თეა ახვლედიანი უკრაინის ვიცე-პრემიერს, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა

თეა ახვლედიანი უკრაინის ვიცე-პრემიერს, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი უკრაინის ვიცე-პრემიერს, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებითა და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმით შექმნილი სამმხრივი უწყებათაშორისი პლატფორმის, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „უკრაინაში მშვიდობის მშენებლობისა და შერიგების ხელშეწყობის" პროექტის ფარგლებში. „მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული მდგომარეობა და რუსეთის იზოლაციონისტური პოლიტიკა, რომლის მიზანია გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთმანეთისგან დაშორება და გაუცხოების გაზრდა. სახელმწიფო მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს და უკრაინის მთავრობების მიერ აქტიურად წარმოებული სამშვიდობო პოლიტიკის, მის ფარგლებში განხორციელებული პროგრამების, მიმდინარე აქტივობების და სამომავლო გეგმების თაობაზე, რომლებიც მიზნად ისახავს ხელოვნურად გახლეჩილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას, მათ ჩართულობას, დახმარებას და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" განხორციელების მიმდინარეობაზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრობლობისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად. მან უკრაინელ კოლეგას ასევე გააცნო უწყების სამომავლო ხედვა, რომელიც მოიცავს ახლად წამოწყებულ ინიციატივებს ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის და მოსახლეობის დამატებითი დახმარების მიმართულებით. სახელმწიფო მინისტრმა და უკრაინის ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვეს უწყებებს შორის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების და საერთო გამოწვევებთან ერთად გამკლავების მნიშვნელობას. შედეგად, მხარეები სამომავლო მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.