ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია ასლან ბჟანიას გადადგომას მოითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია ასლან ბჟანიას გადადგომას მოითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“ დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ნებაყოფლობით გადადგომისკენ, ე.წ. „პარლამენტს“ კი „საპრეზიდენტო“ არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორგანიზაციის თავმჯდომარემ თემურ გულიამ დღეს გამართულ ყრილობაზე ოკუპირებული აფხაზეთის „ხელმძღვანელობა“ გააკრიტიკა. ერთ-ერთი საკითხი, რაზედაც მან ისაუბრა, „ოფიციალურ თბილისთან“ ეკონომიკური ურთიერთობები იყო.

„საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობები შეუძლებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან, შეიძლება აფხაზეთში ოფიციალური თბილისის პოლიტიკის გავრცელება გამოიწვიოს“, - აღნიშნა გულიამ.

მან ასევე გააკრიტიკა საქართველოსთან „მრავალდონიანი მოლაპარაკებების“ იდეა და ხაზი გაუსვა, რომ არსებულ პირობებში „საქართველოსთან ურთიერთობა შეუძლებელია“.

ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ მე-9 კონგრესზე 700-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.