თეა ახვლედიანი -  საოკუპაციო რეჟიმი დესტრუქციულ პოლიტიკას აგრძელებს, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და უკანონო  პატიმრობისკენ

თეა ახვლედიანი -  საოკუპაციო რეჟიმი დესტრუქციულ პოლიტიკას აგრძელებს, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და უკანონო  პატიმრობისკენ

სამწუხაროდ, დღეს საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა და ზაზა გახელაძეს უკანონო პატიმრობა გაუხანგრძლივა, - ასე შეაფასა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა ახვლედიანმა საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის 2 თვით გახანგრძლივება.

როგორც მან აღნიშნა, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და გრძელდება საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა, რათა საოკუპაციო რეჟიმზე წნეხი გაძლიერდეს.

„სამწუხაროდ, როგორც ცნობილია, საოკუპაციო რეჟიმი დესტრუქციულ პოლიტიკას აგრძელებს, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და უკანონო პატიმრობისკენ. დღეს დაკავებულია ჩვენი რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ზაზა გახელაძე და სხვები. სასიხარულო ამბავია ის, რომ გუშინწინ გათავისუფლდა მირიან თაზიაშვილი. ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას უკანონო პატიმრობაში დარჩენილი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების მიზნით. სამწუხაროდ, დღეს საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა და ზაზა გახელაძეს უკანონო პატიმრობა გაუხანგრძლივა. როგორც არაერთხელ განგვიცხადებია, საქართველოს შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში მუშაობენ, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც რეგულარულად ვიღებთ ინფორმაციას უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ და რაც მთავარია, ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გაძლიერდეს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე და მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების შედეგს“,-განაცხადა ახვლედიანმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა. შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს.