ნიკა გვარამია - საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ ორი არჩევანი აქვს: ან გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციას და ან გადაწყვეტილება, რომელიც დაანგრევს პოლიტიკურ პლურალიზმს და შეუძლებელს გახდის ევროპულ მომავალს

ნიკა გვარამია - საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ ორი არჩევანი აქვს: ან გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციას და ან გადაწყვეტილება, რომელიც დაანგრევს პოლიტიკურ პლურალიზმს და შეუძლებელს გახდის ევროპულ მომავალს

საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ ორი არჩევანი აქვს - ან გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციას და ეს არის უარი პარტიების აკრძალვაზე ან გადაწყვეტილება, რომელიც დაანგრევს პოლიტიკურ პლურალიზმს და შეუძლებელს გახდის საქართველოს ევროინტეგრაციას და ეს არის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება. დიახ, საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია თავის გადაწყვეტილებებში სწორედ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დანაწესით, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე კოალიციის საპასუხო არგუმენტების წარდგენისას განაცხადა.

გვარამიას თქმით, „ქართული ოცნების“ ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში არის უნიკალური და ძალიან სასარგებლო ქართული სახელმწიფოებრიობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი ქართული ისტორიის მისწრაფებისა, იყოს ევროპის ნაწილი.

„კონსტიტუცია პირდაპირ ამბობს, რომ ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის. მე შევეცდები დავასაბუთო, რომ თქვენი გადაწყვეტილება ამ მხრივ შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს და კონსტიტუციის 78-ე მუხლი თქვენთვის არის სახელმძღვანელო, მათ შორის, ამ გადაწყვეტილების მიღებისას. 78-ე მუხლის ბუნება ჩვენი არგუმენტების უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ის კონსტიტუციის ყველა იმ მუხლის მაკონტროლებელია და იმპერატიული ვალდებულების დამდგენია, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს ეხება. ამიტომ 78-ე მუხლი არა მხოლოდ ზომების მიღებას გვავალდებულებს თავისი იმპერატიული დავალებით, არამედ უპირველეს ყოვლისა, ისეთი ზომების მიღებას კრძალავს, რომლებიც ამ მიზნის მიღწევას შეუძლებელს გახდის. შეგახსენებთ, ყველა დანარჩენ ნორმასთან შედარებით, რომელიც დღეს მოყვანილია სარჩელში, 78-ე მუხლი ყველაზე მკაცრი და ცალსახა იმპერატიული ნორმაა. აქვე, ბუნებრივია, შევეხები იმას, რომ 78-ე მუხლი მოქმედებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამის მოთხოვნებზე და დანაწესებზე. იმ შემთხვევაში, თუ ევროპული დანაწესი, მოთხოვნა ან კრიტერიუმი, რომლითაც ის ესაუბრება საქართველოს და ეუბნება, რომ ის დაშორდება ევროინტეგრაციას, თუ ეს დანაწესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, ბუნებრივია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მაგრამ თუ ეს პრინციპი ან არ ეწინააღმდეგება, ან როგორც სასამართლო დაადგენს, კონსტიტუციით რეგულირებული არ არის, ან ბუნდოვანია გადაწყვეტილება, საით მხარეს უნდა წავიდეს ანუ არსებობს ეჭვი ამასთან დაკავშირებით, ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, 78-ე მუხლი არის თვითაღსრულებადი. იგი ბოჭავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიიღოს ის გადაწყვეტილება, როგორი შინაარსიც აქვს 78-ე მუხლს. მე, საბოლოო ჯამში, მინდოდა ამ წარმოდგენილი პოზიციით მეთქვა, რომ 78-ე მუხლი არის მბოჭავი იმპერატივი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. საქართველო ამ მიმართებით გარკვეულწილად უნიკალურია, ის მკაფიოდ ადგენს ჩარჩოს, რომელშიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკამ უნდა იმოძრაოს. ეს ჩარჩო არის კონსტიტუციური და ეს ჩარჩო არის კონსტიტუციური ორგანოებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლო გარკვეულწილად უნიკალურია, იგი ერთი მხრივ, თავად არის ამ ჩარჩოს შიგნით იმპერატიულად შეზღუდული, რომ ამ ჩარჩოს შიგნით იმოძრაოს და მასზე ვრცელდება ეს იმპერატივი, მაგრამ ამასთანავე, არის „მოდარაჯე ძაღლი“, რომ სხვა კონსტიტუციური ორგანოები არ გასცდნენ ამ ჩარჩოებს და დიახ, სუბსტანცია ამ იმპერატივის, არის საგარეო პოლიტიკური კურსი, ამიტომაც არის უნიკალური, გარკვეულწილად, ეს კონსტიტუციური დანაწესი და ალბათ, თუ ერთადერთი არა, ობიექტური პოზიცია იქნება თუ ვიტყვით, რომ „ქართული ოცნების“ ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში არის მართლა უნიკალური და ძალიან სასარგებლო ქართული სახელმწიფოებრიობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი ქართლი ისტორიის მისწრაფებისა, იყოს ევროპის ნაწილი. ამის შემდეგ რას აკეთებს „ქართული ოცნება“, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ეს შემდგარი ფაქტია და ამიტომ ამ ფაქტს გავუწიოთ ანგარიში კი არა, უნდა დავემორჩილოთ, თუ ვართ კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მოქალაქეები და ვემორჩილებით კონსტიტუციას, რაც ჩვენი ვალდებულებაა“, - განაცხადა გვარამიამ.