ბესარიონ ჟვანიას ადვოკატი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე - დღეს მოვისმინეთ ბრალდების მხარის შესავალი სიტყვა - სამართლებრივ არგუმენტაციაზე უფრო მეტად, თითქოს ყვითელი პრესის მიმოხილვას ჰგავდა

ბესარიონ ჟვანიას ადვოკატი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე - დღეს მოვისმინეთ ბრალდების მხარის შესავალი სიტყვა - სამართლებრივ არგუმენტაციაზე უფრო მეტად, თითქოს ყვითელი პრესის მიმოხილვას ჰგავდა

დღეს მოვისმინეთ ბრალდების მხარის შესავალი სიტყვა. შესავალ სიტყვასა და სამართლებრივ არგუმენტაციაზე უფრო მეტად, თითქოს ყვითელი პრესის მიმოხილვას ჰგავდა,- ამის შესახებ 22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ბესარიონ ჟვანიას ადვოკატმა ალექსანდრე ჩხეიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჰიპოთეზურად ისაუბრეს ყველაფერზე და არ გაჟღერებულა, რომელიმე მოწმის მხრიდან რაიმე კონკრეტული ბესარიონ ჟვანიას წინააღმდეგ.

„დღეს მოვისმინეთ ბრალდების მხარის შესავალი სიტყვა. პირდაპირ გეტყვით, შესავალ სიტყვასა და სამართლებრივ არგუმენტაციაზე უფრო მეტად, თითქოს "ყვითელი პრესის" მიმოხილვას ჰგავდა. „რადგან ერთი პირი მეორეს იცნობდა“, „რადგან ვიღაცა ვიღაცას ესტუმრა“ - ესე იგი აქედან ასკვნიან, რომ ბესარიონ ჟვანია არის მკვლელობის ორგანიზატორი.

თქვენ მოისმინეთ კონკრეტული მტკიცებულება? ჰიპოთეზურად ისაუბრეს ყველაფერზე, გვაქვს აუდიოჩანაწერები, ვიდეოჩანაწერებიო, მოწმეები გვყავსო, ექსპერტიზის დასკვნები გვაქვსო, თუმცა ეს მტკიცებულებები, კონკრეტულად რომელიმე ვიდეოჩანაწერით თუ რამე კონკრეტულს ამტკიცებს, ან ადასტურებს, ან ვინმე მოწმე რამეს იძახის კონკრეტულად ბესარიონ ჟვანიას მიმართებაში და მის წინააღმდეგ, ასეთი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, იმიტომ ფიზიკურად არ არსებობს“, - აღნიშნა ალექსანდრე ჩხეიძემ.

ამასთან, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბესარიონ ჟვანიასთან არ ჰქონია კომუნიკაცია და არ იცის სად იმყოფება.

„წინაზეც განვმარტე, რომ ბესარიონ ჟვანიასთან არ მქონია საერთოდ კომუნიკაცია. როგორც ვიცი, არც ოჯახს არ აქვს. არ ვიცი სად იმყოფება და თუ იმალება, ეგეც არ ვიცით, მაგის დამადასტურებელი მტკიცებულებაც არ აქვს ბრალდების მხარეს. ფაქტია, რომ არ ცხადდება სასამართლოში. ინფორმირებული არის თუ არა ბესარიონ ჟვანია, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაც არ აქვს ბრალდების მხარეს წარმოდგენილი“,- აღნიშნა ალექსანდრე ჩხეიძემ.

ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ კი, ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას, ის 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. ნიკო კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.