ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რეგიონში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საველე ჰოსპიტალს აწყობს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 97 ადამიანით გაიზარდა და საერთო ჯამში 23 651 შეადგინა, - ამის შესახებ „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.
ამავე პერიოდის განმავლობაში გარდაიცვალა სამი ადამიანი. რეგიონში პანდემიის დაწყების დროიდან ვირუსს 345 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში საველე ჰოსპიტლის მოწყობას გეგმავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსი სამხედრო მედიკოსები რეგიონში დღეს ჩავლენ. მობილური ჰოსპიტალი 100 საწოლზე იქნება გათვლილი.

























