ერთი ადამიანი უკრაინა-საქართველოს ძმურ მეგობრობას ვერ გაამწვავებს, რომელიც როგორც ჭირში, ასევე ლხინში ყოველთვის იყო გამორჩეული გვერდში დგომით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კონსტიტუციის დარღვევა იყო, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე ერეოდა სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქე საქართველოს არჩევნებში.
„პარლამენტის თავმჯდომარე საქმის კურსშია ყოველთვის და ეცოდინება ყველაფერი ის, რაც არის საჭიროა. როცა ვსაუბრობთ სპეცოპერაციაზე და საუბარია გარკვეულ პერიოდში დაგეგმილ სპეცოპერაციაზე, რომელზეც მათ ჩათვალეს, რომ პოლიტიკოსებს ეს არ უნდა სცოდნოდათ, თუნდაც იმ მიზნიდან გამომდინარე, რომ სპეცოპერაცია მაღალ დონეზე ჩატარებულიყო და არ ყოფილიყო ზედმეტი აჟიოტაჟი და ხელშეშლა სხვადასხვა მიზნებიდან გამომდინარე, მათ გააკეთეს არჩევანი და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის სწორი ინსტიტუციური მოწყობის შედეგი, როცა სამართალდამცავი ორგანოები აკეთებენ იმ საქმეს, რაც მათ ევალებათ.
რაც შეეხება უკრაინასთან ურთიერთობას, ერთი ადამიანი უკრაინა-საქართველოს ძმურ მეგობრობას ვერ გაამწვავებს, რომელიც როგორც ჭირში, ასევე ლხინში ყოველთვის იყო გამორჩეული გვერდში დგომით. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, აქ არის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ვამბობდით, რომ კონსტიტუციის დარღვევა იყო, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე ერეოდა სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქე საქართველოს არჩევნებში, ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამაზე წუხილები მათი მხრიდანაც იყო გამოთქმული,“- განაცხადა კუჭავამ.
ის იმედს გამოთქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მათი ლიდერის დაკავების შემდეგ დესტრუქციის ნაცვლად, საარჩევნო უბნებზე მივა და საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს.
„მე იმედი მაქვს, რომ გუშინდელი დაკავებით მათი ლიდერის, რომელიც იყო მთავარი დესტრუქციული და ძალადობისკენ მომწოდებელი 3 ოქტომბრის შეკრებებისკენ და არა არჩევნების გამარჯვებისკენ, იქნება კარგი მაგალითი სხვებისთვის, რომ ყველანაირ პროვოკაციაზე, თუ რამე აქვთ დაგეგმილი, უარი თქვან, ხელი შეუწყონ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას თავიანთი ქმედებებით, მოვიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ საკუთარი ხმა. საპროტესტო აქციებს არა არჩევნების შედეგების მიხედვით, არამედ ისედაც ველოდებოდით, რადგან არ მახსენდება არცერთი პროგრამა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოედგინა, მათი მთავარი მოწოდება იყო 3 ოქტომბრისთვის მობილიზაცია, ისინი ალბათ, თავის გეგმას გააგრძელებენ პროტესტის გზით. შარშანაც არ ჰქონდათ ამის მიზეზი, მაგრამ აპროტესტებდნენ არჩევნებს, რომლის ლეგიტიმაციაზეც არ ჰქონდათ მიზეზი“, - განაცხადა კუჭავამ.