ლიეტუვის პრემიერის განცხადებით, რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, წინააღმდეგობისთვის მზად არიან, თუმცა ევაკუაციის გეგმებიც მზად აქვთ

ლიეტუვის პრემიერის განცხადებით, რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, წინააღმდეგობისთვის მზად არიან, თუმცა ევაკუაციის გეგმებიც მზად აქვთ

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის, მინდაუგას სინკევიჩიუსის განცხადებით, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე მისმა ქვეყანამ ევაკუაციის გეგმები შეიმუშავა, თუმცა თავდასხმის შემთხვევაში არ დანებდებიან.

ლიეტუვის პრემიერმა BBC-ის განუცხადა, რომ ლიეტუველები რუსეთის მხრიდან მუდმივ საფრთხეს გრძნობენ, რაც ნაწილობრივ ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრით არის განპირობებული.

„თავდასხმის შემთხვევაში შევებრძოლებით, ბრძოლაში ჩავერთვებით”, - განაცხადა მინდაუგას სინკევიჩიუსმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ არსებობს გეგმები „სხვადასხვა სცენარისთვის“ და მაგალითად მოიყვანა ხანდაზმული მოქალაქეების ქალაქებიდან შეუფერხებლად გაყვანა და საცობების თავიდან აცილება.

„სხვადასხვა სცენარს განვიხილავთ; ყველა მათგანი საჯაროდ აქტიურად არ განიხილება. კონკრეტული საფრთხეების წინაშე ვდგავართ. არა ყოველდღიურ რეჟიმში, თუმცა ამ საფრთხეებს განვიცდით და ეს ჩვენთვის რეალობაა“, - აღნიშნა ლიეტუვის პრემიერმა.

სინკევიჩიუსმა ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის საკითხებში მიდგომის კუთხით გაერთიანებულ სამეფოს „აზროვნების შეცვლა“ სჭირდება, თუმცა დასძინა, რომ ლიეტუვა „საზღვართან და საფრთხესთან უფრო ახლოს“ მდებარეობს.

შეგახსენებთ, ნატო-ს გამანადგურებლების პილოტებმა რამდენიმე დღის წინ ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს. ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, რობერტას კაუნასმა განაცხადა, რომ დრონი ბელარუსის მხრიდან შევიდა.