პროკურორი - მოლოდინი გვაქვს, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, სასამართლო დავით და გურამ კაკულიებისა და ბესარიონ ჟვანიას მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს

პროკურორი - მოლოდინი გვაქვს, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, სასამართლო დავით და გურამ კაკულიებისა და ბესარიონ ჟვანიას მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს

პროკურორ მედეა ცირამუას განცხადებით, ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ 22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების: ძმებ დავით და გურამ კაკულიების და ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას მიმართ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდგომ განუცხადა.

არსებითი განხილვის დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარადგენენ. პროკურორ მედეა ცირამუას შეფასებით, დაცვის მხარის შესავალი სიტყვა აგებული იყო საკუთარ მოსაზრებებსა და შეფასებებზე, ხოლო ბრალდების მხარე საქმეზე მტკიცებულებებიდან გამომდინარე საუბრობდა.

„გვაქვს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე მიიღებს, იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. დაცვის მხარეს აქვს უფლება, ჰქონდეს და წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია თითქოსდა აღნიშნულ საქმეზე არ არსებობს მტკიცებულებები, თუმცა საქმეზე არსებობს როგორც მოწმეთა ჩვენები, ასევე ბრალდებულების ურთიერთკავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია, ბრალდებულების გადაადგილების ამსახველი ინფორმაცია, მათ შორის საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია, გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, სადაც ექსპერტიზის დასკვნით ბრალდებულების იდენტურობა დადასტურებულია. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სწორედ ამ მტკიცებულებებით, რომელსაც შემდეგი სხდომიდან გამოვიკვლევთ, მივიღებთ ერთადერთ გადაწყვეტილებას- გამამტყუნებელ განაჩენს“, - განაცხადა მედეა ცირამუამ.

ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ კი, ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

რაც შეეხება ბუსა ჟვანიას, მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს.