გალის რაიონის მთავარი სანიტარული ექიმი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაკეტვას ითხოვს

გალის რაიონის მთავარი სანიტარული ექიმი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაკეტვას ითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ქობალია დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე გადასვლის რეჟიმის გამკაცრებას მოითხოვს. ამის შესახებ მან სააგენტო „სპუტნიკთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„საჭიროა ადამიანთა ნაკადების შემცირება, როგორც იყო საზღვრის გახსნამდე პერიოდში, როდესაც საზღვარზე გადადიოდნენ მხოლოდ მოხუცები, ბავშვები და ისინი, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. საქართველოსთან საზღვარზე შეზღუდვა უკვე ოთხი თვეა მოხსნილია. ნებისმიერ მსურველს, ვისაც საბუთი აქვს, შეუძლია საზღვრის გადაკვეთა. ადამიანებისგან იღებენ ანალიზს სწრაფი ტესტისთვის საქართველოს მხარეს. რაიონში დაბრუნებისას თუკი ადამიანი არ წარმოადგენს ქაღალდს, რომელიც გვიჩვენებს, რომ მან 72 საათის განმავლობაში ჩაიტარა ანალიზი, ჩვენც ვატარებთ ანალიზს“ - განაცხადა ქობალიამ.

მისი თქმით, დღეში საზღვარს ორივე მიმართლებით მინიმუმ ათასი ადამიანი კვეთს.

მანვე შეაფასა ეპიდემიოლოგიური ვითარება გალის რაიონში, რომელიც მისი თქმით, სტაბილურად მძიმეა - ვითარება არც უარესდება და არც უკეთესდება.

„ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა საზღვარი. ზოგი ექიმების გვერდის ავლით შემოდის, ზოგი მალვით, ზოგი კი საზღვრის ქვედა ზონის გავლით. ეს ხელს უწყობს რაიონში დაავადების გავრცელებას. დაავადებულთა ზუსტი რაოდენობის დასახელება არ შემიძლია, რადგან მნიშვნელოვანი ნაწილი ექიმს არ მიმართავს“ - განაცხადა ქობალიამ.

მისი თქმით, ათასი ადამიანიდან, ვინც საზღვარს კვეთს, დაახლოებით 600-700-ს საჭირო საბუთები გააჩნია.

მისივე განცხადებით, გალის რაიონის მცხოვრებლები ძირითადად ქართულ ტელევიზიას უყურებენ, სადაც ძირითადად, რუსული ვაქცინის საწინააღმეგო პროპაგანდა მიმდინარეობს. ამიტომ, მისი თქმით, ვაქცინების მიმართ დიდი ნდობა არ არის, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ აფხაზეთში აცრას ბევრი არ იკეთებს.

ქობალიას ინფორმაციით, გალის რაიონის უმეტესობა აცრილია საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დასავლური მედიკამენტებით, რასაც მოწმობს საბუთები, რომლებსაც ისინი საზღვარზე გადასვლისას წარმოადგენენ.

ქობალიამ ასევე აღნშნა, რომ ზუგდიდის რაიონში ერთი დღის განმავლობაში ექიმები 200-300 ადამიანს ავლენენ, ვისაც კორონავირუსი აქვთ. იქედან გამომდინარე, რომ გალის რაიონის მცხოვრებთა უმეტესი ნაწილი სწორედ იქ გადადის, აფხაზეთისთვის საფრთხე საკმაოდ მაღალია.