ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრებს მართავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელიც „სამუშაო ვიზიტით“ მოსკოვში იმყოფება, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილეს სერგეი კირიენკოს შეხვდა. ბჟანიას პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მათ "აფხაზეთ-რუსეთის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი" განიხილეს. მათივე ინფორმაციით, ბჟანია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკსაც შეხვდა.
”შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთ-რუსეთის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, კერძოდ, ენერგეტიკის საკითხები, სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი ვითარება, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას 2020-2022 წლებში”, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათი ცნობით, ბჟანიამ კიდევ ერთი შეხვედრა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრთან, მიხეილ მურაშკოსთან გამართა, რომელსაც კოვიდ 19-ის წინააღმდეგ „ბრძოლაში დახმარებისთვის“ მადლობა გადაუხადა .
”შეხვედრაზე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისთვის დახმარების აღმოჩენისა და აფხაზეთის მოსახლეობის ვაქცინაციის საკითხები განიხილეს. მანამდე აფხაზეთმა რუსეთს ვაქცინის მიწოდება სთხოვა. აფხაზეთში ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება, ”- აცხადებენ ბჟანიას პრესსამსახურში.

























