ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დასრულდა, მომდევნო შეხვედრა 4 მარტს გაიმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 104-ე შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სუს-ის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხი, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ უკანონო დაკავებები არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აუცილებელია მათი დაუყონებლივ გათავისუფლება.
ამასთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აღნიშნულ უკანონო ქმედებაში სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის საოკუპაციო ძალებს აკისრებს. შეხვედრაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკანონოდ დაკავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
უწყების ცნობითვე, IPRM-ზე განხილული იქნა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მიმდებარედ უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებული ყველა უკანონო ქმედება, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის შემთხვევები.
IPRM-ის მომდევნო შეხვედრა 2022 წლის 4 მარტს გაიმართება.

























