ოკუპირებული ცხინვალის დაზვერვის დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ რეგიონში დაძაბულობის მთავარი ფაქტორი საქართველოა

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის დე ფაქტო სამსახურის ხელმძღვანელის ალექსეი ვარზიევის განცხადებით, რეგიონში დაძაბულობის მთავარ ფაქტორად „საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის პრიორიტეტი რჩება, თავისი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს ნატოს ინფრასტრუქტურის ელემენტების განთავსებას საქართველოში“.
მისი თქმით, თბილისი და მისი მოკავშირეები განაგრძობენ ნაბიჯების გადადგმას დაძაბულობის წერტილების შესაქმნელად ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვრის გასწვრივ.
„თბილისი, ასევე, ახორციელებს პროვოკაციული ხასიათის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია იქითკენ, რომ არ დაუშვან სამხრეთ ოსეთი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონიშვნის სამუშაოები“ , - განაცხადა ვარზიევმა.
მისი თქმით, რეგიონალურ მდგომარეობაზე გავლენის ისეთი ფაქტორები, როგორებიც არის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებები, სამხედრო-ბიოლოგიური ლაბორატორიის ქსელის საქმიანობა, წარმოადგენს მუდმივი საფრთხის წყაროს მთელი რეგიონისთვის.
დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, საქართველო უარს არ ამბობს თავის რევანშისტულ გეგმებზე. მისი თქმით, ეს გამოიხატება არა მხოლოდ იმაში, რომ ხელს არ აწერს მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობის შესახებ, არ აღიარებს ოსების გენოციდს, არ აღიარებს „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობას“ და არ წყვეტს პროვოკაციებს „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საზღვართან.
ე.წ. პრეზიდენტის თქმით, ქართული მხარე „სამხრეთ ოსეთში სოციალური ქსელის მეშვეობით ძაბავს ვითარებას.
მისი ინფორმაციით, საქართველოში ამ დრომდე ფუნქციონირებს ორგანიზაცია, რომელიც, ჯერ კიდევ, 2008 წელს შეიქმნა დიმიტრი სანაკოევის მიერ, რომელშიც არიან ოსურენოვანი მოქალაქეები, რომლებიც სოციალური ქსელებით ცდილობენ ვითარების დაძაბვას.

























