ზვიად ზვიადაძე - ერგნეთში შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი უმთავრესი თემა იყო ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ახალგორის რაიონში

შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი უმთავრესი თემა იყო ის ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც შექმნილია ახლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და განსაკუთრებით ახალგორის რაიონში, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ზვიად ზვიადაძის ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაადგილებაზე არსებული უკანონო შეზღუდვების მოხსნაზე ახალი ინფორმაცია ვერ მიიღეს.
,,უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების საკითხის შემდეგ, ერთ-ერთი უმთავრესი თემა იყო ის ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც შექმნილია ახლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და განსაკუთრებით ახალგორის რაიონში, სადაც მოსახლეობა განიცდის უკიდურეს სოციალურ სიდუხჭირეს და ელემენტარულად, მათ წვდომა არ აქვთ ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე. ასევე განხილული იქნა მდგომარეობა კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით და როგორც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ისინი შესაბამის დახმარებას იღებენ რუსეთის ფედერაციიდან და ფიქრობენ, რომ პრობლემას გადაჭრიან თავიანთი ძალებით. ამის მიუხედავად, ჩვენგან კიდევ ერთხელ იქნა შეთავაზება დაფიქსირებული, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გამართულ ყველა შეხვედრაზე თუ ,,ცხელი ხაზის“ მეშვეობითაც კეთდება, თუმცა, კონკრეტულ დახმარებაზე ამჯერადაც უარი მივიღეთ.
ადამიანები ვერ ახერხებენ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, წლებია უკვე, ბოლო ორი წლის მანძილზე განსაკუთრებით, გარდაცვალების რამდენიმე ათეული შემთხვევა იყო დაფიქსირებული. სამწუხაროდ, გადაადგილებაზე არსებული უკანონო შეზღუდვების მოხსნაზე ახალი ინფორმაცია ვერ მივიღეთ, ისინი კვლავ აცხადებენ, რომ გადასასვლელების ჩაკეტვა უკავშირდება ჩორჩანაში არსებულ საგუშაგოს, თუმცა, ბუნებრივია, თავადაც ხვდებიან, რომ ამ ორ საკითხს ერთმანეთთან არანაირი ლოგიკური და რეალური ბმა არ აქვს. მომავალშიც მაქსიმალური ძალისხმევით გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ამ მიმართულებით მუშაობას, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალება“, - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

























