ირაკლი კობახიძე - ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ჩვენი სურვილი - აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ზუსტად ამის გარშემო გვქონდა საუბარი შეხვედრაზე

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან სანქციებზე საუბარი არ გვქონია. საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე. სტრატეგიული პარტნიორობის ადგების შემთხვევაში, ამას მოჰყვება ყველა მიმართულებით გაგრძელება, იქნება ეს სანქციები, თუ ნებისმიერი სხვა,- ასე უპასუხა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ კითხვას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გამართულ შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქციებზე.
პრემიერის თქმით, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.
„იცით, რომ არჩევნებსა და ინაუგურაციას შორის, წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან, რაც იყო ძალიან უხეში ნაბიჯი და ეს ყველაფერი იყო იმ უხეში ნაბიჯების გაგრძელება, რასაც ვხედავდით ჩვენ წინა ადმინისტრაციის პირობებში. გახსოვთ, როგორ იტყუებოდა უხეშად მაშინდელი ელჩი, როგორ ესხმოდნენ თავს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს მაშინდელი ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ამის კულმინაცია იყო სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება საქართველოსთან.
ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ქალბატონ ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ჩვენი სურვილი - აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ზუსტად ამის გარშემო გვქონდა საუბარი შეხვედრაზე,“- აღნიშნა პრემიერმა.

























