ირაკლი ანთაძე - ერგნეთში შეხვედრაზე მთავარი პრიორიტეტია უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების და ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები

ირაკლი ანთაძე - ერგნეთში შეხვედრაზე მთავარი პრიორიტეტია უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების და ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერგნეთში დღეს გამართული შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა უკანონო პატიმრობაში მყოფი თანამოქალაქეების საკითხი იქნება.

როგორც ირაკლი ანთაძემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 105-ე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, საოკუპაციო ხაზთან ამ მომენტამდე სერიოზული ინციდენტები არ დაფიქსირებულა.

„შეხვედრაზე მთავარი პრიორიტეტი გახლავთ, რა თქმა უნდა, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკითხი და ასევე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი, რაც ძაბავს საოკუპაციო ხაზის ირგვლივ არსებულ ვითარებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.

ამ პერიოდისთვის, უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 6 თანამოქალაქე. რაც შეეხება ე.წ. პროცესებს, გაიმართა ვლადიმერ კანიაშვილისა და კახაბერ ნათაძის სასამართლო პროცესები, მათ შეეფარდათ უკანონო სასჯელი, ვლადიმერ კანიაშვილს 6 თვის ვადით, ხოლო კახაბერ ნათაძეს 3.6 წლის ვადით. ბრძოლა გაგრძელდება და ჩვენი ყველა თანამოქალაქე აუცილებლად დაუბრუნდება საკუთარ ოჯახებს, ისე როგორც ეს სხვა შემთხვევებში მოხდა. აქვე მინდა ვთქვა მამუკა ჩხიკვაძეზე, მისი ე.წ. სასამართლო პროცესი არ გამართულა. ჩვენ ყოველდღე ვინტერესდებით ე.წ ცხელი ხაზით, რომ მივიღოთ განახლებული ინფორმაცია თუნდაც თარიღის შესახებ. დღევანდელ შეხვედრაზეც გვაქვს იმედი, რომ ეს საკითხიც გაირკვევა. რაც შეეხება ზაზა მეგრელიშვილს, თამაზ გოგიჩაშვილსა და ლაშა ხეტერელს, ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარეობს „პროცედურები“, ე.წ. გამოძიება, ეს არის ბოლოს გაზიარებული ინფორმაცია.

რაც შეეხება საოკუპაციო ხაზის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას, ალბათ გახსოვთ, რომ სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა მიზეზის გამო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხადდება ხოლმე ამგვარი მდგომარეობა, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გასული დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მნიშვნელოვანი და სერიოზული ინციდენტები არ დაფიქსირებულა. სიტუაცია არის ისე, როგორც იყო აქამდე. პერიოდულად საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, იძულებულები ვართ გავატაროთ გარკვეული ზომები. ეს ატარებს დროებით, პრევენციულ ხასიათს. ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყველასთვის ნათელია, რომ არანაირი დაძაბულობა არ შეინიშნება და არანაირი გადაადგილება, რაც გააჩენს თუნდაც, მცირე საფუძველს, რომ ვინმე რაიმესთვის ემზადება. ჩვენ ინტენსიურ მონიტორინგს ვუწევთ საოკუპაციო ხაზს. ამ მომენტამდე სერიოზული ინციდენტები არ ფიქსირდება“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.