ახალსოფელში მევენახეები აქციას მართავენ და ყურძნის დაბალ ფასს აპროტესტებენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მევენახეები აქციას მართავენ.
ისინი ერთ-ერთ საწარმოსთან არიან შეკრებილი და ყურძნის ჩაბარების დაბალ ფასს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ, რადგან არსებული თანხა მინიმალურია და ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს.
"ჩვენ ამ ყურძენს ვერ ჩავაბარებთ 30 თეთრად", - აცხადებს ერთ-ერთი ფერმერი.
ადგილზე იმყოფება ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, სახელმწიფო შესაბამისი კონდიციის საფერავს 1.50 ლარად, სხვა ჯიშებს კი 1.30 ლარად ჩაიბარებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ფასების დიფერენცირების მიზანი ვენახის მოვლის სტიმულირებაა, ხოლო კერძო სექტორთან მოლაპარაკების ყოველთვის არის შესაძლებელი.
"ჩვენ ვმოქმედებთ შესაბამისი დადგენილების პირობებში, რომელიც მიღებულ იქნა წლის დასაწყისში იმისთვის, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებულიყო პირობები, მოსახლეობას მიეყვანა ყურძენი რთველის პერიოდში კონდიციამდე. პირდაპირ გეტყვით,რომ 17%-მდე შაქრიანობის პროდუქტს ყურძნად არ ვთვლით. რაც შეეხება ყურძენს, სახელმწიფო საფერავს იბარებს 1.50 ლარად, 1.30 ლარად ყველა სხვა ჯიშის საღვინე ყურძენს, რომელიც არის შესაბამისი ხარისხის. არადიფერენცირებული ფასი ჩვენი გამოცდილებით სწორედ იმას იწვევს, რომ მოსახლეობა, ფერმერი აღარ ზრუნავს ვაზზე, ვენახზე - ნაკლებად ზრუნავს და შესაბამისად, ესეც დღევანდელი მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი ეს არის, რომ ამ სოფლებში მასიურად არ არის ყურძენი კონდიციური. როგორც ჩანს, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი", - აცხდებს ლევან მუხუზლა.
რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან კომპრომისებს, როგორც მან განმარტა, სააგენტო განიხილავს შეკრებილებთან ტექნიკურ საკითხებს და პროცედურებს, რაც შეეხება ფასს, სახელმწიფო ადგენს მხოლოდ ფასების მინიმუმს.
"ნებისმიერ ტექნიკურ საკითხებს განვიხილავთ და მოლაპარაკება იგივე ახსნა პროცედურების, შაქრიანობის გაზომვა სხვადასხვა მეთოდებით, ამაზე მივყვებით. სახელმწიფო რეალურად ადგენს ფასების იატაკს, შესაბამისად, ყოველთვის არის [შესაძლებელი] , რომ მოლაპარაკება მოხდეს კერძო სექტორთან, თუ არ მოსწონთ ფასი", - აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.

























