დიმიტრი მედოევი - იტალიის პარლამენტში დიდი ინტერესი გამოიჩინეს ე.წ. სამხრეთ ოსეთისადმი

დიმიტრი მედოევი - იტალიის პარლამენტში დიდი ინტერესი გამოიჩინეს ე.წ. სამხრეთ ოსეთისადმი

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის ინფორმაციით, იტალიის პარლამენტში დიდი ინტერესი გამოიჩინეს ე.წ. სამხრეთ ოსეთისადმი.

სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ მედოევმა დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს განუცხადა, რომელიც ე.წ. მინისტრის იტალიაში რამდენიმე დღის წინანდელი „ვიზიტითა“ და მისი შედეგებით დაინტერესდა.

„მე მტკიცედ განვაცხადე, რომ ჩვენი ხელმძღვანელობის პოზიციაა ომის, ძალოვანი ვარიანტების, ტერორიზმის სრული დაგმობა და ჩვენ ამას ყველგან ვგმობთ. მათ აინტერესებდათ ჩვენი ქვეყნის საქართველოსთან ურთიერთობის ფორმატი. მივაწოდეთ ჩვენი საერთაშორისო პოზიცია და შევახსენეთ, რომ ვმონაწილეობთ ჟენევის დისკუსიებში, რომელშიც ღიად ვაფიქსირებთ ჩვენ პოზიციებს“ , - განაცხადა მედოევმა.

მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთოსური დელეგაციის იტალიაში ყოფნისას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ პროტესტი გამოთქვა „დელეგაციის“ იტალიის პარლამენტში მიღების გამო.

„იყო სპეციალური ნოტები, რომლებიც გმობს ჩვენ საერთაშორისო ღონისძიებებს. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და საერთაშორისო ხაზით კონტაქტები მომავალშიც გაფართოვდება“ , - განაცხადა მედოევმა.

იტალიაში ყოფნისას, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი პარტია „ალტერნატივადან“ იტალიის პარლამენტის დეპუტატს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს პინო კაბრასს და პარტია „ლიგას“ წევრ დეპუტატს, ამავე კომიტეტს წევრს ვიტო კომენჩინის შეხვდა.