, საბოლოოდ, სომხეთის პარლამენტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ინიციატივას მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ოპოზიციურმა ფრაქციებმა (“სომხეთი” და “ძლიერი სომხეთი”) პროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი აღნიშნულ პროექტს კონცეფციის ფორმირების საწყის ეტაპზევე პოზიტიურად აფასებდა და მას რეგიონული ინტეგრაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობად მიიჩნევდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სომხეთის პარლამენტმა “ტრამპის გზას” მხარი დაუჭირა - რას მიიღებს სამხრეთ კავკასია ამ პროექტისგან.
“ტრამპის გზის” (TRIPP) პროექტის პრაქტიკული ფაზა 22 ოქტომბერს დაიწყო. სიუნიქის რეგიონში სპეციალური სამუშაო ჯგუფი გააგზავნა, რომელიც საგზაო, სარკინიგზო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოებისთვის ემზადება. აშშ-სა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მიღებული შეთანხმების მეშვიდე პუნქტში ხაზგასმულია სომხეთის სუვერენული უფლებები. “მხარეები ადასტურებენ, რომ სომხეთი ინარჩუნებს სრულ უფლებამოსილებას თავის სუვერენულ ტერიტორიაზე და რომ TRIPP-ის განხორციელების ზონებში, ნებისმიერი საგანგებო სიტუაციის დროს, უპირატესი უფლებამოსილება სომხეთის ხელისუფლებას ენიჭება. მხარეთა განზრახვით, სომხეთს უნდა ჰქონდეს TRIPP-ის განხორციელების ზონებისთვის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გეგმების დამტკიცების უფლება. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გეგმები ითვალისწინებს კერძო დაცვის პერსონალის დაქირავებას, ეს პერსონალი უნდა ექვემდებარებოდეს სომხეთის მიერ გაცემულ ლიცენზირებას” - ნათქვამია დოკუმენტში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პროექტი გააკრიტიკა ოპოზიციური ალიანსის “ჰაიასტანის” ხელმძღვანელმა ანა გრიგორიანმა. “ფაქტობრივად, ეს ორმხრივ ხელშეკრულებად განიხილება. ორი მხარეა - სომხეთი და შეერთებული შტატები. თუმცა, მის შინაარსში ჩანს მესამე მხარეც, კერძოდ, აზერბაიჯანი. უფრო მეტიც, აზერბაიჯანის ინტერესები ამ დოკუმენტში უფრო პირდაპირ არის ასახული, ვიდრე სომხეთის ინტერესები. რას იღებს ერთ-ერთი მხარე? შეერთებული შტატები რეგიონში პირდაპირ წარმომადგენლობას იღებს. ის განთავსდება ირანის საზღვართან, მნიშვნელოვან სტრატეგიულ მონაკვეთზე. აზერბაიჯანი კი იღებს კავშირს ნახიჩევანსა და აზერბაიჯანს შორის, რაც აზერბაიჯანისა და თურქეთის ოცნება და სტრატეგიული მიზანი იყო. რას იღებს სომხეთი? როდესაც პოლიტიკური უმრავლესობა ცდილობს, ამ კითხვას პასუხი გასცეს, პირველი, რასაც ახსენებენ, “განბლოკვაა”. თუმცა, რეალურად არც ერთი კომუნიკაცია არ განბლოკილა და არც ერთი საზღვარი არ გახსნილა”, - განაცხადა ანა გრიგორიანმა, რომლის აზრით, “ესე იგი, პირველივე პასუხი უკვე მცდარია”, - განაგრძობს გამოცემა.
“დასავლელი პარტნიორები და აშშ პროექტს მხარს უჭერენ, როგორც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის წახალისების ინსტრუმენტს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების არქიტექტურის გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი. “ეს არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა იმ კეთილდღეობის მომავლის რეალიზებისთვის, რომელიც 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში აღებულ ისტორიულ ვალდებულებებშია გათვალისწინებული. შეერთებული შტატები და სომხეთი ახლა ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებიან რეგიონში შეუფერხებელი, მულტიმოდალური სატრანზიტო კავშირის დამყარებას, სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით”. - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზში”, - დასძენს გამოცემა.

























