ოკუპირებული ცხინვალის ოპოზიციონერი „დეპუტატები“ აცხადებენ, რომ „სამხრეთ ოსეთისა“ და რუსეთის ფედერაციის მთავრობებს შორის კონტაქტები არალეგიტიმურია

ოკუპირებული ცხინვალის ოპოზიციონერი „დეპუტატები“ აცხადებენ, რომ „სამხრეთ ოსეთისა“ და რუსეთის ფედერაციის მთავრობებს შორის კონტაქტები არალეგიტიმურია

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პარლამენტის“ ოპოზიციონერმა „დეპუტატებმა“ რუსეთის ვიცე-პრემიერ-მინისტრს, მარატ ხუსნულინს წერილი გაუგზავნეს, სადაც აღნიშნულია, რომ „სამხრეთ ოსეთისა“ და რუსეთის ფედერაციის მთავრობებს შორის კონტაქტები არალეგიტიმურია, ვინაიდან ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ „მინისტრთა კაბინეტისა“ და „პრემიერ-მინისტრის“ უფლებამოსილების ვადა 29 ოქტომბერს ამოიწურა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წერილი „დეპუტატ“ დავით სანაკოევის „ფეისბუქ“ გვერდზეა გამოქვეყნებული.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის გაფორმებულ ორმხრივ შეთანხმებებსა და ოქმებს, „საინვესტიციო პროგრამასთან“ დაკავშირებულ დოკუმენტებს სამართლებრივი საფუძველი და იურიდიული ძალა არ გააჩნია,“ - აღნიშნულია წერილში.

მათივე განცხადებით, “რესპუბლიკაში” არსებულმა სოციალურ-პოლიტიკურმა სიტუაციამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა „პარლამენტის“ მუშაობაზე, რომელმაც ჯერაც ვერ მოახერხა 2021 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის“ დამტკიცება.

„ყველა ეს პროცესი დესტრუქციულად მოქმედებს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობაზე, რომელიც რუსეთმა აღიარა და წარმოადგენს რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ”, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ე.წ. „პარლამენტის“ 14 ოპოზიციონერი წევრი აწერს ხელს.